მთარგმნელის წინასიტყვაობა
მიხარია, რომ ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის რომანი მშობლიურ ენაზე წაიკითხოს. ბოჰუმილ ჰრაბალის შემოქმედებას გამოარჩევს სამყაროს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხედვა და წერის განსაკუთრებული მანერა. მის ნაწარმოებებს არ გააჩნია გამოხატული სიუჟეტი (გამონაკლისია რომანი „მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი მატარებლები“) და ერთმანეთზე გადაბმული, დამოუკიდებელი ისტორიების თავისუფალ დინებას წარმოადგენენ. ამიტომ მათ, როგორც ლიტერატურულ კოლაჟებს ან მექანიკურ ჩანახატებს, ისე მოიხსენიებენ ხოლმე. ზოგჯერ მათში სიურრეალიზმისა და დადაიზმის ნიშნებსაც ხედავენ. ჰრაბალი არ ერიდება შავ იუმორს, ეროტიკულ თუ გროტესკულ სცენებს და „მაგარ“ გამოთქმებს, თხრობისას სალაპარაკო ენას იყენებს და მის ლექსიკონში მრავლადაა კუთხური გამოთქმები, რაც მისი ნაწარმოებების თარგმნას მნიშვნელოვნად ართულებს. ამავე დროს ავტორი თავს არიდებს თავისი პერსონაჟების ზუსტი და დაწვრილებითი ფსიქოლოგიური პორტრეტების დახატვას და აქცენტს ტექსტის ექსპრესიულობაზე აკეთებს.
1971 წელს დაწერილი რომანი „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ ჰრაბალის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ 1989 წელს გამოიცა, მანამდე კი ორჯერ არაოფიციალურად იქნა დასტამბული, რადგან კომუნისტური რეჟიმის ცენზურამ მისი გამოცემა აკრძალა.
მინდა მკითხველს გავაცნო ერთი ჩეხური სიტყვა, ეს გახლავთ სიტყვა „pábení“, რომლის მნიშვნელობაც გარკვეული გაგებით „გასაღებია“ ჰრაბალის გამორჩეული ლიტერატურული სტილის უკეთ აღქმისა და სწორად შეფასების საქმეში. თვით ამ სიტყვის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, ზოგის თანახმად თვით ჰრაბალის გამოგონილია, ზოგიც ამ ტერმინის ავტორობას სხვას მიაწერს, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ამ შემთხვევაშიც ჰრაბალმა მას სრულებით ახალი დატვირთვა და განზომილება მიანიჭა. გამომგონებელს ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არ განუსაზღვრავს, მაგრამ დაახლოებით ცნობილია, რას ნიშნავს და თუ მისი მნიშვნელობის ძიებას დავიწყებთ, რამდენადმე განსხვავებულ და ერთმანეთის შემავსებელ განმარტებებს მივაკვლევთ, აი, ორი მათგანი:
„pábení“ არის მოყოლის მანერა, როდესაც შთაგონებული მთხრობელი ისეთ წინადადებებს ისვრის, როგორსაც საღ გონებაზე მყოფი ადამიანი არ იტყოდა, როდესაც თხრობაში იშლება საზღვრები რეალობასა და მთხრობელის ფანტაზიებს შორის, ხოლო მას, ვისი თხრობის მანერაც არის „pábení“, „pábitel“-ს უწოდებენ. ან კიდევ: „pábení“ არის ადამიანის აუთენტური საუბარი, პლასტიკური და სპონტანური თხრობა, როდესაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამბავი, არამედ თხრობის პოეტური შემადგენელიც, თხრობა შეიძლება მოიცავდეს ფანტაზიებს და ზღაპარივით გამოიყურებოდეს; „პáბიტელ“-ები ყველაფერს სიყვარულით აკეთებენ, ცოდნის წყურვილი ამოძრავებთ, ატანილები არიან ამბის თხრობით, თავდავიწყებით ეძლევიან მოყოლის პროცესსა და საერთოდ ნებისმიერ საქმიანობას.
ჩვენთვის კი ეს ტერმინი მნიშვნელოვანია იმით, რომ ზუსტად ჰრაბალმა აქცია სიტყვა „pábení“ თხრობის სტილის აღმნიშვნელ ტერმინად და თვით ჰრაბალი არის ყველაზე დიდი „pábitel“-ი. აი, ზუსტად ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ რომანის კითხვისას, თვით თხრობის პროცესით დამთვრალი „pábitel“-ის საუბარი ზოგჯერ ბუნდოვანი, აზრები კი დაულაგებელი მოგვეჩვენება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ბოჰუმილ ჰრაბალის ნაწარმოებები რთული სათარგმნია, იმდენად, რომ ერთი-ორჯერ თარგმნის შეწყვეტაზეც კი დავფიქრდი. საბედნიეროდ, ნაწარმოების უკვე თარგმნილი ნაწილის პირველი, შავი ვარიანტი ჩემს ახლობლებს ვ. გაბუნიას, ლ. დუმბაძესა და ი. ბერიძეს წავაკითხე და მათმა შეფასებამ დამარწმუნა, რომ თარგმანი აუცილებლად უნდა მივიყვანო ბოლომდე და გავაცნო ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები ქართველ მკითხველს, და ახლა, როდესაც ყველა სირთულე გადალახულია და წიგნი გადათარგმნილია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისათვის.
და ბოლოს, არ შემიძლია განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატო წიგნის რედაქტორის, ქალბატონ ლია თოფურიას მიმართ, რომლის დიდმა შრომამ და ლიტერატურულმა ალღომ განაპირობა, რომ თარგმანი ენობრივად დახვეწილია და, ამავე დროს, ინარჩუნებს ჰრაბალის წერის თავისებურ მანერას, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე.