კუნძულის
შესაძლებლობა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარადიულ ცხოვრებაში, ჩემო მეგობრებო.
ეს წიგნი დაბადებას გერმანელ ჟურნალისტს, ჰარიეტ ვოლფს უნდა უმადლოდეს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ბერლინში შევხვდი. სანამ კითხვებს დამისვამდა, ჰარიეტმა ისურვა, ჩემთვის ერთი პატარა იგავი მოეყოლა; მისი თქმით, ეს იგავი სიმბოლურად გადმოსცემდა ჩემი, როგორც მწერლის დღევანდელ პოზიციას.
სამყარო დასრულდა. ახლა სატელეფონო ჯიხურს ვაფარებ თავს. შემიძლია ვრეკო, სადაც მომესურვება და რამდენიც გამიხარდება. ზარები შეუზღუდავია. გაურკვეველია, ჩემ გარდა კიდევ ვინმე თუ გადარჩა. შეიძლება ჩემ მიერ სადღაც გამუდმებით რეკვა სხვა არაფერია, თუ არა შეშლილის მონოლოგები. ზოგჯერ ზარი მოკლეა, თითქოს ვიღაცამ ყურმილი აიღო და იმავე წამს დაკიდა; ზოგჯერაც – ხანგრძლივი. ამ დროს მეუფლება განცდა, რომ ვიღაც დამნაშავის არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობით მისმენს. არც ღამეა და არც დღე; სიტუაცია სტატიკურია, დასასრული არ უჩანს.
კეთილი იყოს შენი მობრძანება მარადიულ ცხოვრებაში, ჰარიეტ.
არის კი ვინმე თქვენ შორის მარადიული ცხოვრების ღირსი?
ჩემი ამჟამინდელი ინკარნაცია დეგრადაციას განიცდის. ვფიქრობ, დიდხანს ვერ გასტანს. ვიცი, რომ მორიგი ინკარნაციისას ისევ ვიპოვი ჩემს თანამგზავრს, პატარა ცუგას, სახელად ფოქსს.
ძაღლთან ურთიერთობა შენზეც სასიკეთოდ მოქმედებს. შეგიძლია ის გააბედნიერო, ძალიან მარტივი რაღაცეები სჭირდება. მისი „ეგო“ იმდენად შეზღუდულია... შესაძლოა, ერთ-ერთ წინარე ეპოქაში ქალები ისეთსავე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, როგორშიც შინაური ცხოველები. ეს ალბათ ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, ერთობლივ მოქმედებასთან დაკავშირებული დომიტიკური
ბედნიერების ფორმაა: სიამოვნება ერთიან, გამართულ და ადეკვატურ ფუნქციურ ორგანიზმად ჩამოყალიბებისა, რომლის მოწოდება დავალებათა გულწრფელი და მოკრძალებული სერიის შესრულებაა. განმეორებადი დავალებები კი უწინ დღეთა მოკრძალებულ რიგს ქმნიდა. ყველაფერი გაქრა. გაქრა დავალებების სერიაც. დავრჩით უმიზნოდ, ადამიანებისათვის დამახასიათებელი სიამოვნებანი ჩვენთვის მიუღწეველია. არც მათ თავს დატეხილი უბედურებები გვაღელვებს. როგორც იტყვიან, სხვის გასაჭირზე ნერვიც კი არ აგვიტოკდება. ღამით არც შიშის გამო ვთრთით და არც ექსტაზის. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცოცხლობთ. გავლევთ ამ ცხოვრებას უსიხარულოდ. ჩვენთვის დრო კი არ გადის, მიქრის.
პირველად მარი 22-ს წარმოუდგენლად დაბალხარისხიან ესპანურ სერვერზე გადავეყარე. გვერდი გულისგამაწვრილებლად დიდხანს იტვირთებოდა.
ბებერი ჰოლანდიელის სიკვდილით
გამოწვეული დაღლა
ისეთი რამ არ არის, რაც პატრონის
დაბრუნებამდე უნდა ითქვას ხმამაღლა
.
2711, 325104, 13375317, 452626. მითითებულ მისამართზე რაც პირველი ვიხილე, მისი ვაგინა იყო და ისიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მოციმციმე და დაპიქსელებული, მაგრამ უცნაურად რეალური. ნეტავ ვინ იყო მარი 22? ცოცხალი, მკვდარი თუ ინტერმედიული? ალბათ უფრო საშუალო, მაგრამ მსგავს რამეებზე არ საუბრობენ, გამორიცხულია.
ქალები მარადიულობის შთაბეჭდილებას გვიქმნიან. მათი ვაგინა მიერთებულია ყველა საიდუმლოს. გეგონება, ის გვირაბია, სამყაროს არსთან რომ მივყავართ და არა ხმარებიდან გამოსული ჯუჯების გასამრავლებელი ხვრელი. თუ მსგავსი განცდის აღძვრა ძალუძთ, მით უკეთესი მათთვის. ჩემს სიტყვას მხოლოდ თანაგრძნობისა და შებრალების გამოხატვა შეუძლია.
უძრავი ხიბლი,
რომ არა ჰყავს ბადალი ქვეყნად,
არის წარსულთან კავშირი, ხიდი,
რასაც სიკვდილიც ვერ გაიხდის თანამზრახველად.
საჭირო იყო შეწყვეტა. თამაშის, ინტერმედიაციის, კონტაქტის გაწყვეტა, მაგრამ უკვე გვიანაა. 258, 129, 2727313, 11324410.
პირველ ეპიზოდს სიმაღლიდან იღებდნენ.
დაბლობს თვალუწვდენელ სივრცეზე ნაცრისფერი პლასტიკური აპკი გადაჰკვროდა. ალმერიის ჩრდილოეთით ვიმყოფებოდით. სათბურებში გამოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის საკრეფად უწინ მუშახელს სოფლებში მოიძიებდნენ ხოლმე. ხშირად დაქირავებულები წარმოშობით მაროკოელები იყვნენ. პროცესის ავტომატიზაციის შემდეგ ისინი მიმდებარე სიერებში მიმოიფანტნენ.
ჩვეულებრივი მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარდა (ამაში შედიოდა ელქტროსადგური, რომლის წყალობითაც გარსშემოვლებულ გალავანს დენი მიეწოდებოდა, ასევე, სატელიტური რელეები, დეტექტორები), ქვეგანყოფილება „პროექსიონეს XXი, 13“ ასევე განკარგავდა მინერალური მარილების გენერატორსა და სასმელი წყლის საკუთარ წყაროს. ქვეგანყოფილება დაშორებული იყო მთავარი სატრანსპორტო ღერძიდან და არც ერთ ახალ რუკაზე არ აღენიშნათ. თუმცა, მოგვეპოვება ბევრად უფრო ადრინდელი პერიოდით დათარიღებული, მშენებლობამდელი გადაღებების მონაცემები. მას შემდეგ, რაც საჰაერო მიმოსვლა გაუქმდა, ხოლო სატელიტურ გადამცემებზე ჩამხშობები ჩაამონტაჟეს, ადგილმდებარეობის ვირტუალურად დაფიქსირება შეუძლებელი შეიქნა.
შემდეგი ეპიზოდი თამამად შეიძლებოდა სიზმარი ყოფილიყო. ადამიანი, რომელსაც ჩემი სიფათი ჰქონდა, მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთ საამქროში იოგურტს თქვლეფდა. მანქანა-დანადგარების ექსპლოატაციის წესები თურქულ ენაზე იყო დაწერილი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ წარმოება ერთ მშვენიერ დღეს განახლდეს.
12, 12, 533, 8467.
მარი 22-ის მორიგი გზავნილი შემდეგი შინაარსისა გახლდათ:
მარტო ვარ,
სრულიად მარტო,
დასირებული,
საკუთარი ხვრელის ამარა.
245535, 43, 3. როცა ვამბობ „მე“, ვცრუობ. ვისარგებლოთ გამჭვირვალე და ნეიტრალური პერცეფციული „მე“-თი. მივაკუთვნოთ ის ინტერმედიულ „მე“-ს. ამ შემთხვევაში ჩემი სხეული მხოლოდ ჩემი კუთვნილებაა, უფრო სწორად – მე ვარ მისი კუთვნილება და რას ვაკვირდებით? კონტაქტის არარსებობას. გეშინოდეთ ჩემი სიტყვის.