გარეუბნების ვიწრო ქუჩებს სამრეკლოს ზარების ნაღვლიანი, ჰაეროვანი „ქეთლინი“ ეფინება, მე კი მორიგი ლოთობის მერე დათრგუნული და მოღუშული ვიღვიძებ და თავბედს ვიწყევლი, თავბედს ვიწყევლი ყველაზე მეტად იმიტომ, რომ სან ფრანსისკოში საიდუმლოდ დაბრუნების გეგმა ჩავაფლავე - სულელურად დავთვერი ბულვარზე მაწანწალებთან მოყუჩებული, მერე კი პირდაპირ ნორტ ბიჩისკენ დავაწექი ხალხის სანახავად, თუმცა მანამდე მე და ლორენცო მონსანტომ გრძელი წერილები გავცვალეთ და მთელი გეგმები დავაწყვეთ, როგორ ჩავიდოდი უჩუმრად, დავურეკავდი და თან კოდურ სახელს გამოვიყენებდი - ადამ იალჩს ან ლალაჯი პალვერტაფტს (ესენიც მწერლები არიან). ლორენცო საიდუმლოდ წამიყვანდა თავის ქოხში, დიდი სურის ტყეში, სადაც მარტო დავრჩებოდი და მთელი ექვსი კვირა არავინ შემაწუხებდა - ჩემთვის შეშას დავჩეხდი, წყალს მოვიტანდი, დავწერდი, ვიძინებდი, ვისეირნებდი და ასე შემდეგ.
ამის ნაცვლად პირდაპირ შაბათ ღამის აურზაურში მთვრალი შევვარდი მონსანტოს წიგნის ფარდულში „სითი ლაითსში“ და ყველამ მიცნო (თუმცა ჩემი კამუფლაჟი - მეთევზის წყალგაუმტარი შარვალი და პალტო მეცვა და მეთევზის ქუდი მეხურა). მერე ყველაფერი ბობოქარი დროსტარებით მთავრდება ყველა ნაცნობ ბარში - წყეული „ბიტნიკების მეფე“ დაბრუნდა და ყველას ეპატიჟება გადასაკრავად - და ასე ორი დღე-ღამე. კვირის ჩათვლით, როცა ლორენცოს გარეუბანში ჩემი „საიდუმლო“ სასტუმროდან („მარსი“, მეოთხისა და ჰოვარდის კუთხეში) უნდა წავეყვანე, მაგრამ როცა რეკავს და არავინ პასუხობს, მოსამსახურეს კარის გაღებას აიძულებს და სხვას რას ხედავს თუ არა - მე, იატაკზე ბოთლებს შორის რომ ვგორაობ, ბენ ფაგანი სანახევროდ საწოლის ქვეშაა გაწოლილი, ლოგინზე კი ბიტნიკი მხატვარი რობერტ ბრაუნინგი ხვრინავს - ჰოდა, ლორენცოც თავისთვის ამბობს: „შემდეგ უქმეებზე გამოვუვლი, ალბათ ერთი კვირა მაინც უნდა ქალაქში ილოთოსო (მგონი, როგორც ყოველთვისო)“; აი, ასე მიემგზავრება დიდი სურის ქოხში უჩემოდ და ფიქრობს სწორად მოვიქეციო მაგრამ ღმერთო ჩემო როცა ვიღვიძებ, ბენი და ბრაუნინგი კი უკვე წასულები არიან, მანამდე კი როგორღაც მოახერხეს ჩემი საწოლზე ათრევა, და მესმის „წაგიყვან ისევ შინ, ქეთლინ“ ასე ნაღვლიანად რომ რეკენ ზარები იქ, ნისლიან ქარში, ბებერი, შემაძრწუნებელი, ნაბახუსევი ფრისკოს სახურავებზე რომ დაქრის, აი სად გავები - ლოგინიდან ვერ ვდგები, რომ თავი ტყეს შევაფარო, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ერთი წუთით მაინც დავრჩე ქალაქში - სახლს (დედაჩემის სახლს) პირველად დავაღწიე თავი „გზის“ გამოსვლის მერე, წიგნის, რომელმაც „აღიარება მომიტანა“ და თანაც ისეთი, რომ მესამე წელია ჭკუიდან გადავყავარ გაუთავებელ ტელეგრამებს, ტელეფონის ზარებს, თხოვნებს, წერილებს, მნახველებს, რეპორტიორებს, ცნობისმოყვარეებს („დაკავებული ხართ?“ - გამყივანი ხმა ჩემი ნახევარსარდაფის ფანჯარაში, როცა მოთხრობის დასაწერად ვემზადები) ან იმ მომენტებს, როცა რეპორტიორი ჩემს საძინებელში ამორბის, ამ დროს კი მე პიჟამით ვზივარ და სიზმრის ქაღალდზე გადმოტანას ვცდილობ;