ნაწილი პირველი
1
„ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით“.
რომაელთა მიმართ, XIII, 12
პარასკევ საღამოს კოლეგამ მეგობრულ ვახშამზე მიმიწვია. ოცდაათამდე მაინც ვიყავით, ოცდახუთიდან ორმოც წლამდე საშუალო რგოლის მოსამსახურენი. ერთიც ვნახოთ და ვიღაც წაკლამ გაშიშვლება იწყო. ჯერ მაისური გაიხადა, მერე ლიფი და ქვედაბოლო მიაყოლა. აუ, რას იმანჭებოდა! ერთი ხანობა, მოკლე ტრუსებში დარჩენილი, ადგილზე ცმუკავდა, მერე ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა, ისევ ჩაცმა ამჯობინა. ეს გოგო, ჩვეულებრივ, მამაკაცებს ერიდებოდა. მით უფრო გაუგებარი იყო მისი იმდღევანდელი ოინი.
მეოთხე ჭიქა არაყი რომ ვხუხე, ვიგრძენი, საქმე კარგად ვერ იყო, ტახტისკენ წავლასლასდი და კედელთან მიყრილ მუთაქებზე გავიშოტე. ცოტა ხანიც და ტახტზე ორი გოგო ჩამოჯდა საჟღურტულოდ. ლამაზები არ ეთქმოდათ, სამსახურშიც უჩინარები იყვნენ. აი, ისეთები, ერთად რომ სადილობენ და შიგადაშიგ რაღაც წიგნებს კითხულობენ იმის თაობაზე, თუ როგორ უვითარდებათ ბავშვებს მეტყველება, ჰოდა, ეგეთი რაღაცები.
დაქალები ჭორაობდნენ. დღეს ერთი ქალი მოვიდა სამსახურში, ისეთი მოკლე ქვედატანი ეცვა, დუნდულებსაც ვერ უფარავდაო.
მერედა, იცით, რას ამბობდნენ? ძალიანაც კარგი, ეგრეც უნდა იყოსო. ჩემს თავს ზემოთ, კედელზე, ჭორიკნების სილუეტები ჩინური ჩრდილებივით ისახებოდა. ასე მეგონა, მათი ხმა სულიწმიდასავით იღვრებოდა. საქმე ის იყო, რომ სულ მთლად მოვიშალე, სხვა არაფერი.
თხუთმეტი წუთი კიდევ ილაქლაქეს. აქაოდა, როგორც მოგვეხუშტურება, ისე ჩავიცვამთო, კაცების დასაბმელად კი არა მაინცდამაინცო, ისე, საკაიფოდ, ასე გვევასებაო და იქითურაქეთური. ფემინიზმის სულთაბრძოლას ვესწრებოდი, პირდაპირ. მგონი, კიდეც ხმამაღლა წამომცდა „ფემინიზმის სულთაბრძოლა“. იმათ მაინც არაფერი გაუგიათ.
ის გოგო მართლაც რომ თვალში შეგეჩხირებოდა. რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩვენი განყოფილების უფროსმაც, ლამის იყო, შარვალში ჩაისველა.
ქალების ბაასის დასასრულს ვეღარ მოვესწარი. ჩამეძინა. რაღაც საშინელება მესიზმრა. ერთიორი ძეხვივით პუტკუნა ქალი, ხელგაყრილი, ჩვენი განყოფილების დერეფანში იდგა, ფეხებს მაღლა ყრიდა და თავგადაკლული მღეროდა:
„თუ ტრაკშიშველა დავიარები,
სულ არ გაწონებ, მერწმუნე, თავს,
თუკი ბანჯგვლიან ბაყვებს ვაშიშვლებ,
ისე, უბრალოდ, დილიხორი მაქვს!“
ის მინი ქვედატანიანი გოგო კარებში იდგა, მაგრამ, ახლა, შავი, კოჭებამდე კაბა ეცვა, იდუმალი და სადა. მომღერლებს მიშტერებოდა და იცინოდა. მხარზე უზარმაზარი თუთიყუში ეჯდა, ჩვენი განყოფილების გამგის ზუსტი ასლი. დროდადრო გოგო გამოზომილი, კარგად გავარჯიშებული მოძრაობით მუცელზე ხელს უსვამდა და ბუმბულს უწეწავდა.
თვალი რომ გავახილე, წამსვე ვიაზრე, რომ ძილში იატაკის რბილ საფარზე მირწყევია. საღამო მთავრდებოდა. ნარწყევს მუთაქების გროვა წავაფარე, მერე წამოვდექი და ვცადე სახლში წავსულიყავი. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ მანქანის გასაღები დავთესე.
2 -
მარსელთა შუაგულში
მესამე დღეს კვირა იყო. იმ უბანში მივბრუნდი, მაგრამ მანქანა ვერსად ვიპოვე. არც მახსოვდა, სად დავტოვე; ამისთვის ნებისმიერი ქუჩა გამოდგებოდა. მარსელსამბა, მარსელდასო... რა ამბავი მარსელია?! გარშემო ოთხკუთხედი, აწოწილი სახლები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ. ყველა შენობა ერთნაირია. ჰო, მაგრამ, ჩემი მანქანა სადღაა?
მარსელებს შორის დავეხეტებოდი და სულ უფრო მეძალებოდა განცდა, რომ ყელში ამომივიდა მანქანებიც და, საერთოდ, ამა ქვეყნის ყველა ნივთი. ყიდვის დღიდანვე, პეჟოს ჩემთვის წვალების მეტი არაფერი მოუტანია: ხან შეკეთება (მე კი ამისა არაფერი გამეგება), ხან მსუბუქი შეჯახება... რა თქმა უნდა, დაზარალებული მძღოლები არაფერს იმჩნევენ, მეგობრულ გარიგებაზე მიდიან, „ოკეი, ყველაფერი რიგზეაო“ იმეორებენ. მაგრამ, ქვეშქვეშად ზიზღით სავსე მზერას გესვრიან. ვერაფერი სიამოვნებაა...
ერთი კიდევ: კაცი რომ დაუკვირდეს, სამსახურში მეტწილად მეტროთი მივდიოდი. შაბათკვირასაც არ გავდიოდი ქალაქგარეთ, არც ვიცოდი, სად წავსულიყავი. შვებულებას ორგანიზებულ მოგზაურობებში ვატარებდი, სასტუმროებში ან ბანაკებში. „რა თავში ვიხლი ამ მანქანას?“ - წამდაუწუმ ვიმეორებდი და ემილლანდრენის ქუჩას მივუყვებოდი.
მხოლოდ ფერდინანბუისონის გამზირზე გასვლისას მომივიდა აზრად, პოლიციაში გამეცხადებინა მანქანის გატაცება. ჩვენს დროში მანქანების ქურდობა გახშირდა, განსაკუთრებით გარეუბნებში. ჰოდა, ჩემს ყურით მოთრეულ ამბავს სადაზღვევო კომპანიებიც და ჩემი კოლეგებიც ერთნაირად უთანაგრძნობდნენ. აბა, სხვანაირად როგორ ვაღიარო, რომ მანქანა დავკარგე? ხუმრობაში ჩამითვლიან, გიჟია ან სულ მთლად გამოთაყვანდაო, შეიძლება იფიქრონ. ასე რომ, სიმართლე კარგს არაფერს მომიტანდა. ეგეთ რაღაცებზე კბილების კრეჭა არ ეგების. საქმე რეპუტაციას და მეგობრობას ეხება. ზოგი გვერდში ამოგიდგება, სხვებს კი სამუდამოდ დაკარგავ.
ცხოვრებას ვერავინ მასწავლის, კარგად ვიცი მისი ავანჩავანი. აღიარებ თუ არა, მანქანა დავთესეო, წამსვე საზოგადოებიდან გაირიყები. ასე რომ, მინდა თუ არა, ქურდობას უნდა მივაწვე.
მოგვიანებით, უკვე საღამოხანს, სიმარტოვე გაუსაძლისი გახდა. სამზარეულოს მაგიდაზე თევზის ნარჩენით გაქონილი ფურცლები ეყარა. ჩანაწერები ცხოველთა სამყაროს ეხებოდა. უნდა მოგახსენოთ, რომ ცხოველებზე შეთხზული ამბები ლიტერატურის ისეთივე სახეობაა, როგორიც ნებისმიერი სხვა. შეიძლება, კიდევ