სათუთუნე ბაგომბოდან
შესავალი
ეს მოთხრობები ისევე, როგორც ასეთივე ხარისხის ოცდასამი მოთხრობა, რომელიც წინა სქელყდიან კრებულში - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამაიმუნეში“ - შევიდა, ჩვენს ქვეყანაში პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი საკითხავის ოქროს ხანის მიწურულს დაიწერა. დაახლოებით ორმოცდაათი წლის განმავლობაში, ასე, ათას ცხრაას ორმოცდაცამეტ წლამდე. მილიონობით ოჯახისთვის, ჩემი ოჯახის ჩათვლით, მსგავსი მოთხრობები უშფოთველ, თუმცა პოპულარულ თავშესაქცევს წარმოადგენდა.
ახლა, ამ მოხუცებულობაში, იმედი მაქვს, რომ მათი უშფოთველობის, უმანკოებისა და მოუქნელობის მიუხედავად, შეიძლება, სულ ადრე დაწერილი ზოგიერთი ამბავი ამ ხისტ დროშიც გამოდგეს თავშესაქცევად.
არ დაიბეჭდებოდა ხელახლა ეს მოთხრობები, დაახლოებით იმავე პერიოდში დაწერილ ჩემს რომანებს კრიტიკოსების ყურადღება რომ არ მიეპყრო. მაშინ ჩემი შვილები უკვე მოწიფულები იყვნენ, მე კი შუახნის მამაკაცი ვიყავი და საკითხავითა და რეკლამით დაძეძგილ ჟურნალებში, რომელთა უმეტესობა დღეს აღარ არსებობს, დაბეჭდილ ჩემს მოთხრობებს ციცინათელებივით ხანმოკლე სიცოცხლეს ვუწინასწარმეტყველებდი.
დღეს თუ რაიმე იბეჭდება ჩემი ნაწერებიდან, ერთი გამომცემლის, სეიმურ, იგივე სემ ლორენსის დამსახურებაა (1927-1994). 1965 წელს, როდესაც შემოსავლის გარეშე დავრჩი, საერთოდ აღარ ვიბეჭდებოდი და კეიპ-კოდში მარტოდმარტო დატოვებული ოჯახის შესანახად აიოვის უნივერსიტეტში სიტყვაკაზმული მწერლობის სემინარს ვუძღვებოდი, სემმა ჩემი სქელყდიანი და რბილყდიანი წიგნების გამოცემის უფლება გამომცემლობებისგან, ჩემზე უკვე ჩაქნეული რომ ჰქონდათ ხელი, ჩალის ფასად შეიძინა და ისევ მოახვედრა ახლომხედველი საზოგადოების თვალთახედვაში.
ასე აღუდგა სუნთქვა და გულის ფუნქცია ლამის გარდაცვლილ ავტორს.
ჰოდა, ადგა გამხნევებული ლაზარე და სემს „სასაკლაო ნომერი ხუთი“ დაუწერა. სახელი მოვიხვეჭე. მე ჰუმანისტი ვარ და ამიტომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს არც საკუთარი თავისთვის მოველი, არც სხვებისთვის, თუმცა ხუთი წლის წინ ნიუ-იორკში, „ჰარვარდ-კლუბში“ გამართულ სეიმურ ლორენსის პანაშვიდზე, გულწრფელად ვთქვი: „სემი ახლა ზეცაშია“.
ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი წლის შვიდ ოქტომბერს შემთხვევით დავბრუნდი დრეზდენში, სადაც „სასაკლაო ნომერი ხუთის“ მოქმედება ვითარდება. იმავე სარდაფში ჩამიყვანეს, სადაც დაახლოებით ას ამერიკელ სამხედრო ტყვესთან ერთად გადავურჩი ცეცხლის გრიგალს, რომელშიც დაახლოებით ას ოცდათხუთმეტი ათასი ადამიანი გაიგუდა და დაიწვა, ხოლო იმისგან, რასაც „ფლორენციას ელბაზე“ ეძახდნენ, მთვარესავით უსწორმასწორო ზედაპირის გარდა, არაფერი დარჩა.
ვიდექი ისევ იმ სარდაფში და ვფიქრობდი: „რაკი ამდენ ხანს მიცოცხლია, ერთ-ერთი ვარ დედამიწაზე მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს შორის, ვისაც ატლანტიდა მანამდე უნახავს, ვიდრე ტალღებში დაინთქმებოდა“.
დიდებული რამაა ნოველა, როგორი პატარაც უნდა იყოს. რამდენიმე ასეთმა ნაწარმოებმა, ჯერ კიდევ კოლეჯში რომ ვსწავლობდი, მაშინ შემძრა მთელი არსებით. ახლა ზოგიერთი მათგანი მახსენდება: ერნესტ ჰემინგუეის „ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერი ცხოვრება“, საკის „ღია ფანჯარა“, ო’ჰენრის „მოგვთა საჩუქრები“, ამბროზ ბირსის „შემთხვევა ოულ-კრიკის ხიდზე“. არანაირი დიდებულება არ არის ჩემი მოთხრობების არც ამ და არც რომელიმე სხვა კრებულში. არც მიფიქრია.
ჩემი მოთხრობები შეიძლება საინტერესო იყოს, თუმცა მაინც გადმონაშთია იმ დროისა, როცა ტელევიზია არ არსებობდა და მწერალს ისეთი მოთხრობების წერით შეეძლო ოჯახის შენახვა, რომელიც ჟურნალების არცთუ კრიტიკულად განწყობილ მკითხველს აკმაყოფილებდა, თან დროც რჩებოდა სერიოზული რომანების საწერად. ათას ცხრაას ორმოცდაათ წელს, როდესაც სამსახურიდან წამოვედი და ჩემი თავის სრული ბატონ-პატრონი გავხდი, ასე მეგონა, მთელ ცხოვრებას მოთხრობების წერაში გავატარებდი.
შესანიშნავი პერსპექტივაც მესახებოდა. ჰემინგუეი ჟურნალ „ესკვაირისთვის“ წერდა, ფ. სკოტ ფიცჯერალდი - „სეთერდი ივნინგ პოსტისთვის“, უილიამ ფოლკნერი - „კოლიესთვის“, ჯონ სტაინბეკი - „ვუმენზ ჰოუმ კომპანიონისთვის“.
ჩემზე რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ არასოდეს მიწერია ჟურნალისთვის, რომელსაც „ვუმენზ ჰოუმ კომპანიონი“ ერქვა, თუმცა იყო დრო, მისთვისაც დიდი სიხარულით დავწერდი. აი, კიდევ რას ვფიქრობ: მარტო ის, რომ ქალი სულ სახლში ზის, ვიდრე ქმარი სამსახურში ჰყავს, შვილები კი - სკოლაში, მის ჭკუასუსტობაზე არ მიუთითებს.
ამ წიგნის გამოცემამ სურვილი გამიჩინა, მესაუბრა განსაკუთრებულ და სასარგებლო გავლენაზე, რომელიც ნოველამ შეიძლება ჩვენზე მოახდინოს. სწორედ ეს შედეგი განასხვავებს ნოველას რომანისგან, ფილმისგან, სპექტაკლისა და ტელეგადაცემისგან. ვიდრე მთავარს გეტყვით, მოდი, ერთად წარმოვიდგინოთ ოთახი ინდიანაპოლისის ერთ სახლში, სადაც წინა დიდი დეპრესიის პერიოდში ბავშვობა და ყმაწვილკაცობა გავატარე. დეპრესიის ეს პერიოდი ათას ცხრაას ოცდაცხრა წლის ოცდაოთხ ოქტომბერს დაიწყო საფონდო ბირჟაზე კურსის უზარმაზარი ვარდნით და მანამდე გაგრძელდა, ვიდრე იაპონელებმა პატივი არ დაგვდეს და ათას ცხრაას ორმოცდაერთი წლის შვიდ დეკემბერს პერლ-ჰარბორში ჩვენი კომატოზური სამხედრო ფლოტი სრულიად უმიზეზოდ არ დაბომბეს. პატარა ყვითელკანიან ნაბიჭვრებს, როგორც მაშინ ვეძახდით, დიდი დეპრესია ყელში ჰქონდათ ამოსული. ჩვენც.
წარმოიდგინეთ, რომ ახლა კვლავ ათას ცხრაას ოცდათვრამეტი წელია, მე თექვსმეტის ვარ. კიდევ ერთმა საძაგელმა დღემ გაიარა შორთრიჯის კოლეჯში და შინ ვბრუნდები. დედა, რომელიც