ერთი
მახსოვს, ოღონდ არეულად:
- შუშის ბრჭყვიალი მაჯის შიდა მხარეზე;
- სამზარეულოს ნიჟარაში სიცილ-სიცილით ჩაგდებული ცხელი ტაფა და ნიჟარიდან შიშინით ამოვარდნილი ორთქლი;
- სპერმის ლეკერტების ბზრიალ-ტრიალი სადინარში, ვიდრე ქვევით დაუყვებოდნენ საკანალიზაციო მილს;
- რატომღაც აღმა დაძრული, ქაფიან ტალღად აზვირთებული, ათიოდე ჩირაღდნის მთრთოლვარე შუქით განათებული მდინარე;
- მეორე მდინარე, ბევრად ფართო და რუხი, რომლის დინების მიმართულებასაც ქაჯი ვერ გაარკვევდა, ისე უფორიაქებდა ზედაპირს გიჟმაჟი ქარი;
- ჩაკეტილ კარს მიღმა, აბაზანაში უკვე კარგა ხნის წინ გაცივებული წყალი.
ჩვენში დარჩეს და, ეს ბოლო სურათი საკუთარი თვალით არც მინახავს. მაგრამ ვითომ მარტო ის გვამახსოვრდება, რასაც პირადად შევსწრებივართ?!
* * * ყველანი დროში ვცხოვრობთ - ის გვაწრთობს და გვაყალიბებს - თუმცა არასდროს მგონებია, დროის არსი კარგად მესმის-მეთქი. არა, იმ თეორიებს არ ვგულისხმობ, როგორ დადის წრე-წრე და როგორ უბრუნდება უკან საკუთარსავე ნაკვალევს; ან როგორ შეიძლება სადმე სხვაგანაც, პარალელურ სინამდვილეებშიც არსებობდეს... ჩვეულებრივ, ყოველდღიურ დროზე ვლაპარაკობ, რომლის მუდმივ სვლასაც კედლის თუ მაჯის საათები გვიდასტურებენ: ბომ-ბომ, წიკ-წიკ. არის ვითომ რამე, წამის ისარზე უფრო ურჩი და ჯიუტი? არადა, მხოლოდ უმცირესი სიხარული ან ტკივილი თუ გვასწავლის, რამდენად დამყოლია დრო. ზოგი განცდა აჩქარებს, სხვა, პირიქით, აუტანლად ანელებს; ხანდახან თითქოს საერთოდ იკარგება - იმ უკანასკნელ წუთამდე, როცა მართლა ქრება და აღარასოდეს გიბრუნდება. ჩემი მოწაფეობის ხანა დიდად არ მაღელვებს და არც ნოსტალგიის მსგავსს განვიცდი რამეს იმ დროის გახსენებისას. მაგრამ დაწყებით ყველაფერი სკოლაში დაიწყო და ამიტომ, გაკვრით მაინც უნდა ვახსენო რამდენიმე შემთხვევა, რომლებმაც მართლა საკვანძო მნიშვნელობა შეიძინეს და ერთი-ორი ბუნდოვანი მოგონებაც უნდა გავაცოცხლო, რასაც იმავე დრომ უტყუარობის დაღი დაამჩნია. თუკი უკვე დარწმუნებით ვეღარ ვმიჯნავ ტყუილ-მართალს, ის მაინც შემიძლია, შემორჩენილი შთაბეჭდილებების სიწრფელეზე დავდო თავი. მეტს ნურც მომთხოვთ.
სამნი ვიყავით და მეოთხედ ის შემოგვემატა, თუმცა მატებას სულაც არ ველოდით: დაახლოება-დაძმაკაცება კარგა ხნის წინ მოთავდა. უკვე იმაზე ვფიქრობდით, როგორ დავაღწევდით თავს სკოლას და ნამდვილ ცხოვრებაში შევაბიჯებდით. ედრიენ ფინი ერქვა, მაღალი, ცოტა მორცხვი ბიჭი იყო; თავიდან ყველას თვალს გვარიდებდა და არც ვინმესთვის გულის გადაშლას აპირებდა. პირველი ერთი-ორი დღე ჩვენც თითქმის არ ვიმჩნევდით; საერთოდაც, სკოლაში ახალმოსულთა გულმხურვალედ მიღების ცერემონია წესად არ გვქონია, მით უმეტეს - არც მკაცრი, სადამსჯელო გაცნობა-გამოცდა. უბრალოდ, მის გამოჩენას მშვიდად შევეგუეთ და სხვა დანარჩენი უკვე დროს მივანდეთ.
აი, მასწავლებლები უფრო შეფუცხუნებულები ჩანდნენ. ერთი სული ჰქონდათ დაედგინათ, რა ჭკუა-გონების პატრონი იყო, რამდენად წესიერი და მოწესრიგებული. თავიდანვე მოინდომეს გაერკვიათ, ადრე, სხვა სკოლაში რა ესწავლებინათ მისთვის, თან რამდენად საფუძვლიანად - უკვე ჩვენთანაც რომ მოეხერხებინა მასალის სათანადოდ ათვისება... მოკლედ, საშემოდგომო სემესტრი სულ სამი დღის დაწყებული იყო და ისტორიის გაკვეთილზე ვისხედით. ისტორიას თავის შარვალ-კოსტუმ-ჟილეტში საგულდაგულოდ გამოწკეპილი, უჯიგრესი ჯო ჰანტი გვასწავლიდა, ვისთვისაც კლასში წესრიგის დამყარება საკმარისი, ოღონდ არა წრეგადასული მოწყენილობის შენარჩუნებას გულისხმობდა.
„გახსოვთ ალბათ, არდადეგების დაწყებამდე გთხოვეთ, წინდაწინვე წაგეკითხათ რაღაც-რაღაცები ჰენრი მერვის მეფობასთან დაკავშირებით“. კოლინმა, ალექსმა და მე სწრაფად გადავხედეთ ერთმანეთს - იმის იმედით, ეგებ ალალბედზე ნასროლი ეს შეკითვა მაინცდამაინც რომელიმე ჩვენგანს არ გამოედოს მეთევზის ანკესივითო. „აბა, ვინ შემოგვთავაზებს იმ ეპოქის დახასიათებას?“ ისეთი მონდომებით ვარიდებდით მზერას, ეტყობა, ჩვენვე ვუკარნახეთ სათანადო არჩევანი: „კეთილი, იქნებ თქვენ, მარშალ? როგორ აღწერდით ჰენრი მერვის მეფობის ხანას?“
შვების განცდამ ბევრად გადააჭარბა ცნობისმოყვარეობას - მარშალი მართლაც იშვიათად უმეცარი ვინმე გახლდათ, ჭეშმარიტი უვიცისათვის დამახასიათებელი გამომგონებლობის მცირეოდენ უნარსაც კი სრულად მოკლებული. შეკითხვაში, ცხადია, ჯერ ფარულ მახეებს დაუწყო ძებნა, მაგრამ რომ ვერ მიაგნო, ბოლო-ბოლო, ამოღერღა:
„შფოთვა იყო ქვეყანაში, სერ“.
კლასში ვითომ შეკავებული, ერთობ ბრიყვული ხითხითი ატყდა. ის კი არა, ლამის თვითონ ჰანტსაც ჩაეღიმა:
„იქნებ პატივი დაგვდოთ და ცოტა უფრო ნათლად განგვიმარტოთ“.
მარშალმა მძიმე-მძიმედ დაიქნია თავი, შედარებით მეტხანსაც იფიქრა და ეტყობა, დაასკვნა, ახლა ზედმეტი სიფრთხილის დრო აღარააო: „მე ვიტყოდი, დიდი შფოთვა-მეთქი, სერ“.
„თქვენ რას გვეტყვით, ფინ? ეს ხანა ნასწავლი გაქვთ?“
ახალგადმოსული ბიჭი წინა რიგში, ჩემგან მარცხნივ იჯდა. მარშალის სისულელეებზე აშკარად არაფერი გამოუხატავს.
„სამწუხაროდ, არა, სერ. მაგრამ არსებობს ზოგადი ხედვა, რის მიხედვითაც ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაზე - მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბზე - დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, უთუოდ რაღაც მოხდაო“.
„ნუთუ?! ამგვარმა ხედვამ ეგებ უმუშევარიც დამტოვოს, ჰა?“ ხანმოკლე ქირქილის შემდეგ