ამბავი შვიდი მომაკვდინებელი ცოდვისა,
ანუ მილორად პავიჩის კიდევ ერთი
გამოუტანელი სიზმარი
ზოგი ჩვენი თანამედროვე, ცხადია, უწინარესად ისევ თავისდა სავალალოდ, ვერც მობილურ ტელეფონს იყენებს სრულყოფილად და ვერც, მით უმეტეს, კომპიუტერს, რაც დროის მაჩანჩალად ხდის და ძალიან ბევრი რამის სწორ გაგებაში უთუოდ ჩამოარჩენს. თუნდაც ჰიპერლიტერატურისა და ტექსტის ინტერაქტუალობის გაგების თვალსაზრისით.
ეს აზრი არა მხოლოდ გამიჩნდა, არამედ კიდევ უფრო გამიღრმავდა სერბი მილორად პავიჩის (1929-2009) კითხვისას და ქართულად გადმოენებისას.
„შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ პავიჩის ერთ-ერთი ბოლო ინტერაქტუალური ტექსტია, რომელიც რამდენიმე ნოველისგან შედგება, მაგრამ მწერალს განუყოფელ რომანად მიაჩნია.
პავიჩს თავისი შეხედულება აქვს საერთოდ მწერლობაზე და, კერძოდ, რომანზე. თუკი ბორხესს სურდა, რომ თავის მკითხველთა პირველი ასეულის სახეები დაენახა, პავიჩი საკითხს სრულიად განსხვავებულად აყენებს: ხომ არ გვემუქრება საშიშროება, მკითხველთა უკანასკნელი ასეული – ან ძალიან პათეტიკურები რომ არ ვიყოთ – რომანის მკითხველთა უკანასკნელი ასეული დავინახოთო? და საკუთარ თავსვე ეკითხება, სად და როდის, ტექსტის რომელი მონაკვეთიდან იწყება რომანის კითხვა და სად და როდის მთავრდებაო? უნდა ჰქონდეს თუ არა რომანს დასასრულიო? და რა არის რომანის, ლიტერატურული ნაწარმოების დასასრულიო? ნუთუ აუცილებლად ერთადერთი უნდა იყოს ეს დასასრულიო? რამდენი ფინალი შეიძლება რომ ჰქონდეს რომანს, პიესასო? მწერლის აზრით, არსებობს შექცევადი და შეუქცევადი ხელოვნება. თუ ხელოვნების ზოგიერთი სახეობა მაყურებელს საშუალებას აძლევს, რომ ის სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს, ისე შეცვალოს ჭვრეტის წერტილი და პერსპექტივა, როგორც თავად სურს (მაგალითად, არქიტექტურის, ქანდაკების, ფერწერის ჭვრეტისას), რაც შექცევადი ხელოვნების დამახასიათებელია, სამაგიეროდ, შეუქცევადი ხელოვნების ისეთი სახეობები, როგორიც მუსიკა ან ლიტერატურაა, ცალმხრივი მოძრაობის გზას წააგავს. ამ შემთხვევაში ყველაფერი დასაწყისიდან დასასრულისკენ მოძრაობს, დაბადებიდან სიკვდილისკენ. და მწერალმა, ანუ პავიჩმა, გადაწყვიტა, რომ ლიტერატურა, შეუქცევადი ხელოვნება, ექცია შექცევადად. ამიტომაც ჩემს წიგნებს არც დასასრული აქვთ და არც დასაწყისი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებითო, წერს პავიჩი რომანის დასაწყისისა და დასასრულის თაობაზე.
და ვინც ამ უთუოდ გონიერი და ღონიერი მწერლის წიგნებს იცნობს, მერწმუნება, რომ ეს სულაც ლიტონი სიტყვები არ არის. ასეა დაწერილი პავიჩის ცნობილი რომანი-სიტყვარი „ხაზარული სიტყვისკონა“, რომანი-კროსვორდი „ჩაით დახატული პეიზაჟი“, რომანი-კლეპსიდრა „ქარის შიდა მხარე“, რომანი – ტაროს ბანქოთი მკითხაობის თავისებური სახელმძღვანელო „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ (მაგრამ რომანი წიგნის გმირთა მომავალს კი არ განჭვრეტს, არამედ მკითხველისას. ასე რომ პავიჩის რომანებს „რამდენიმე გასასვლელი აქვთ, რომლებიც დიდი მანძილით არიან ერთმანეთს დაშორებულნი“. ასეთი ხედვის წყალობით მწერლისთვის „აზრს კარგავს განსხვავება რომანსა და არქიტექტურულ ნაგებობას შორის. ხოლო, რაც შეეხება ვარაუდს, რომ ხომ არ ახლოვდება რომანის დასასრული, სად არის ეს, დასასრული, წინ თუ უკვე წარსულში? მწერალი უფრო იმ აზრს ემხრობა, რომ „ჩვენ კითხვის ტრადიციული მანერის აღსასრულს მივუახლოვდით. ეს არის კითხვის ჩვეული ხერხების და არა რომანის კრიზისი. ეს რომანის, როგორც ცალმხრივი გზის, დასასრულია. რომანის გრაფიკული სახეც კრიზისს განიცდის ანუ წიგნი კრიზისშია“. და ამ დროს „ჰიპერლიტერატურა გვიჩვენებს, როგორ შეუძლია რომანს რამდენიმე მიმართულებით განვითარება, ისევე როგორც ცნობიერებას. ჰიპერლიტერატურა რომანს ინტერაქტიულად აქცევს“.
ძნელი სათქმელია, რა უფრო ადრე გაჩნდა: ელექტრონული ჰიპერტექსტი (ანუ ტექსტი, რომელიც მრავალნუჟრიან და მრავალ მსხვილ და წვრილტოტიან ხეს წააგავს) თუ პავიჩის ეგრეთ წოდებული არახაზობრივი პროზა, რომლის კითხვაც შეიძლება და საჭიროა ბოლოდან, შუიდან ანდა რამდენიმე თავის გადახტომით... აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პავიჩმა თავისი რომანების ხსენებული იშვიათი ფორმები მაშინ შექმნა, როცა კომპიუტერი ჯერ კიდევ არ იყო ჩვენი ყოფის შეუცვლელი საგანი, როგორც, მაგალითად, სარეცხი მანქანა თუ მობილური ტელეფონი...
როგორც თვითონ მწერალი ამბობს, იგი შეეცადა კითხვის ჩვეული მანერის შეცვლას და „გააძლიერა მკითხველის როლი და პასუხისმგებლობა რომანის შექმნის პროცესისას“, რადგან „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში გაცილებით მეტი ნიჭიერი მკითხველია, ვიდრე ნიჭიერი მწერალი ან ლიტერატურის კრიტიკოსი“.
პავიჩის აზრით, რომანის შინაარსი ფორმის პროკრუსტეს სარეცელზე იყო მიჯაჭვული მთელი ორი ათასი წელიწადი და „ამას ბოლო მოეღო“. ყველა რომანს თავისი საკუთარი ფორმის არჩევის უფლება აქვს. „ყველა ამბავი თავის ფორმას უნდა ეძიებდეს და პოულობდეს... კომპიუტერები გვარწმუნებენ ამის შესაძლებლობაში“. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვწონს კომპიუტერი, მწერალი გვირჩევს, ვნახოთ, რას გვთავაზობს არქიტექტურა.
და რახან არქიტექტურა ცვლის ჩვენს ცხოვრებას, თუკი ლიტერატურას არქიტექტურულ ნაგებობად მივიჩნევთ, ცხადია, ლიტერატურასაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა, ხოლო რომანი შესაძლოა სახლი იყოს და დროებით მაინც შეგვიფაროს...
დიახაც ამგვარ თავშესაფრად შეგვიძლია პავიჩის ერთ-ერთი ბოლო წიგნი – „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ წარმოვიდგინოთ და თუ ამ წიგნამდე შექმნილ თხზულებათაგან, ლაპარაკია პავიჩის ადრინდელ რომანებზე, ერთი