წიგნი პირველი
პატარა ღამის რომანი
დასათაურება
1.ულვაშების ბოლოები მათრახებივით ჩამოკონწიალებოდათ (ყველგან ამდენი უბედურებაა, ჩვენ კი, ყველანი, ისე ვგრძნობთ თავს მასში, როგორც თევზი წყალში).
2. პირველ საუკუნეებში ისინი სინას უდაბნოში ცხოვრობდნენ (ბუჩქს ჯოხი დაარტყი – ყვავილი ამოვა).
3. ერთ ღამეს იმპერატრიცა თეოდორას ესიზმრა, თითქოს მის საძინებელში ანგელოზები დაფრინავენ (ქუხილმა და ელვამ მთლად გაამათრახეს მიწაც და წყალიც).
4. უცნობია, ორი საბერმონაზვნო წყობიდან რომელს ანიჭებდა უპირატესობას ბერძნული, სლავურამდელი ხილენდარი (ეგეოსის ზღვა წყნარია მხოლოდ კვირა დღეებში და დღესასწაულებზე).
5. ხილენდარელი დამარტოებულნი, სახელწოდებით – იდიორიტმიკოსები (ცაზე მაძებარი ძაღლების თანავარსკვლავედი მეფობდა).
6.ხილენდარელი მეთემეები, სახელწოდებით – კენობიტები (აღმოსავლური პარასკევი იყო, როცა საქმის დაბოლოება არ ეგების).
1
ულვაშების ბოლოები მათრახებივით ჩამოკონწიალებოდათ. თაობიდან თაობამდე, საერთოდ, უღიმღამოდ ცხოვრობდნენ და წლები ნაოჭებით ამკობდა მათი სახეების მხოლოდ ზედა ნაწილს და ბერდებოდნენ არა სიამოვნებისგან, არამედ ფიქრისგან.
ამბობენ, იუდეველებმა მათ ედომეები შეარქვეს. თავად კი თავს „მარილს“ უწოდებდნენ. დიდი დრო გავა, ვიდრე ადამიანი ერთ პეშვ მარილს შეჭამს – აი, რას გულისხმობდნენ. ედომეები მოთმინებით გამოირჩეოდნენ. ორი ნიშანი ჰქონდათ – კრავის ნიშანი და თევზის ნიშანი. კრავს ეძღვნებოდა ღვეზელები, ცრემლით მოზელილი, თევზს კი – ტომის საქორწინო ბეჭდები (თევზი – სულის საპატარძლო).
ეს გაყოფა უცბად არ მომხდარა. ოთხი თუ ხუთი თაობა გადაეგო, ვიდრე ერთ-ერთი მათგანი იტყოდა: „მოლაპარაკე ხეზე უკეთესი ქვეყნად არაფერია. ხე ხომ ორივე სქესის ნაყოფს იძლევა. მისი მეშვეობით სიჩუმის დუმილისგან გარჩევა შეიძლება. რადგან ადამიანი, ვისი გულიც დუმილით არის სავსე, სულაც არ გახლავთ ისეთი, როგორიც ის, ვისი გულიც სიჩუმით აღვსილა...“.
ანტიოქიელმა, ვინც ეს ფრაზა მოიშველია, ძლივს მოასწრო მისი ამოთქმა, რომ შიშისა და სიძულვილის გარეშე მიიღო სიკვდილი მტაცებელი ცხოველის კბილებიდან ისევე, როგორც მისმა თანამემამულე ეგნატმა რომში ჩვენი წელთაღრიცხვის 107 წელს.
ხორბლის მარცვლის დამნახავი ვერ ამჩნევს მასში მიმალულ ნიშანს, იქ კი აღნიშნულია, როგორი თავთავი ამოვა მარცვლიდან, რამდენ ახალ მარცვალს მოიტანს და რამდენს ღვარძლს. ზუსტად ასევე, ანტიოქიელის ფრაზაშიც შეუძლებელი იყო წინასწარ რაიმეს ამოკითხვა, თუმცა ყველაფერი ნათქვამი იყო.
ედომეები გამუდმებულ შიშში არსებობდნენ. მისგან ხსნა მხოლოდ ხანმოკლე ძილს მოჰქონდა, თუკი ეწვეოდათ. მაგრამ სიზმარშიც ყველგან თან სდევდათ ურჩხულები, დალაქულ დრუნჩებითა და თვალების ნაცვლად ჭიპებით. როგორც წყალში დასახრჩობად განწირული ისწრაფვის, ხმელეთზე გამოაღწიოს, ისე ეს უბედურები ცდილობდნენ, რეალობას დაბრუნებოდნენ, მაგრამ მოვარდნილი ტალღები ჯიუტად აბრუნებდნენ ისევ იმ მორევში. მხოლოდ მათი სხეულები, თავს დამტყდარი ერთი უბედურებიდან მეორისკენ, რეალობიდან სიზმარში და სიზმრიდან რეალობაში მოხეტიალენი, აკავშირებდა ერთმანეთთან ამ ორ კოშმარს. ისინი თითქოს ორი მიმართულებით გადასცემდნენ გზავნილებს ისე, რომ ვერ აცნობიერებდნენ, სიზმრები – სხვათა შორის, ისევე, როგორც იმპერატორების, სეპტიმუს ჩრდილოელის, მაქსიმუს ფრაკიელისა და ვალერიას ედიქტები – შეუბრალებლად მიერეკებიან მათ ხეების საფარქვეშ, რაზეც ანტიოქიელი ლაპარაკობდა. ედომეები გარბოდნენ უდაბნოებში, რათა არ აღმოჩენილიყვნენ ჯვარზე ან ქარის წისქვილის ფრთებზე მილურსმულები ან ველური ცხოველებისთვის დასაფლეთად მიყრილები; იმალებოდნენ, რათა თავი არ მიემტვრიათ დილეგების მტკიცე კარებზე, ანდა წყალსატევების მტაცებელ თევზებს შესაჭმელად არ გაემეტებინათ თითები, ყურები და თვალები.
სირიის, მესოპოტამიის და ეგვიპტის უგზოობაში მიმობნეულნი, საკუთარ გრძელ თმებში ჩათბუნებულნი, იღლიიდან გამოტარებულს მკერდზე რომ იკვანძავდნენ, ედომეები პირამიდებში იმალებოდნენ, თავს აფარებდნენ საფლავებსა და ძველი ციხესიმაგრეების ნანგრევებს. ისინი მიეხეტებოდნენ ტებაიდის მთებამდეც, ნილოსისა და წითელი ზღვის ნაპირებს შორის რომ აღმართულა, წითელი ზღვისა, სადაც ორნაირად მსუნთქავი თევზები – ჩიტებზე მონადირენი – ბინადრობენ. უწევდათ კოპტურად და ებრაულად, ბერძნულად და ლათინურად, ქართულად და სირიულად ლაპარაკი ან ყველა ამ ენაზე დუმილი. გაუცნობიერებლად, მაგრამ გზიდან გადაუხრელად, ხორბლის მარცვლის მორჩივით, მიიწევდნენ ხისკენ ხსენებული ფრაზიდან. ბოლოს და ბოლოს, სინამდე მიაღწიეს. და მხოლოდ აქ გაცხადდა მათთვის მნიშვნელობა სიტყვებისა:
„ვისი გულიც დუმილით არის სავსე, სულაც არ არის ისეთი, როგორიც ის, ვისი გულიც სიჩუმით აღვსილა...“.
როგორც კი უდაბნოს პირველი მცხოვრები საკუთარ ჩრდილქვეშ ჩამოჯდა და პირველი ცვრის გემო გასინჯა, ედომეები თევზისა და კრავის ნიშნების მიხედვით დაიყვნენ. ამიერიდან და საუკუნეობით ისინი დაიყვნენ ორ კასტად: იმად, ვინც ახლოა მზესთან, და იმად, ვინც ახლოა წყალთან; იმად, ვინც კრავს მიჰყვება, და იმად, ვინც თევზს მისდევს; იმად, ვის გულში დუმილს დაუსადგურებია, და იმად, ვის გულშიც სიჩუმე მეფობს...
აქვე, სინაზე, პირველები გაერთიანდნენ საძმოებში და ერთობლივი ცხოვრება დაიწყეს. ამათ, ბერძნული „კოინოს ბიოს“-ის (საზიარო ცხოვრება) თანახმად, უწოდეს კენობიტები, ანუ მეთემეები; მეორე ნაწილმა, იმათ, ვინც უპირატესობა თევზის ნიშანს მიანიჭა,