1 -
უბილეთოდ დამგზავრებული ბეჰემოთები მარტორქებთან, ჰიპოპოტამებთან და სპილოებთან ერთად გაამწესეს ქვედა ნაკვეთურებში. თავისთავად, არცთუ ცუდი აზრი იყო - ბალასტად გამოეყენებინათ ეს მძიმეწონოსნები, ოღონდ რა სიმყრალეც იდგებოდა იქ, ამის წარმოდგენა უკვე თქვენთვის მომინდვია. და არც ამ თავლების გამომწმენდი იყო ვინმე - კაცები მარტო მათ ჭმევას უნდებოდნენ, სუნამოდაპკურებული ქალები კიდე (ეჭვი არაა, სინამდვილეში რომ ისევე ყარდნენ, როგორც თავად ჩვენ), ამისთანა ბინძური საქმის კეთებაზე ცხვირს იბზუებდნენ. ასე და ამგვარად, როცა ვითარება მთლად გაუსაძლისი ხდებოდა, ისევ ჩვენ და ჩვენნაირებს გვიწევდა ამაზე ზრუნვა. მოკლედ, ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ, ოწინარით წევდნენ მძიმე სარქველს და იქ ჩიტ-მწმენდავებს მიუშვებდნენ ხოლმე. ოღონდ ყროლის პირველ ტალღას ყველა ერიდებოდა და საკუთარი ნებით არცთუ ბევრი თანხმდებოდა, თუნდაც ამწევი თოკები დაექაჩა. მერე კი 4-5 წყვილი ყველაზე ნაკლებ გულაზიზი ფრთოსანი ჯერ ირაოს შეკრავდა ხოლმე პირღია ქვესკნელის თავზე და მერეღა თუ დაყვინავდნენ შიგ. რა ერქვათ, ახლა აღარც მახსენდება და მათგან ორი თუ სამი სახეობა უკვე რა ხანია, გადაშენდა კიდეც, მაგრამ ხომ ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ - განა არ გინახავთ ხახადაფჩენილი ჰიპოები, ჭრელა-ჭრულა პაწია ჩიტები რომ ჭკუასგადასული კბილის ექიმებივით უძვრებიან შიგ? ახლა ეს სურათი გაადიდეთ და ჭანჭრობივით ოხრად ფუნა დაუმატეთ ზედ - აი, ეგ იყო. დიდად მგრძნობიარე არც თავად გახლავართ, მაგრამ მეც კი მაჟრჟოლებდა, სიბნელისაგან ნახევრად თვალდავსებულ თუ დაბადებით ახლომხედველ ურჩხულებს, ღვართა ამ შესაკრებელში ამგვარად რომ შეალამაზებდნენ ხოლმე.
კიდობანზე უმკაცრესი წესრიგი იყო შემოღებული: იქაურობა ხმელთაშუა ზღვაზე გასასეირნებელ გემს ნამდვილად არ გავდა - უსაქმურობისაგან თავგაბეზრებული ხალხი, ბანქოს თამაშსა თუ ცეკვა-არშიყობას რომ ეტანება, ყოველი სადილობის წინ კიდე, ქალიან-კაციანად, ტანსაცმელს რომ იცვლიან უცილობლად. არა, ჩემო კარგებო - ჩვენთან ფრაკები მხოლოდ პინგვინებს ემოსათ და ჩვენი ეს მოგზაურობაც მეტად სახიფათო გახლდათ: მიუხედავად იმისა, რომ წესების ნაწილი იმთავითვე დაგვიდგინეს. ბოლო-ბოლო, აქ სრულიად მხეცთა სამეფოს უკლებლივ ყველა წარმომადგენელი უნდა მოთავსებულიყო და როგორ გინდოდათ, შავი ავაზა შვლისაგან ერთი ნახტომის მანძილზე დაგებინავებინათ?! ასე და ამგვარად, უშიშროების გარკვეული ზომების მიღება უბრალოდ აუცილებელი გახლდათ და ჩვენც რაღა გვექნა - შევეგუეთ ორმაგ საკეტებს, ყოველდღიურ შემოწმებებს, კომენდანტის საათის შემოღებას. სამწუხაროდ, ვერც გარკვეული სახის სასჯელის დადებასა თუ ცალკე საკნებში გამომწყვდევის საყოველთაო პრაქტიკას გადავურჩით. მერე იყო და მთლად ზემო ეშელონებში ვიღაცა ცნობების შეგროვების იშტაზე მოვიდა - შედეგად, დაბეზღება-ენატანიობა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მოკლედ, ეს ჩვენი კიდობანი, უნდა გითხრათ, რაღაც ბუნებრივ ნაკრძალს სულაც არ გავდა და ერთგვარ მცურავ ციხეს უფრო მოგაგონებდათ.
მესმის, რაღა თქმა უნდა, რომ ჩემი თვალით დანახული ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ საზრისს; ის კი არა, თქვენს სახეობაში გავრცელებულ მითებს ლამის კრიჭაში უდგას ცხოველთა შორის მოარული ანდრეზები, მაგრამ მათი შეპირისპირება ვის რაში სჭირდება? ისინიც განა ერთგვარ გმირებად არ ირაცხებიან და არ ყოყლოჩინობენ - ბევრ ჩვენგანს სულაც კიდობნამდე შეუძლია საკუთარი წარმომავლობის მოხილვაო? ბოლოს და ბოლოს, აკი რჩეულნი იყვნენ, ათასგვარი ავბედობა გადაიტანეს და გადარჩნენ კიდეც! მათთვის ბუნებრივიც კია, ერთგვარი გულმავიწყობა გამოავლინონ, ანდა უხერხული ამბების მიჩუმათებაც კი იკისრონ, ოღონდ ამ მხრივ მე არაფერი ძალა არ მადგას - მოგეხსენებათ, რჩეული არასოდეს ვყოფილვარ. ის კი არა, კიდევ რამდენიმე ჩემნაირის მსგავსად, უბრალოდ, ერთი უბილეთო მგზავრთაგანი გახლდით და ეგაა სულ! გადავრჩი კიდეც, კიდობანსაც თავი დავაღწიე (იქიდან გამოღწევა არცთუ იმაზე ადვილი გახლდათ, ვიდრე შიგ შეღწევა) და ბედსაც ვეწიე ცხოვრებაში. მართალია, სხვა მხეცთა საძმოში მცირეოდენ განდგომილად კი ვგრძნობ თავს, რაკიღა იქ ჯერაც მძლავრობს შორეული წარსულით ტკბობის სენი: როგორც ვიცი, „ზღვის მგლების“ საზოგადოებაც დაუარსებიათ მათთვის, ვისაც ზღვის ავადმყოფობა არასოდეს შეჰყრია. ახლა არც ვინმეს მიმართ დავალებულად ვგრძნობ თავს და შესაბამისად, არც მადლიერების გრძნობა მიბინდავს მზერას. მოკლედ, ჩემს მონაყოლს ნამდვილად შეიძლება ენდოს კაცი.
სავარაუდოდ, თქვენ უკვე მიხვდით კიდეც, ეს ჩვენი „კიდობანი“ მხოლოდ ერთი ხომალდი რომ ვერაფრით იქნებოდა. ცხადია, ასე მთელ ჩვენს ფლოტილიას ვეძახდით შემოკლებით (განა მართლა არსებობს ვინმე ისეთი გულუბრყვილო, დაიჯეროს, რომ მხეცთა მთელი მოდგმა სულ რაღაც სამასიოდე წყრთის სიგრძის ხის ყუთში შეიძლება ჩაბეკნო?!); და ასევე - ორმოცი დღე და ღამე ცა ფეხად ჩამოდიოდაო. კარგი ერთი! ამდენი ინგლისშიც კი მოდის ხოლმე, თანაც ზაფხულობით! ჩემი ვარაუდით, მთელი ეს ამბავი წელიწადნახევარი მაინც გრძელდებოდა. რაც შეეხება იმას - წყალი ას ერგასი დღე არ დაწრეტილაო - ეგეც ან