ნაწილი
პირველი - 1
პირველად დინს რომ შევხვდი, ცოლს ცოტა ხნის გაშორებული ვიყავი. მძიმე ავადმყოფობაც ახალი გადატანილი მქონდა, ოღონდ ახლა ამაზე ლაპარაკით თავს არც შევიწუხებ, მხოლოდ ის მინდა აღვნიშნო, რაც გარკვეულწილად იმ უბედურ განქორწინებას და ჩემს უგუნებობას უკავშირდება. დინ მორიარტის გამოჩენასთან ერთად, შეიძლება ითქვას, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი – ცხოვრება გზაზე. მანამდეც ბევრჯერ მიფიქრია დასავლეთისკენ გამგზავრებაზე, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. დინი ზედგამოჭრილი კაცია გზაზე სახეტიალოდ, შეიძლება იმიტომაც, რომ გზაზე დაიბადა, როცა 1926 წელს, თავიანთი დანჯღრეული მანქანით ლოს-ანჯელესისკენ მიმავალი მისი მშობლები სოლთ-ლეიქ-სითიში შეჩერდნენ. დინის შესახებ პირველად ჩად კინგისგან შევიტყვე. ჩადმა ნიუ-მექსიკოს გამოსასწორებელი კოლონიიდან გამოგზავნილი დინის წერილებიც მაჩვენა. წავიკითხე და დინის გულუბრყვილობამ და სენტიმენტალურობამ ძალიან დიდი ინტერესი გამიჩინა მის მიმართ – ჩადს სთხოვდა, ესწავლებინა, თუკი რამე იცოდა ნიცშესა და, საერთოდ, იმ გასაოცარი, ინტელექტუალური ამბების შესახებ. ერთხელ მე და კარლომ დიდხანს ვისაუბრეთ დინის წერილებზე და ვამბობდით, ნეტა ოდესმე თუ გავიცნობთ კიდეცო. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა დინი სულ სხვა, ციხიდან ახლად გამოსული და საიდუმლოებით მოცული ტიპი იყო. მერე შევიტყვეთ, კოლონიიდან გამოეშვათ და ჩამოსვლას აპირებდა ნიუ-იორკში, სადაც მანამდე ნამყოფი არ იყო; რაღაც ხმებიც მოგვივიდა, თითქოს გოგონა, სახელად მერილუ, შეირთო ცოლად.
ერთხელაც, კამპუსში რომ დავეხეტებოდი, ჩადმა და ტიმ გრეიმ მითხრეს, დინი ერთ მოუწყობელ ბინაში გაჩერებულა სადღაც აღმოსავლეთ ჰარლემის ესპანურ კვარტალში და თან თავისი მშვენიერი და ჭკუადამჯდარი მერილუ ახლავსო. ნიუ-იორკში წინა დღით ჩამოსულიყვნენ. საქალაქთაშორისო ავტობუს „გრეიჰაუნდიდან” 50-ე ქუჩაზე გადმოვიდნენ თუ არა, ადგილის ძებნა დაიწყეს, რომ რამე ეჭამათ. პირდაპირ „ჰექტორსის” კაფეტერიას მიადგნენ და, მგონი, იმ დღიდან ეს კაფეტერიები დინისთვის ნიუ-იორკის სიმბოლოდ იქცა. კარგადაც დახარჯულა ლამაზ, შოკოლადმოსხმულ ნამცხვრებზე და ათქვეფილ ნაღებზე.
კაფეტერიაში ყოფნისას, დინი მერილუს ალბათ ჩასჩიჩინებდა:
– ძვირფასო, ახლა უკვე ნიუ-იორკში ვართ და მინდა გითხრა ის, რაც აქამდე ვერ გითხარი და რაზედაც მთელი გზა ვფიქრობდი, როცა მისურის ვკვეთდით, ან განსაკუთრებით, როცა კოლონია „ბუნვილს” ჩავუარეთ, რომელმაც ციხის ამბები მომაგონა. ახლა, აუცილებელია დავივიწყოთ და გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, რასაც აქამდე ვიყავით მიჩვეული და დაუყოვნებლივ შევუდგეთ კონკრეტული საქმეების დაგეგმვაზე ფიქრს... აი, როგორ მსჯელობდა იმ დღეებში დინი.
როცა ბიჭებთან ერთად დინს მივადექი, შორტების ამარა შემოგვეგება. მერილუ ტახტიდან წამოხტა; როგორც ჩანს, დინმა სახლის პატრონს სამზარეულოში ყავის მოდუღება სთხოვა, თვითონ კი სიყვარულით იყო გართული. დინისთვის სექსი ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა რამ იყო ამქვეყნად, მიუხედავად იმისა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად ბევრი უსიამოვნების გადატანა და ოფლის ღვრა უხდებოდა. დინი, ერთი შეხედვით, ახალგაზრდა მოკრივეს ჰგავდა, მწვრთნელის რჩევას ყურადღებით რომ უსმენს თავდახრილი და ყოველ წუთს „დიახს” და „გასაგებიას” იმეორებს. რაღაცით ახალგაზრდა ჯინ ოტრისაც მივამსგავსე – მოწესრიგებულს, ვიწროთეძოებიანს, ცისფერთვალას. მოკლედ, ოკლაჰომური აქცენტითა და ბაკენბარდებით ნამდვილი თოვლიანი დასავლეთის გმირი იყო. ისე, სანამ მერილუს ცოლად შეირთავდა და აღმოსავლეთისკენ გამოეშურებოდა, კოლორადოში ედ უოლის რანჩოშიც ემუშავა.
ოქროსკულულებიანი მშვენიერი მერილუ ტახტის კიდეზე ჩამომჯდარიყო და ლამაზი სოფლელი გოგოს თვალებით რაღაცას მიშტერებოდა. ახლა ნაცრისფერ და ულმობელ ნიუ-იორკში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რომელზედაც დასავლეთში ბევრი რამ სმენოდა. იჯდა, თითქოს რაღაცის მოლოდინში, როგორც მოდილიანის სიურრეალისტური, გადაღლილი ქალი, უცნაურად ტანწაგრძელებული. ერთი შეხედვით გულმისასვლელი გოგონა ბევრი სისულელის და სისაძაგლის ჩამდენიც გახლდათ. იმ საღამოს ლუდით გამოვთვერით, ბევრი ვიყბედეთ და ვიხორხოცეთ. გამთენიისას, როცა უღიმღამო დილის სხივმა შემოანათა, ჩვენ კი არაქათგამოცლილები ისევ მაგიდას ვუსხედით და სავსე საფერფლეში ნამწვებს ვეძებდით, მოულოდნელად, დინი მკვირცხლად წამოხტა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. დადიოდა და ფიქრობდა, მერილუსთვის საუზმის მომზადება და იატაკის გამოგვა როდის დაევალებინა.
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიდი, გაინძერი, ძვირფასო, ასე არაფერი გამოგვივა, ვერც ჭეშმარიტ ცოდნას ვეზიარებით და ვერც ჩვენს გეგმებს შევასხამთ ხორცს.
აი, მაშინ იქაურობა დავტოვე.
მომდევნო კვირას დინმა ჩადს გაუმხილა, ძალიან მინდა, წერა ვისწავლოო და დახმარება სთხოვა. ჩადმა რჩევისთვის ჩემთან გამოუშვა, უთხრა, თუ ჩვენს წრეში რომელიმეს მწერალი ეთქმის, ის კაციაო. ამასობაში დინმა ავტოსადგომზე სამსახური იშოვა და მერილუსაც წაეჩხუბა. მერილუ ისე გაბრაზდა, შურის საძიებლად პოლიციაში დარეკა და რაღაც გიჟური ცრუ ჩვენება მისცა დინის წინააღმდეგ. დინს სასწრაფოდ ჰობოკენის ბინის – ღმერთმა უწყის, საერთოდ რა უნდოდა იქ – დაცლა და დატოვება მოუხდა. ასე რომ, დინი უსახლკაროდ დარჩა. პირდაპირ ნიუ-ჯერსიში მომადგა, სადაც მამიდასთან ერთად ვცხოვრობდი.