1 -
ფლობერის თუთიყუში როდესაც მეგობრის ბიოგრაფიას წერ, ისე უნდა წერო,
თითქოს მის გამო შურისძიება გინდოდეს.
გუსტავ ფლობერი, წერილი ერნესტ ფეიდოს, 1872
ექვსი ჩრდილოაფრიკელი boule-ს თამაშობდა ფლობერის ქანდაკებასთან. მანქანებით გაჭედილი ქუჩის ხმაურში დროდადრო იჭრებოდა ბურთულების წკრიალა, მჟღერი ხმა. ყავისფერმა ხელმა ერთხელაც დაატრიალა თითისწვერებში ვერცხლისფერი ბურთულა და მოისროლა. ისიც მიწაზე დაენარცხა, მერე მძიმედ გაგორდა და ნელა გაკლაკნა ზოლი მტვრიან ასფალტზე. მტყორცნელი მოხდენილი ქანდაკებასავით გაქვავდა: მუხლები - ოდნავ მოხრილი, მარჯვენა ხელი - ხალისიანად გაწვდილი. თვალში მომხვდა თეთრი პერანგის აკაპიწებული სახელო, შიშველი მკლავი და ციცქნა ლაქა მაჯაზე. საათი ან სვირინგი კი არ იყო, როგორც თავიდან მეგონა, არამედ ფერადი, გადასაყვანი სურათი: რომელიღაც ბრძენი პოლიტიკოსი, უდაბნოში დიდ პატივს რომ სცემდნენ.
ნება მიბოძეთ, იმ ქანდაკებით დავიწყო, თავზე რომ წამოსდგომოდათ - უცვლელი, უსახური ქანდაკებით, რომელსაც ჩამოღვენთილი სპილენძის ზოლები ცრემლებივით სდის. მოშვებული ჰალსტუხი, ოთხკუთხა ჟილეტი, ტომარასავით შარვალი, გაბურძგნული ულვაში, უნდო, უგულისყურო, დაღვრემილი სახე. ფლობერი შენს მზერას არ პასუხობს. კარმის მოედნიდან სამხრეთით იცქირება - ტაძრისკენ, იმ ქალაქის მიღმა, რომელსაც ტუჩს უბზუებდა, და რომელიც, თავის მხრივ, არაფრად აგდებდა. თავი ხაზგასმით მაღლა უჭირავს: მთელი სიგრძე-სიგანით მხოლოდ მტრედები თუ ხედავენ მწერლის სიქაჩლეს.
ეს ქანდაკება ორიგინალი არ არის. პირველი ფლობერი 1941 წელს წაიღეს გერმანელებმა - მესრებსა და კარებზე დაკიდებულ ჩაქუჩებს გააყოლეს. ალბათ კოკარდებად გადაადნეს. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში კვარცხლბეკი ცარიელი იდგა. მერე ქანდაკებების მოტრფიალე რუანის მერმა ხელახლა აღმოაჩინა თავდაპირველი თაბაშირის ტვიფარი, ერთ რუსს, ლეოპოლდ ბერნსტამს რომ გაეკეთებინა, ქალაქის საბჭომ კი ახალი ქანდაკების დადგმის იდეა მოიწონა. რუანმა რიგიანი ლითონის ქანდაკება იყიდა - 93% სპილენძი და 7% კალა. ჩამომსხმელი რუდიე შატილიონ-სუ-ბანიოდან დაბეჯითებით აცხადებდა, ასეთი ნაზავი გარანტიაა კოროზიის წინააღმდეგო. ამ პროექტში კიდევ ორი ქალაქი მონაწილეობდა - ტრუვილი და ბარენტენი; ჰოდა, ქვის ქანდაკებები ერგოთ. ესენი ნაკლებად გამძლე გამოდგა. ტრუვილში ფლობერს თეძო დასაკერებელი გაუხდა, ულვაშის ნაწილები ჩამოსცვივდა და ზედა ტუჩზე კარკასის მავთულები ისე გამოეჩარა, თითქოს ბეტონის კუნძს ყლორტები გამოუვიდაო.
შესაძლოა, ჩამომსხმელთა სიტყვა დასაჯერებელი იყოს; შესაძლოა, ამ მეორადმა ქანდაკებამ დიდხანს გაძლოს. მაგრამ მე რაღაც არ მჯერა ეგ ამბავი. რაც ფლობერს უკავშირდებოდა, დიდხანს არაფერი გაგრძელებულა. ას წელზე ცოტა მეტი გავიდა მწერლის გარდაცვალებიდან და ფურცლების გარდა არაფერი დარჩენია. ქაღალდი, იდეები, ფრაზები, მეტაფორები, სტრუქტურული პროზა, რომელიც ბგერად იქცევა. რასაკვირველია, თვითონაც ასე ისურვებდა; მხოლოდ სენტიმენტებს აყოლილი თაყვანისმცემლები ბუზღუნებენ უკმაყოფილების ნიშნად. მწერლის სიკვდილის მერე მალევე დაანგრიეს მისი სახლი კრუასეში. იმ ადგილას უვარგისი ხორბლისგან ალკოჰოლის სახდელი ქარხანა ააშენეს. არც მისი გამოსახულების თავიდან მოშორება იქნებოდა ძნელი საქმე: თუკი ერთ მერს ქანდაკებები უყვარს და დგამს, მეორე - ვინმე წიგნიერი პარტიული აქტივისტი, ვისაც ფლობერის შესახებ სარტრის ნაწერისთვის გადაუვლია თვალი - თავგამოდებით ცდილობს, მწერლის ძეგლი ჩამოაგდოს.
ქანდაკებით ვიწყებ, რადგან მთელი პროექტი სწორედ იქ დავიწყე. რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ. გამოსახულება, სახე, ხელმოწერა, 93%-იანი სპილენძის ქანდაკება და ნადარის ფოტოგრაფია, ტანსაცმლის ნაკუწი და თმის კულული. რატომ ვგიჟდებით რელიკვიებზე? სიტყვების ბოლომდე არ გვჯერა? გვგონია, რომ გაუმჟღავნებელი სიმართლე ცხოვრების წვრილმანებში იმალება? როცა რობერტ ლუის სტივენსონი გარდაიცვალა, მისმა ფხიანმა შოტლანდიელმა ძიძამ ჩუმად თმის გაყიდვა დაიწყო. ამტკიცებდა, მწერალს ორმოცი წლის წინ მოვჭერიო. მიამიტებმა, მაძიებლებმა, მდევნელებმა იმდენი იყიდეს, რომ ერთი დივანი გაიტენებოდა.
გადავწყვიტე, კრუასე ბოლოსთვის შემომენახა. რუანში ხუთი დღით ვიყავი ჩასული. ბავშვური ინსტინქტით, საუკეთესოს დღემდე ბოლოსთვის ვიტოვებ ხოლმე. იქნებ მწერლებზეც იგივე იმპულსი მოქმედებს? გადადე, გადადე, საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა? თუ ასეა, რა მიმზიდველი უნდა იყოს დაუმთავრებელი წიგნები. ერთი-ორი დაუფიქრებლად გახსენდება: „ბუვარი და პეკიუშე“ - ფლობერი ესწრაფვოდა, ამ წიგნში მოექცია და გაეკიცხა მთელი სამყარო, ადამიანის ძალისხმევა, ადამიანის მანკიერება; და „ოჯახის იდიოტი“ - სარტრი ესწრაფვოდა, ამ წიგნში თავად ფლობერი მოექცია; დაემცირებინა დიდი მწერალი, დიდი ბურჟუა - ძრწოლისმომგვრელი ადამიანი, მტერი და ბრძენი. პირველი პროექტი ინსულტმა შეწყვიტა, მეორე სიბრმავემ შეკვეცა.
ერთხანს წიგნების წერაზე ვფიქრობდი. იდეები მქონდა, ჩანაწერებსაც კი ვაკეთებდი. მაგრამ ექიმი ვიყავი, ცოლ-შვილიანი. ადამიანს კარგად მარტო ერთი რამის კეთება შეუძლია - ფლობერმა ეს