1
წერტილი
არეულა ყველა ფერი. წყალი მდორე. გულის რიტმი შენელებული. ბუმბულები. აბრეშუმის თხელი კაბები. მაქმანები. უძვლო ტერფები. ხელის მტევნები. თხელი მტევნები. ჭანჭიკები. მაგიდები. სახელურები. მინები. კარის. დირეები. ნაწერები. ხელ. ნაწერები. და დანარჩენი თანაბრად. ნელა მიიწევს ქვემოთ. თითქოს ქარსაც ზურგი ეცვალა: ჰორიზონტიდან უბერავს და გადღაბნილი თმასამოსის ვიწრო ნაკვალევს ფეხდაფეხ და მიდევნებულ ჩრდილებად ტოვებს. თითქოს თვალებიც აეხილა. თითქოს ფრთებიც შეესხა. თითქოს. არეულა ყველა ფიქრი. ყველა ფერი. თან გაჰყოლია.
ღმერთო ჩემო, არაფერი ჩანს.
თითქოს სიზმრად. თითქოს ცხადად. ხდება მის თავს. და მაინც ახლა გუშინდელზე ნათლად მოუჩანს ჰორიზონტსაც მოტივტივე რუხი მინდორი.
ბოლო ამბავი იუწყება: განრისხდაო მშვიდი ბატონი. მუცოარდოტის ფრიალოდან. ანდაქისწყალს სისხლი დასდის. რომ ყოფილიყო მათ მაგივრად. იქნებ ყველას მაგივრადაც. ახლა ისე კარგად მოჩანს ეს ბილიკი მზიან ამ დილას. თვალდახუჭული ფიქრობს. ახელს. სიბრმავიდან ბევრად მეტი არც დაუნახავს. არც ჭირდება მექანიკურ თანმიმდევრობას: საწოლი. ქოში. ათი ნაბიჯი. საძინებლიდან აბაზანის გრილ მეტ ლახამდე. წყალს ეცლება ჟანგისფერი. სადინარი იქოლება. წყლის ჭავლი (თ)ითქმის ჰორიზონტისკენ იფანტება. და ასეთ დროს ზღვაც ჯერ გრილია. თეთრ კედლებზე ლივლივებენ წყალთა სიხშირის ბაცი ჩრდილები. (თ)ითქმის შუადღის მცხუნვარე. ზღვას თავი მოხადა. მოაპირქვავა ნახევრამდე ფლაკონიდან. ეს რაც უყვარს. ქოქოსის სული იღვრება და. სულ ერთი და სამახსოვრო იქნება. ასე. დაბანის ბოლო რიტუალი. იხდის სადაფის ფერ პენუარს. დაუდევრად ზურგის უკან აგდებს. აბიჯებს წყალში: მარცხენა მღვრიე. ტერფით. მერე მარჯვენა. სხეულის გასწვრივ.
სულ აღელვებდა ღია ზღვები. წყალთა ღია გამავალი სივრცეები. გრძნობდნენ როცა კიდურები. როცა ტერფები. როცა სული. შორი მოლუსკის გაზმორებას. ვარსკვლავების მბჟუტავ საცეცებს. თევზთა ჯოგების გადაფრენას. სულმფრთხალი შიშის ვიწრო ძარღვებს. სადაც ისინი გიზიდავენ სულის ხუთვამდე. და ასე მუდამ აღელვებდა ზღვის უკიდურეს. ტერფზე შეხება. როცა ტერფიდან გადმოსხმული ზღვათა შიში. ზღვათა სამყარო. ცის ფერი. სისხლის წვეთოვანი. გარდამოსხმა. ჰგავს: ღმერთი სულად ნაწილდება. ღმერთისაკენკი. ყველას ერთად. ყველას ცალცალკე. აპურებს და აღარ რჩება. როცა ის სულ(მთ)ლად ნაწილდება.
გვერდით. იქვე. პალმოლივის თეთრი გვირილის. გვერდით. მის ბასრ პირს ფრთხილად ახებს. ისერს ასე. სრიალა მაჯებს. სიმსუბუქე. ვიდრე ტკივილი. სისხლი. წყალი. კონტრასტი და დინამიკა. ერთგვარ გათხაპნილ. წარმოსახვით ყვავილებს ხატავს. ნელ დანელა ვარდისფერიდან წითელ ზღვამდე. სისხლის. ქოქოსის სულის ხსნარი ერთგვარდება. და ნაწილდება. გადაშლილი ხელისგულიდან წყლის ზედაპირზე მინის ფლაკონი ცურდება. თითქოს. კრისტალები მჭვირვალდებიან. შრიალებენ.
ჩვენ დღეიდან ერთი სისხლი გვაქვს. დღეიდან მე ჩემი სიტყვები გადმოგისხი. დღეიდან მე ჩემი გზები გადაგიშალე. ამიერიდან ერთ გზაზე ვივლით. სულ გახსნილი სამყაროდან ზღვათა ქარისკენ. ამ დღეიდან ყველგან ვიქნებით. (თ)ითქმისო: ზღვაა მეწამული და ჩვენი სულიზე.ში. ჩამავალ მზეში შეცურავს.