პირველი ნაწილი ინგლისი - სულ პირველი რა გაგონდებაო? - ეკითხებოდნენ ხოლმე, და ისიც პასუხობდა, არ მახსოვსო…
უმეტესობა ამას უნიათობად უთვლიდა, თუმცა თითო-ოროლა ისეთიც გამოერეოდა ხოლმე, ამგვარ პასუხში შეფარული ეშმაკობა რომ ეჩვენებოდა. არადა, თავადაც მართლა ასე სჯეროდა.
- ვიცით, რასაც გულისხმობ, - ეუბნებოდნენ ყველაფრის ახსნისა თუ გამარტივებისათვის მზადმყოფი კეთილმოსურნეები, - პირველი მოგონების მიღმა მუდამ იმალება ხოლმე ერთი ისეთი, ვერაფრით რომ ვერ გააცოცხლებ…
თუმცა, არა, თვითონ ამას არ გულისხმობდა. მისი პირველი მოგონება არც პირველ თვიურს უკავშირდებოდა, არც პირველ შეყვარებულს, არც პირველ კოცნას, არც ქალიშვილობასთან გამოთხოვებას, არც პირველ ქორწინებას, არც პირველი შვილის გაჩენას, არც მშობლის სიკვდილს და არც სასოწარკვეთის პირველ უეცარ განცდას - მოკლედ, არაფერს ზემოთ ჩამოთვლილთაგან. ეს არ გახლდათ მყარი, წონადი რამ, რასაც დრო თავისებურად ჯიუტად, დამცინავად, ზოგჯერ რაღაც თვალისმომჭრელი სამშვენისებით მორთავს ხოლმე: ნისლის თხელი ნაფლეთით, საავდრო ღრუბლითა თუ დიადემით - ოღონდ ვერასოდეს კი ვერ ამოაგდებს სათვალავიდან. მოგონება იმთავითვე არ გახლავთ საგანი - ის უბრალოდ… ხსოვნაა. დღეის გადასახედიდან - ცოტა ადრინდელის, მანამდელის, ან უკვე კარგა ხნის წინ გარდასულის თაობაზე. ასე იმახსოვრებს ხალხი მკაფიოდ ვიღაცის სახეს, ვიღაცის კალთას, ახლად ამწვანებულ მდელოს, ძაღლს, დიდედას, ნაჭრის ტიკინის ღეჭვით დამბალ ყურს… ახსოვთ თავიანთი საბავშვო ეტლი, ამ ეტლიდან დანახული მიდამოც და ამავე ეტლიდან გადმოვარდნაც; თავის მირტყმა ყვავილების ქოთანზე, უფროს ძმას საგანგებოდ რომ ამოეყირავებინა, რათა ზედ შემდგარს, უკეთ შეეთვალიერებინა მავანი ახალმოსულები (თუმცა, მრავალი წლის შემდეგ, ეჭვიც გაუჩნდებოდათ - ეგებ იმ ჩემმა ძმამ მძინარე გამომაღვიძა და თავიც ძალით მიმარტყმევინა ქოთანზე, პირველყოფილი ძმური მრისხანებით შეპყრობილმაო). ადამიანებს ეს ყოველივე მტკიცედ, ერთმნიშვნელოვნად ჩარჩენიათ ხსოვნაში, ოღონდ ვინ იცის - სხვათა მონათხრობის წყალობით, მდიდარი წარმოსახვის კარნახითა თუ ვინმეს შეგნებული მცდელობით - შიგ გულში წაავლონ მსმენელს ორი თითი და ისე მაგრად მოუწურონ, სიყვარულით ჩაულურჯონ კიდეც. თუმცა თავად მას არანაირი მიზეზისა თუ განზრახვის არ სწამდა: მართა კოკრინს ცხოვრების გრძელი გზა გამოევლო და მთელი ამ ხნის მანძილზე ვერასოდეს გადასწყდომოდა იმგვარ პირველ მოგონებას, რაც, მისი აზრით, მართლა პირველი იქნებოდა.
თავადაც ამიტომ ცრუობდა.
ასე ამბობდა, სულ-სულ პირველი ის მახსოვს, როგორ ვზივარ სამზარეულოს ჭილოფდაფენილ იატაკზე და ნახვრეტში კოვზს ვჩრი, რისთვისაც ქეჩოში წამითაქებენ, თავს კი მაინც სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ, რადგან ჩემს ზურგს უკან დედაჩემი ღიღინებს თავისთვისო. სულ ასე ღიღინებდა, როცა კი სამზარეულოში დაფუსფუსებდა და თან ისეთ სიმღერებს, რომლებსაც მართა სხვა დროს ყურსაც არ მიუგდებდა. დღესაც, როცა რადიოში ან „შენ ხარ, რაც ხარ“ ან „მდინარესთან გელოდები“, ანდა „დღე და ღამე“ ესმის ხოლმე, უეცრად ცხვირში ჭინჭრის წვნიანისა თუ მოხრაკული ხახვის სუნი სცემს… განა უცნაური არაა? კიდევ ერთი სიმღერაც იყო ასეთი - „სიყვარულზე უცნაური არაფერია“, რაც მუდამ გაფცქვნილ-გაწურული ფორთოხლის გემოს უცოცხლებდა. მოკლედ, იმ ჭილოფზე მთელი ინგლისის საგრაფოების ასაწყობი თავსატეხის ნატეხები მიმოეფანტათ და დედაც ხელს წაუკრავდა ხოლმე - ზღვისა და მიწის საზღვრების შეკოწიწებაში ეხმარებოდა, მას კი ასაწყობად ისღა დარჩენოდა, ზედ კორნუოლიც მიება, რომელსაც ახლა სკამზე მჯდარ ბებრუხანას ამსგავსებდა. რაღა თქმა უნდა, ჯერ სიტყვაც არ ეცოდინებოდა ასეთი - „კორნუოლი“, და ხომ იცით, ბავშვებს როგორ სურთ, იოლად გამოძვრნენ - ძალით შეაკოწიწონ ნარჩენები, პირველსავე ნაგლეჯს წაავლებენ ხელს და ჯიუტად ცდილობენ, სიცარიელე იმით ამოავსონ. ეტყობა, მანაც ლანკაშირი ჩაბღუჯა და გულით მოინდომა, კორნუოლობა გაეწევინებინა მისთვის…
კი, სწორედ ეს გახლდათ მისი პირველი მოგონებაცა და პირველი შელამაზებული, უბოროტოდ გამოგონილი ტყუილიც. მერე ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე ვიღაც სხვაც, ვისაც ბავშვობაში ისეთივე სათამაშო თავსატეხი ჰქონია და მაშინ დიდი დავა-კამათი იწყებოდა იმის თაობაზე, თუ რით უნდა დაწყებულიყო ნახევარკუნძულის შეკოწიწება. ჩვეულებრივ, ასეთად კორნუოლი მიიჩნეოდა, თუმცა ზოგჯერ - ჰემფშირიც, რაკი მას უაითის კუნძულიც ზედ ერთვოდა, ზღვაში იყო შეჭრილი და იოლად ჯდებოდა კიდეც მისთვის განკუთვნილ ფოსოში. თუ კორნუოლი და ჰემფშირი არა, მაშინ უკვე აღმოსავლეთ ანგლეთი, რადგან ნორფოლკი და საფოლკი და-ძმასავით შეწყვილებოდნენ ერთურთს, ანდა ცოლ-ქმარივით ჩახუტებოდნენ, ანდა სულაც ნიგვზის ორი ლებანივით მიწებებოდნენ ერთმანეთს. მერე კენტის საგრაფოც გამოჩნდებოდა, რომელსაც თითი თუ სულაც ცხვირი გამაფრთხილებლად მიეშვირა კონტინენტისკენ: ჭკუით იყავით, მანდაურო უცხოტომელებოო… ოქსფორდშირი გოლფის ჯოხს უღერებდა ბაკინგემშირს და მშრალზე ტოვებდა ბერკშირს. ნოტინგემშირი და დერბიშირი მიჯრით მიწყობილ სტაფილოებსა თუ ფიჭვის გირჩებს წააგავდნენ; კარდიგანი კი ზღვის ლომივით სლიკინა და გლუვი ჩანდა. ამ მშვიდი დავა-კამათისას იმასაც იხსენებდნენ, რომ