1. აღლუმი ერჰენრანგში
ჰაინის არქივებიდან. ანსიბლის დოკუმენტის, 01-01101- 934-2-გეთენი, წერილობითი ასლი: სტაბილს ოლულზე: პლანეტა გეთენზე/ზამთარზე პირველი მობილის, გენლი აის მოხსენება, ჰაინური ციკლი 93, ეკუმენური წელი 1490-97.
ჩემი მოხსენება თხრობითი ხასიათისა იქნება, რადგან ჯერ კიდევ ბავშვობისას მშობლიურ პლანეტაზე მასწავლეს, რომ ჭეშმარიტება წარმოსახვის საკითხია. ყველაზე უდავო ფაქტის დამაჯერებლობა ან დაუჯერებლობაც კი თხრობის სტილზეა დამოკიდებული. ფაქტები რაღაცით ჩვენი, დედამიწის, ზღვების მარგალიტებს ჰგავს, რომლებიც, შეიძლება, ერთი ქალის ყელზე გაცოცხლდნენ და ძალიან გაბრწყინდნენ, მეორისაზე კი – გამკრთალდნენ და ჩაქრნენ. ფაქტები მარგალიტებზე მყარი, თანამიმდევრული ან ნამდვილი როდია, მაგრამ ორივე ფაქიზი და დელიკატური რამაა.
ეს მხოლოდ ჩემი ამბავი არაა, არც მხოლოდ მე ვყვები. სიმართლე ითქვას, არც კი ვიცი, ვისი ამბავია. განსჯა თქვენთვის მომინდვია. თუმცა ერთი მთლიანი ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ფაქტები ურთიერთსაწინააღმდეგო მოგეჩვენებათ, ამბავს კი სხვადასხვა ვერსია აქვს. მათ შორის უკეთესი თქვენ თვითონ აირჩიეთ; მხოლოდ ამას ვიტყვი: არაფერი არ არის გამოგონილი და ყველა ვერსია, არსებითად, ერთსა და იმავეს მოგვითხრობს.
ეს ამბავი 1491 წლის 44-ე დღეს იწყება, რაც პლანეტა ზამთარზე კარჰაიდის სახელმწიფოს კალენდრით პირველი წლის გაზაფხულის მესამე თვის ოცდამეორე დღე, ანუ ოდარჰაჰად ტუვა, გამოდის. აქ ყოველთვის პირველი წელია. მხოლოდ წინა და მომდევნო წლების დათარიღება იცვლება ყოველ ახალი წლის დღეს, რადგან მუდმივი „ახლადან“ წინ ან უკან ითვლიან. მოკლედ, კარჰაიდის დედაქალაქ ერჰენრანგში პირველი წლის გაზაფხული იდგა, მე კი საშინელი საფრთხე მემუქრებოდა, მაგრამ ეს ჯერ არ ვიცოდი.
აღლუმში ვმონაწილეობდი. გოსიუორების უკან და მეფის წინ მივაბიჯებდი. წვიმდა.
მუქ კოშკებს საწვიმარი ღრუბლები დამხობია თავზე, ფართო ქუჩებს აწვიმს; მუქ, ნაქარიშხლევ ქვის ქალაქში ნელა მიიკლაკნება საზეიმო მსვლელობის ვიწრო ოქროსფერი ზოლი. ყველაზე წინ ქალაქ ერჰენრანგის ვაჭრები, მოხელეები და ხელოსნები მოდიან. რიგი რიგს მოსდევს, ბრწყინვალედ შემოსილან, წვიმაში ისე მოხერხებულად მოიწევენ წინ, როგორც თევზები წყალში. გამჭრიახად და მშვიდად იმზირებიან. მწყობრად არ მოდიან: ეს სამხედრო აღლუმი არ არის, ჯარისკაცობას არავინ ცდილობს.
მათ მთავრები, მერები და დეპუტატები მოჰყვებიან, თითო-თითოდ, ხუთ-ხუთად ან სულაც ორმოცდახუთ- ან ოთხასკაციან ჯგუფებად. კარჰაიდის ყოველი დომენიდან მოსულთა მდიდრულად მორთული პროცესია ლითონის საყვირებისა და ძვლისა და ხის ღრუიანი საკრავების მუსიკაზე და ელექტროფლეიტების რიტმულ ჰანგებზე მოძრაობს. დიდი დომენების მრავალფეროვანი დროშები ქუჩების მოსართავად დაკიდებულ ალმებში იხლართება და მათი სიჭრელე თავბრუს გახვევს. ყოველ ჯგუფს თავისი მელოდია აქვს. ისინი ერთმანეთს ერწყმის და მრავალფეროვანი რიტმები ქვის ფართო ქუჩაში ექოდ ვრცელდება.
შემდეგ ჟონგლიორები მოდიან, ოქროს პრიალა ბურთებს მაღლა ისვრიან და იჭერენ, ისვრიან და იჭერენ, ბურთები ელვასავით კრთებიან ჰაერში და შადრევნის შხეფებს ემგვანებიან. უცებ ყველა ბურთი ბროლივით ციმციმს იწყებს და ლამისაა დაიჯერო, რომ სინათლე შეისრუტეს: ეს მზემ გამოანათა ღრუბლებიდან.
ჟონგლიორების კვალდაკვალ ყვითლად შემოსილი ორმოცი კაცი მოდის და გოსიუორებს უკრავს. გოსიუორი უჩვეულო, სევდის მომგვრელ ხმას გამოსცემს, მას მხოლოდ მეფის თანდასწრებით უკრავენ. ორმოცი გოსიუორი ერთად ნებისმიერს დაარეტიანებს, ერჰენრანგის კოშკებს შეაზანზარებს და საავდრო ღრუბლებს წვიმის უკანასკნელ წვეთებს დააბერტყვინებს. ამას თუ სამეფო მუსიკა ჰქვია, გასაკვირი არ არის, რომ კარჰაიდის მეფეები შეშლილები არიან.
შემდეგ მოდიან მეფის ამალა, მცველები, მოხელეები, ქალაქის წარჩინებულნი, დიდგვაროვნები, მრჩევლები, სენატორები, მინისტრები, ელჩები, სამეფოს მთავრები; რანგსა და წოდებას ყურადღებას არ აქცევენ, შეუწყობლად, მაგრამ ამაყად მოაბიჯებენ. მათ შორისაა მეფე არგავენ XV, რომელსაც თეთრი მუნდირი, პერანგი, შარვალი და ზაფრანისფერი ტყავის პაჭიჭები აცვია, თავზე ფორმის ყვითელი ქუდი ახურავს. თავისი წოდების დასტურად და ერთადერთ სამკაულად ოქროს ბეჭედი უკეთია. ყვითელი საფირონებით მოოჭვილი მისი სამეფო ტახტრევანი რვა ღონიერ მამაკაცს მოაქვს. უკვე მრავალი საუკუნეა, მასში კარჰაიდის მეფეები არ მსხდარან, ტახტრევანი დიდი ხნის წინანდელ სამეფო რელიკვიადაა ქცეული. ტახტრევანის უკან რვა მცველი მოაბიჯებს და რვავეს „საიერიშო თოფი“ უჭირავს – კიდევ ერთი რელიკვია ბარბაროსული წარსულისა. თოფი ცარიელი არ არის, რბილი ლითონის ბურთულებითაა დატენილი. მეფეს უკან თავად სიკვდილი მოჰყვება. მცველებს მოსდევენ ხელოსნის შეგირდები, კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები, მეფის კერის მოსწავლეების – თეთრ, წითელ, ოქროსფერ და მწვანესამოსიანი ბავშვების რიგი გრძლად გაჭიმულა. პროცესია რამდენიმე ჩუმი და ნელი შავი ავტომობილით სრულდება.
მეფის ამალა, და მათ შორის – მეც, მდინარის ჭიშკრის დაუსრულებელი თაღის გვერდით ახალაგებულ ხის პლატფორმაზე გროვდება. დღეს თაღის შენებას ამთავრებენ და აღლუმიც ამის აღსანიშნავად იმართება. თაღთან ერთად გაიხსნება ერჰენრანგის ახალი სანაოსნო გზა და პორტი. მიწასახაპი სამუშაოები, მშენებლობა და გზის