ერთი
1
ნოემბრის მიწურულს ან დეკემბრის დასაწყისში გამოერევა ხოლმე ისეთი ორშაბათი, როდესაც თავი სიკვდილის დერეფანში გგონია – ამას განსაკუთრებით მაშინ გრძნობ, თუ უცოლო ხარ. ზაფხულის არდადეგები დიდი ხანია, დავიწყებას მისცემია, ახალი წელი კი ჯერ შორსაა; უჩვეულოა არსად ყოფნის შეგრძნება.
ორშაბათს, 23 ნოემბერს, ბასტიენ დუტრმონმა სამსახურში წასვლა მეტროთი გადაწყვიტა. ჩავიდა სადგურში "კლიშის კარიბჭე" და წააწყდა წარწერას, რომელზეც რამდენიმე დღით ადრე კოლეგები უყვებოდნენ. დილის ათი საათი უკვე შესრულებულიყო, ბაქანზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
ბასტიენს სიყმაწვილიდან იზიდავდა პარიზის მეტროს გრაფიტი და ხშირად თავისი დრომოჭმული აიფონით ფოტოებსაც უღებდა. უკვე ოცდამესამე თაობის ტელეფონი გამოვიდა, ის კი მეთერთმეტეზე გაჩერებულიყო. ფოტოებს სადგურებისა და მეტროს ხაზების მიხედვით ახარისხებდა, რასაც მის კომპიუტერში უამრავი საქაღალდე ეთმობოდა. ამ საქმისთვის შეიძლებოდა ჰობიც დაერქმია, მაგრამ თავად უფრო მოსწონდა ბევრად მსუბუქი, თუმცა, სინამდვილეში, არსით ბევრადვე ულმობელი "დროის გაყვანა". მისი ერთ-ერთი საყვარელი წარწერა დახრილი და მკაფიო ასოებით გამოესახათ "იტალიის მოედნის" გრძელი თეთრი დერეფნის შუაში და ის ენერგიულად აცხადებდა: "დრო არ გავა!"
მეტროს მგზავრების დაუოკებელი მრისხანება გამოეწვია იმ უნიათო ნაბოდვარს, რომელსაც პარიზის მეტროს სადგურები "პარიზის ტრანსპორტის ავტონომიური ოპერატორის პოეზიის" ეგიდით შექმნილი პლაკატების სახით წაელეკა და ამ პლაკატებიდან ზოგიერთი ვაგონებშიც გაეკრათ. მაგალითად, ვიქტორ ჰიუგოს სახელობის სადგურზე ასეთი წარწერის ნახვა შეიძლებოდა: "ისრაელის მეფის საპატიო ტიტულს ვითხოვ. სხვაგვარად არ ძალმიძს". კიდევ უფრო ხისტი და ამაღელვებელი წარწერა შეგხვდებოდათ სადგურ "ვოლტერში": "საბოლოო შეტყობინება ყველა ტელეპათს, ყველა სტეფანს, ვისაც ჩემი ცხოვრების ყირაზე დაყენება სურს: ჩემი პასუხია არა !"
"კლიშის კარიბჭის" სადგურის წარწერა, სინამდვილეში, ნამდვილი გრაფიტი არც იყო: შავი საღებავით დაწერილი უზარმაზარი, ორმეტრიანი ასოები მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა ბაქანს, საიდანაც მატარებლები "გაბრიელ პერი-ანიერი-ჟენვილიეს" მიმართულებით გადიოდა. ბასტიენმა მოპირდაპირე ბაქანზე გადასვლის მიუხედავადაც ვერ ჩაატია ერთ კადრში, მაგრამ მთელი წარწერის წაკითხვა კი შეძლო: "მონოპოლიებს გადარჩენილები/მეტროპოლიის გულში".
ამ შეტყობინებაში არაფერი არ იყო შემაშფოთებელი, არც ასაღელვებელი, თუმცა შეიძლებოდა შიდა უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ინტერესი მაინც გამოეწვია, როგორც ფარული მუქარის შემცველ ყველა იდუმალ შეტყობინებას, რომლითაც ბოლო წლებში საჯარო სივრცეები ავსებულიყო. მათი მიკუთვნება რომელიმე მეტ-ნაკლებად მკაფიოდ განსაზღვრული მცირე პოლიტიკური დაჯგუფებისთვის შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო ასეთი გაერთიანებების ბოლოდროინდელი ინტერნეტშეტყობინებები სულ უფრო შთამბეჭდავი და სულ უფრო საგანგაშო ხდებოდა. ამჟამად ბასტიენს სამსახურებრივად სწორედ მათი ახსნა-განმარტება ევალებოდა.
სამუშაო მაგიდაზე ლექსიკოლოგიური ლაბორატორიიდან გამოგზავნილი მოხსენება დახვდა. მასალა დილით, ანუ პირველი დარიგებისას მიეღო. ლაბორატორიას შეტყობინებები შეესწავლა და ორმოცდაცამეტი ნიშანიც გამოეცალკევებინა – ანბანის ასო-ნიშნები და არა იდეოგრამები; მათი განლაგების მიხედვით უკვე ასო-ნიშნების სიტყვებად დანაწილება შეიძლებოდა. შემდეგ ლაბორატორიაში ასო-ნიშნების არსებულ ანბანებთან, პირველ რიგში, ფრანგული ენის ანბანთან, ბიექციურად დაკავშირება სცადეს. მოულოდნელად ეს მეთოდი მართებული აღმოჩნდა: ანბანის ოცდაექვს ასოს დამატებული აქცენტიანი და ლიგატურიანი ან სედილიანი ნიშნები ორმოცდაორ ასო-ნიშანს გვაძლევს. სასვენი ნიშანი, ტრადიციულად, თერთმეტია, შესაბამისად, ორმოცდაცამეტი ნიშანი გამოდის. მაშასადამე, კოდის ამოხსნის კლასიკური ამოცანის პირისპირ აღმოჩნდნენ: უნდა დაედგინათ შეტყობინებებისთვის გამოყენებული ნიშნების (ასო-ნიშნებისა და სასვენი ნიშნების) შესაბამისობა ფრანგულ დამწერლობასთან (ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობით). სამწუხაროდ, ორკვირიანი ძალისხმევის ბოლოს სრულ ჩიხში აღმოჩნდნენ: კოდირების დღემდე ცნობილი ყველა სისტემა ამაოდ მოესინჯათ. ლაბორატორიის დაარსების დღიდან ეს წარუმატებლობის პირველი შემთხვევა იყო. შეტყობინებების ინტერნეტით გავრცელება, რომლებსაც ვერავინ წაიკითხავდა, აშკარად აბსურდული ნაბიჯი ჩანდა, თუმცა მათ უეჭველად ჰყავდა ადრესატი – მაგრამ ვინ?
ბასტიენი წამოდგა, ესპრესო მოიმზადა და ფინჯნით ხელში პანორამულ ფანჯარას მიუახლოვდა. დამაბრმავებელი სინათლე ირეკლებოდა მაღალი ინსტანციის სასამართლოს შენობის კედლებზე. მოწყენილ და არაფრისმთქმელ პეიზაჟზე გაბატონებული მინისა და ფოლადის გიგანტური, არასტრუქტურირებული პარალელეპიპედების ერთმანეთზე დახვავება არასოდეს მიუჩნევია განსაკუთრებული ესთეტიკური ღირებულების ნიმუშად. ნებისმიერ შემთხვევაში, კონცეფციის ავტორების მიზანი არ ყოფილა სილამაზის ჩვენება, არც სიამოვნების მინიჭება მნახველისთვის, არამედ უფრო საკუთარი ტექნიკური ოსტატობის წარმოჩენაზე ზრუნავდნენ – თითქოს, პირველ რიგში, იმ უცხოპლანეტელებზე სურდათ შთაბეჭდილების მოხდენა, რომელთა სტუმრობასაც ელოდნენ.
ბასტიენი კარგად არ იცნობდა ოქრომჭედლების სანაპიროს (ოქრომჭედლების სანაპირო (Quai des Orf è vres) – პარიზის ერთ-ერთ სანაპიროზე, 1875-1880 წლებში აგებულ 36 ნომერ სახლში 2017 წლამდე განთავსებული იყო პარიზის პოლიციის პრეფექტურის სისხლის სამართლის საქმეების პოლიციის რეგიონული დირექტორატი.) 36-ში მდებარე ისტორიულ შენობებს და ასაკით უფროსი კოლეგებისგან განსხვავებით, არც ძველი ოფისის ნოსტალგია აწუხებდა, მაგრამ ის კი ცხადი იყო, რომ დღიდან დღემდე ცვალებადი "ახალი კლიშის" ეს უბანი წმინდა წყლის ურბანულ კატასტროფად ყალიბდებოდა: უბნის მოწყობის თავდაპირველ გეგმაში