წიგნი პირველი -
ასე იყო -
თავი 1 ასე იყო:
მილიონი წლის წინ, ჩვენი წელთაღრიცხვით 1986 წელს, გუაიაკილი პატარა სამხრეთამერიკული რესპუბლიკის - ეკვადორის მთავარ საზღვაო პორტად ითვლებოდა, რომლის დედაქალაქი კიტო მაღლა ანდებში იყო განლაგებული. გუაიაკილი ორი გრადუსით სამხრეთით მდებარეობდა პლანეტის წარმოსახვითი სარტყლიდან - ეკვატორიდან, რის გამოც ქვეყანას ეს სახელი ეწოდა. იქ მუდამ სიცხე და სინესტე მეფობდა, რადგან ქალაქი უქარო, ეკვატორულ ზონაში იყო გაშენებული ჭაობიან გრუნტზე, რომელსაც მთებიდან წამოსული და ერთმანეთში შერეული რამდენიმე მდინარე ქმნიდა.
ღია ზღვა ამ პორტიდან რამდენიმე კილომეტრში იწყებოდა. ხშირად წყალმცენარეები წყლის დელტას ანაგვიანებდნენ და მისადგომების ხიმინჯებსა და იალქნების ჯაჭვებს ეხვეოდნენ.
ამ დროს ადამიანების ტვინი ბევრად უფრო დიდი ზომის იყო, ვიდრე ახლა, ამიტომ იდუმალებით მოცული ამბები ძალიან იტაცებდათ. 1986 წელს, მაგალითად, ვერ შეძლეს გაგება, როგორ მოახერხა ამდენმა არსებამ, რომელთაც ცურვა არ შეეძლოთ, ანტარქტიკიდან დიდი მანძილის გადალახვა და გალაპაგოსის კუნძულებამდე - გუაიაკილის დასავლეთით მდებარე ვულკანური კლდის არქიპელაგამდე მიღწევა, რომელიც მატერიკიდან ღრმა, ყინულივით ცივი წყლის ათასკილომეტრიანი ზოლით იყო გამოყოფილი. იმ დროისთვის, როცა ადამიანებმა ეს კუნძული აღმოაჩინეს, იქ უკვე დახვდათ გეკოები და იგუანები, ბრინჯის ვირთხები და ლავის ხვლიკები, ობობები და ჭიანჭველები, ხოჭოები და ჭრიჭინები, ტკიპები და სხვა პარაზიტები, რომ აღარაფერი ვთქვათ ხმელეთის გიგანტურ კუებზე.
როგორ შეძლეს მათ იქამდე მიღწევა?
ბევრი იმდროინდელი ადამიანის მეტისმეტად დიდი ტვინი ამ შეკითხვაზე შემდეგი პასუხით კმაყოფილდებოდა: ბუნებრივი ტივებით.
სხვებს ამის არ სჯეროდათ და ამბობდნენ, ტივი მალე იჟღინთება წყლით და ნაწილებად იშლებაო და თანაც ისინი ნაპირთან უშუალო სიახლოვის გარდა არავის არასდროს ენახა. გარდა ამისა, კუნძულებსა და მატერიკს შორის გაბატონებული დინება ასეთ დამპალ ტივს ჩრდილოეთით წაიღებდა და არა დასავლეთის მიმართულებით.
ან კიდევ, ამტკიცებდნენ, რომ ხმელეთის ეს არსებები იქ ფეხდაუსველებლად ჩავიდნენ რომელიღაც ბუნებრივი ხიდით ან წყლიდან ამოშვერილი ერთი კლდიდან მეორემდე მოკლე-მოკლე მანძილების გაცურვით, რის შემდეგაც ზოგიერთი ამონაშვერი წყალმა დაფარა. თუმცა, როცა მეცნიერებმა თავიანთი დიდი ტვინებისა და რთული მოწყობილობების საშუალებით 1986 წელს ოკეანის ფსკერის რუკები შეადგინეს, იქ, როგორც მათ განაცხადეს, ლანდშაფტზე საგრძნობლად შემაღლებული ადგილის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს.
...
უზომოდ დიდი ტვინებისა და ახირებული აზროვნების ამ ეპოქაში ზოგი იმასაც იჟინებდა, რომ ეს კუნძულები ოდესღაც მატერიკის ნაწილს შეადგენდა და მას ბუნებრივი კატასტროფის შედეგად გამოეყო.
მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს კუნძულები, არ ჩანდა, რომ ისინი ოდესმე რაიმეს გამოეყვნენ. აშკარად ახალგაზრდა ვულკანები იყო, მიწის წიაღიდან ამოტყორცნილი სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფებოდნენ. ბევრი მათგანი, ჯერ კიდევ სრულიად ახალშობილი, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ამოფრქვეულიყო.
მაშინ, 1986 წელს, მათზე მარჯანიც არ იყო ძალიან მოდებული და ვერც ცისფერი ლაგუნებით და თეთრი პლაჟებით მოიწონებდნენ თავს, რაც ბევრის აზრით, იდეალური საიქიო ცხოვრების პირველსახეს წარმოადგენდა.
ახლა, მილიონი წლის შემდეგ, კუნძულებზე თეთრი პლაჟებიც გაჩნდა და ცისფერი ლაგუნებიც, თუმცა ამ ისტორიის დასაწყისში ისინი ჯერ კიდევ ლავით შექმნილი მახინჯი კუზების, გუმბათების, კონუსებისა და პიკების გროვას წარმოადგენდა, მყიფესა და ხორკლიანს, რომელთა ბზარები, ღრმულები და ჩანაქცევები მდიდარი იყო არა მარაგებითა და ნოყიერი ნიადაგით, არამედ სასმელი წყლითა და თხელი, გამომშრალი ვულკანური ფერფლით.
...
კიდევ ერთი იმდროინდელი თეორიის მიხედვით, ყოვლისშემძლე ღმერთმა ყველა ეს არსება სწორედ იქ შექმნა, სადაც ისინი მკვლევარებმა აღმოაჩინეს. ასე რომ, მათ ნაპირამდე მიღწევა არ დასჭირვებიათ.
დაბოლოს, უკანასკნელი თეორიის მიხედვით, ეს ქმნილებები ნაპირზე ნოეს კიდობნიდან ჩავიდნენ წყვილ-წყვილად.
თუ ნოეს კიდობანი მართლა არსებობდა, რაც სრულიად შესაძლებელია, მაშინ ჩემი მონათხრობი შეიძლებოდა ასეც დამესათაურებინა: „ნოეს მეორე კიდობანი“.