პროლოგი – სახლში მოდი, ტენარ! მოდი სახლში!
საღამოვდებოდა, დაბლობის სიღრმეში გაშლილი ვაშლის ხეივნები აყვავების პირას მისულიყვნენ; აქა-იქ რამდენიმე ნაადრევ ყვავილს დაისის ვარსკვლავივით თეთრი და ვარდისფერი ფოთლები გადაეშალა და საღამოს ბინდი დაეჩხვლიტა. ხეივნების ჩაყოლებაზე ახალაბიბინებული, სქელი და ქორფა ბალახის ზღვაში პატარა გოგონა სირბილით გალაღებული დაქროდა. დაძახებისთანავე როდი გაეშურა სახლისკენ, ჯერ ფართო წრე დაარტყა და შინისკენ პირი მხოლოდ მერეღა აქცია. სახლის ზღურბლზე მდგარი დედის უკან კერიის სინათლე იღვრებოდა; ქალი იდგა და უცქერდა მინდორში მონავარდე პაწაწინა არსებას, რომელიც დიდრონი ხეების ქვეშ გაშლილ ბალახზე სიოს ნებაზე ათამაშებული ბაბუაწვერას ბუსუსივით დაფარფატებდა.
სახლის კუთხესთან მდგარმა მამამ, რომელიც თოხს მიმხმარ ტალახს აფხეკდა, ცოლს საყვედურით მიმართა:
– ამ ბავშვს რატომ ესიყვარულები? ხომ იცი, რომ შემდეგ თვეში უკვე მოაკითხავენ და სამუდამოდ წაიყვანენ. ჩავთვალოთ, რომ დავმარხეთ და ეს ამბავიც ჩავლილი და დასრულებულია. რაში გარგია იმაზე მიჯაჭვა, რისი დაკარგვაც გიწერია? ჩვენც აღარაფერში გვადგება. წაყვანისას ფული მაინც რომ გადაეხადათ, კიდევ ჰო, მაგრამ ისინი ხომ მაგასაც არ აპირებენ. უბრალოდ წაიყვანენ და ამით დასრულდება.
დედას არაფერი უთქვამს, ისევ გაჰყურებდა ბავშვს, რომელიც ცოტა ხნით შეჩერდა და ხეებს შორის სახლისკენ გამოიჭყიტა. მაღალ გორაკებზე გაშლილი ხეივნების ზემოთ კი დაისის ვარსკვლავი სუსხიანად კაშკაშებდა.
– ის ჩვენი აღარაა: იმ დღის მერე, რაც ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ის აკლდამების ქურუმი უნდა გამხდარიყო, ჩვენი აღარ ყოფილა. ნუთუ ამას ჯერაც ვერ ხვდები?
კაცის ხისტ ხმას წყენა და სიმწარე შერეოდა.
– კიდევ ოთხი შვილი გყავს, რომელიც ჩვენთან დარჩება, ეს ერთი კი წავა. ასე რომ, ნუ მიეჯაჭვები. შეიგნე და გაუშვი.
– დრო რომ მოვა, – მიუგო ქალმა, – გავუშვებ.
ქალი დაიხარა, ტალახიან მიწაზე შიშველი, თეთრი, პაწაწინა ფეხებით მორბენალი ბავშვი გულში ჩაიკრა და სახლისკენ წაუძღვა. დედა გოგონას თავზე საკოცნელად დაიხარა; ცეცხლის მბჟუტავ სინათლეში ჩანდა, რომ ბავშვს შავი თმა ჰქონდა, თუმცა დედის თმა ჩალისფრად მოჩანდა.
გარეთ დარჩენილი კაცი, რომელიც ბავშვივით ფეხშიშველი იდგა გაზაფხულის ნათელი ცის ქვეშ გაფენილ ცივ მიწაზე, თანდათან ღამის სიბნელეში ეხვეოდა. საღამოს ბინდში მდგომს, სახეზე მძიმე, გამოუთქმელი და ბრაზით სავსე მწუხარება ასახოდა, რომლის ხმამაღლა გამოსახატად სიტყვებს ვერასოდეს იპოვიდა. ბოლოს, ცოტა ხნის შემდეგ მხრები შეიბერტყა და ცოლს სახლში შეჰყვა, სადაც სინათლეს დაესადგურებინა და ჰაერს ბავშვების ჟრიამული აცოცხლებდა.