1 დებსი გარდაიცვალა 1926 წელს, რიცა მე 14 წლის ვიყავი.
ახლა 2001 წელია.
ყველაფერი ისე რომ წასულიყო, როგორც ბევრ ადამიანს წარმოედგინა, მაშინ იესო ქრისტე ისევ ჩვენ შორის იქნებოდა, ამერიკული დროშა კი ვენერასა და მარსზე იფრიალებდა.
ნურას უკაცრავად!
რაც უნდა იყოს, ქვეყნიერებას ბოლო მოეღება: აი, ამბავი, რომელსაც ბევრი ადამიანი წინასწარ დიდი სიხარულით ელოდება. დიდხანს მოცდა აღარ მოგვიწევს, თუმცა ეს 2000 წელს არ მომხდარა. აქედან ვასკვნი, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს რიცხვებით მარჩიელობა დიდად არ ემარჯვება.
პაპაჩემი, ბენჯამინ უილსი, გარდაიცვალა 1948 წელს, როცა მე 8 წლის ვიყავი, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ უკვე ზეპირად ვიცოდი დებსის ყველაზე ცნობილი სიტყვები: „სანამ არსებობს დაბალი კლასი, მე მას ვეკუთვნი. სანამ არსებობს კრიმინალური ელემენტი, მეც ის ვარ. სანამ ერთი სული მაინც ზის ციხეში, მე არ ვარ თავისუფალი“.
თუმცა მე, დებსის სეხნიას, სრულიად არ დამყოლია მისი მგრძნობიარე გული. 21-დან 35 წლამდე პროფესიონალი სამხედრო ვიყავი, შეერთებული შტატების არმიის ოფიცერი. იმ 14 წლის განმავლობაში თვით იესო ქრისტესაც კი მივასიკვდილებდი, თუ ამას ჩემზე მაღლა მდგომი ოფიცერი მიბრძანებდა. ვიეტნამის ომის მოულოდნელი და სამრცხვინო დასრულებისას ვიცე-პოლკოვნიკად ვმსახურობდი, მრავალი 1000 ჯარისკაცი მექვემდებარებოდა.
იმ ომში - რომლის დროსაც მთავარი, იარაღის მარაგის საკითხი იყო, - ვფიქრობ, ძალზე მცირე იყო იმის შესაძლებლობა, რომ სწორედ მე მივეცი ნიშანი მომწამვლელი აირითა თუ ნაპალმით განხორციელებული იმ საჰაერო იერიშის დასაწყებად, რომელიც ჩვენთან დასაბრუნებლად მომავალ იესო ქრისტეს დახვდა.
არასდროს მნდომებია პროფესიონალი ჯარისკაცობა, თუმცა კარგი მეომარი აღმოვჩნდი, თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია. უესტ-პოინტში ჩემი შესვლის იდეა საშუალო სკოლის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვიეტნამის ომის დასრულებასავით მოულოდნელად წარმოიშვა. გადაწყვეტილი მქონდა, მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩამებარებინა, გამევლო ინგლისურის, ისტორიის, პოლიტიკური მეცნიერების კურსები, იქვე მემუშავა ყოველდღიურ სტუდენტურ გაზეთში და ჟურნალისტიკაში გავწაფულიყავი.
მაგრამ უეცრად მამაჩემმა - ინჟინერ-ქიმიკოსმა, რომლის დამზადებული პლასტმასის ნახევარდაშლის პერიოდიც 50 000 წელია და საშობაო ინდაურივით სავსეა ექსკრემენტით - მითხრა, უესტ-პოინტში უნდა ჩააბაროო. თვითონ არასოდეს ყოფილა სამხედრო სამსახურში. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდად აფასებდნენ მის სამეცნიერო მოღვაწეობას ქიმიის დარგში საიმისოდ, რომ ჯარისკაცად ექციათ, სულ რაღაც 13-კვირიანი წვრთნის შემდეგ ფარაჯაში გამოეწყოთ და მორიგი მკვლელი-თვითმკვლელი იმბეცილი მიეღოთ მისგან.
უკვე ჩარიცხული ვიყავი მიჩიგანის უნივერსიტეტში, როდესაც ციდან ჩამომივარდა შემოთავაზება შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სწავლის თაობაზე. ეს მოხდა მამაჩემის ცხოვრების მძიმე მომენტში და მას სჭირდებოდა ისეთი რამით დატრაბახება, რაც ჩვენს მიამიტ მეზობლებზე შთაბეჭდილებას მოახდენდა. იფიქრებდნენ: უესტ-პოინტში მოხვედრა ისეთივე დიდი ჯილდოა, როგორიც პროფესიონალ კალათბურთელთა გუნდში ჩარიცხვაო.
ისე მითხრა, როგორც მე ვეუბნებოდი ხოლმე გემიდან ან თვითმფრინავიდან ახალჩამოსულ ქვეით ჯარისკაცებს ვიეტნამში: „ეს დიდი შანსია“.
ის, რასაც ნამდვილად ვისურვებდი სრულყოფილ სამყაროში, ჯაზის პიანისტობაა. ვგულისხმობ არა როკ-ენ-როლს, არამედ მუსიკას, რომელიც ორჯერ არასდროს მეორდება და რომელსაც ამერიკელი ზანგები სთავაზობენ სამყაროს. საშუალო სკოლაში ფორტეპიანოზე ვუკრავდი თეთრკანიანებისგან შემდგარ ბენდში მიდლენდ სიტიში (ოჰაიო). ჩვენს თავს „სულის ვაჭრებად“ მოვიხსენიებდით.
რამდენად კარგად ვუკრავდით? უნდა დაგვეკრა თეთრკანიანთა პოპულარული მუსიკა, სხვა შემთხვევაში არავინ დაგვიქირავებდა. მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც ვთავისუფლდებოდით ჯაზის წყალობით. ჩვენ გარდა თითქოს სხვა ვერავინ ამჩნევდა სხვაობას. საკუთარ თავზე შეყვარებულები - ექსტაზში ვიყავით.
მამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავეგზავნე უესტ-პოინტში.
იმას კიდევ რა უშავს, რასაც ის უშვრებოდა გარემოს თავისი ბიოლოგიურად არალპობადი პლასტმასებით. თქვენ იმას შეხედეთ, მე რა მიქნა! რა რეგვენი ვინმე აღმოჩნდა! დედაჩემი კი ქმრის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, რაც მას მეორე ჩამოყალიბებულ რეგვნად წარმოაჩენს.
ორივეს სიცოცხლე ოცი წლის წინ ჩანჩქერ ნიაგარის (ხეობის ინდიელები მას „მეხის თმას“ უწოდებენ) კანადურ მხარეს მდებარე საჩუქრების მაღაზიაში მომხდარმა უცნაურმა უბედურმა შემთხვევამ შეიწირა, როდესაც ჭერი ჩამოიქცა.
ამ წიგნში უცენზურო სიტყვები არ შეგხვდებათ, გარდა ორისა: „ჯოჯოხეთი“ და „ღმერთი“ (მათთვის აღვნიშნავ, ვინც შეიძლება შიშობდეს, რომ უმანკო ბავშვი აქ ასეთ სიტყვებს გადააწყდება). გამოთქმა, რომელსაც აქა-იქ გამოვიყენებ ვიეტნამის ომზე საუბრისას, იქნება მაგალითად, ასეთი: „როცა ატმოსფეროში თეკალიები შეიჭრა და ჰაერი მოწამლა“.
იქნებ ერთადერთი პრინციპი, რომელიც მასწავლა პაპა უილსმა და რომელსაც პატივისცემით ვეკიდებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე, ისაა, რომ ბილწსიტყვაობა და უხამსობა უსიამოვნო ინფორმაციის მოძულე ადამიანებს აძლევს უფლებას, სმენა და მზერა დაიხშონ და მოგისმინონ.
ვიეტნამის