პროლოგი
1952 წელს ერნესტ ჰემინგუეიმ ჟურნალ
Life -ში გამოაქვეყნა მოთხრობა, სახელწოდებით „მოხუცი და ზღვა“. მასში აღწერილი იყო კუბელი მეთევზის თავგადასავალი, რომელსაც ოთხმოცდაოთხი დღის განმავლობაში უბრალო ჭიჭყინაც კი ვერ დაეჭირა, ბოლოს კი ანკესზე უზარმაზარი მარლინი წამოაგო, მოკლა და ნავზე მიაბა. მაგრამ სანამ ნაპირს მიაღწევდა, ზვიგენებმა მისგან ჩონჩხიღა დატოვეს.
როდესაც ეს მოთხრობა დაიბეჭდა, კეიპ-კოდის კონცხზე მდებარე ბარნსტებლვილიჯში ვცხოვრობდი. ერთ ადგილობრივ მეთევზეს ამ ისტორიის შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვე. მიპასუხა, მთავარი გმირი ნამდვილი იდიოტი ყოფილა, ჩამოეჭრა თევზისთვის საუკეთესო ნაჭრები და ნავის ფსკერზე დაეწყო, დანარჩენი კი ზვიგენებისთვის გადაეყარაო.
ზვიგენებში ჰემინგუეი, შესაძლოა, კრიტიკოსებს გულისხმობდა, რომლებსაც მისი რომანი - „მდინარის გადაღმა, ხეების ჩრდილში“ არ მოეწონათ, ათწლიანი შესვენების შემდეგ, ამ მოთხრობამდე ორი წლით ადრე რომ გამოქვეყნდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას ეს არასდროს უღიარებია. თუმცა ვინ იცის, მარლინად იქნებ სწორედ იმ რომანს თვლიდა.
1996 წლის ზამთარში კი აღმოვაჩინე, რომ თურმე რომანი მეც დამიწერია, რომელსაც არც სიუჟეტი გააჩნდა, არც რაიმე აზრი და არც დღის სინათლის ხილვა სურდა. Merde
! თითქმის ათი წელი შევალიე ამ უმადურ თევზს, თუ ასე უფრო მოგწონთ, მაგრამ თავმოყვარე ზვიგენი მისკენ არც კი გაიხედავს.
ცოტა ხნის წინ სამოცდაცამეტი წლის გავხდი. დედაჩემმა ორმოცდათორმეტამდე იცოცხლა, მამამ - სამოცდათორმეტამდე. ჰემინგუეიმ თითქმის სამოცდაორს მიაღწია. მე კი თითქოს ცას გამოვეკერე! ჰოდა, სხვა რა ვქნა?
პასუხი: თევზს ფილე გამოაცალეთ, დანარჩენი კი გადაყარეთ.
სწორედ ამით ვიყავი დაკავებული 1996 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე. გუშინ, ამა წლის 11 ნოემბერს, სამოცდათოთხმეტი შემისრულდა. წარმოგიდგენიათ? სამოცდათოთხმეტი!
იოჰანეს ბრამსი ორმოცდათხუთმეტი წლის იყო, მუსიკის შექმნა რომ შეწყვიტა. საკმარისიაო! ჩემს არქიტექტორ მამასაც ამ ასაკში ამოუვიდა ყელში არქიტექტურა. საკმარისიაო! ამერიკელმა მამაკაცმა მწერლებმა საუკეთესო რომანები ორმოცდათხუთმეტ წლამდე შექმნეს. საკმარისიაო! მე კი ამ ასაკს დიდი ხანია, გავცდი. შემიბრალეთ!
ჩემს უზარმაზარ და, შესაბამისად, აყროლებულ თევზს „ჟამთაძვრა“ ერქვა. მოდით, მას „ჟამთაძვრა ერთი“ ვუწოდოთ, ამას კი, რასაც ახლა ხედავთ, მისი საუკეთესო ნაჭრებისგან მომზადებულ, აზრებითა და ბოლო შვიდი-რვა თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენებით შეკაზმულ კერძს - „ჟამთაძვრა ორი“.
შევთანხმდით?
„ჟამთაძვრა ერთის“ იდეა ის იყო, რომ სივრცულ-დროით კონტინიუმში მოვარდნილმა გრიგალმა ყველა და ყველაფერი აიძულა, ზუსტად იგივე გაემეორებინათ, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში გააკეთეს. ეს გახლდათ deJa vu
, რომელიც ათი ხანგრძლივი წელიწადი გრძელდებოდა.
უსარგებლო იყო იმაზე წუწუნი, რომ ახალი არაფერი ხდება და მხოლოდ ძველი მეორდება, ან იმაზე ფიქრი - მარტო მე გავგიჟდი თუ ჩემთან ერთად მთელი სამყარო.
თუ პირველი ათი წელი არაფერი გიკეთებიათ, ამას ვერც მეორე ათი წლის განმავლობაში მოახერხებდით. საკუთარი ან საყვარელი ადამიანის სიცოცხლესაც კი ვერ გადაარჩენდით, თუ ეს პირველ ათ წელიწადში ვერ შეძელით.
ჩემი ფანტაზიით ჟამთაძვრამ ყველა და ყველაფერი 2001 წლის 13 თებერვლიდან თვალის დახამხამებაში 1991 წლის 17 თებერვალში გადაიტანა. მერე კი ჩვენ, ყველანი ყოველწუთიერად, ყოველსაათობით, ყოველწლიურად აუჩქარებლად ვბრუნდებოდით 2001 წელში, კვლავაც არასწორად ჩამოვდიოდით ფსონს, კვლავაც შეცდომით ვქორწინდებოდით, კვლავაც ვსაჩუქრდებოდით გონორეათი. ყველაფერი ზედმიწევნით მეორდებოდა, ყველაფერი!
მხოლოდ ჟამთაძვრის მომენტის მიღწევის შემდეგ შეწყვიტა ხალხმა რობოტებივით ქმედება და საკუთარი წარსულის გამეორება. როგორც მოხუცი მწერალი-ფანტასტი კილგორ ტრაუტი წერდა, „ადამიანებმა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს სირბილი საკუთარი ხელით შექმნილი დაბრკოლებების გადალახვით, როდესაც კვლავ გაილაღა ნებელობის თავისუფლებამ“.
სინამდვილეში კილგორ ტრაუტი არ არსებობდა. ზოგიერთ რომანში იგი ჩემი ალტერ ეგო იყო. მაგრამ „ჟამთაძვრა ერთიდან“ აქ, ძირითადად, ის ადგილები მოხვდა, სადაც მის საქმეებსა და ნააზრევზეა საუბარი. მე მივიწყებას მისი მხოლოდ რამდენიმე მოთხრობა გადავარჩინე, მას კი, ასეთი ათასობით ჰქონდა დაწერილი, დაწყებული 1931 წლიდან, როდესაც თოთხმეტი წლის იყო, და დამთავრებული 2001 წლით, როდესაც ოთხმოცდაოთხი წლისა წავიდა იმ ქვეყნად. ცხოვრების უმეტესი ნაწილი უსახლკაროდ გაატარა, გარდაიცვალა როდ-აილენდის ზაფხულის პატარა საკურორტო ქალაქ პოინტ-ზიონში, ერნესტ ჰემინგუეის სახელობის ხანდაზმულ მწერალთა სახლ „ზანადუს“ მდიდრულ ნომერში. დამამშვიდებელი ფაქტია.
სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა, თავისი პირველი მოთხრობის შესახებ მიამბო. მოქმედება ბრიტანეთში, კამელოტში, მეფე არტურის კარზე ხდება. სასახლის ჯადოქარი მერლინი ჯადოსნურ სიტყვებს წარმოთქვამს და მრგვალი მაგიდის რაინდებს ხელში ტომპსონის დაზგიანი ტყვიამფრქვევები აღმოაჩნდებათ დუმდუმის 45-კალიბრიანი ტყვიების სრული საბრძოლო კომპლექტით.
ახალ საშუალებას, კეთილშობილებისა და ღირსების ძალაში გარშემო მყოფთა დასარწმუნებლად, სერ გალაჰადი ათვალიერებს - უშიშარი და გონიერი, ჭეშმარიტი რაინდი. შესწავლის პროცესში იგი სასხლეტს აწვება. ტყვია ნამსხვრევებად აქცევს წმინდა გრაალს, დედოფალ გვინევერას კი შვეიცარიულ ყველს