1
ვისაც ციხესიმაგრის დაუფლება უნდა, იმას ჯერ საკუთარი სულის დაუფლება მოუწევს. საკუთარი სულის წიაღ მივყავართ გზასაც ბელგრადისკენ – დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი უძველესი ქალაქისკენ, რომელსაც სხვა ქალაქებზე ხშირად ანგრევდნენ და აოხრებდნენ. კორბუზიემ ბელგრადს ყველაზე ლამაზ ადგილას გაშენებული ყველაზე მახინჯი ქალაქი მხოლოდ იმიტომ უწოდა, რაკი იმ დროს მრავალსაუკუნოვან ნგრევათა შედეგს უმზერდა. ვინც ეს ქალაქი დღეს გაიცნო და შეიყვარა, სულაც იმიტომ კი არ ეხატება გულზე და იმიტომ კი არ უყვარს, რომ აქ რაიმეს ნახვა და ხელით შეხება შეუძლია. ბელგრადის უმეტესი და იქნებ ულამაზესი ნაწილის კვალიც არ არის გადარჩენილი. იმას, იმ ნაწილს, ვერცროდის უკვე ვეღარ მოვიხილავთ, ვერც სურათს გადავუღებთ და ვეღარც ხელს შევახებთ. მაგრამ ისტორიის კუთვნილია მეორე, განადგურებული ნაწილიც, რომელიც რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება და გადანახულია არა ჩვენს გარემომცველ სამყაროში, არამედ ჩვენს სულში.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ არგონავტები, მითოლოგიური ბერძენი ზღვაოსნები, ერთხელ დუნაის (ისტარის) მდინარებაში აღმოჩნდნენ. როცა იმ ადგილს მიადგნენ, სადაც მდინარე ორად იტოტება, მოიხილეს, რომ აღმოსავლეთით, შავი ზღვისკენ გაშურებული წყლის გზის მხარეს, მიედინება მეორე ტოტი, რომელიც თვალს დასავლეთით, ადრიატიკისკენ იზიდავს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ისინი იქ აღმოჩნდნენ, სადაც დუნაის მდინარე სავა უერთდება. იმათ სავას დასავლეთის დუნაი უწოდეს და იმ მდინარით განაგრძეს მოგზაურობა. რა ადგილასაც არგონავტებმა ერთი მდინარე მეორის სახელით მონათლეს, იქ ქვის ხანიდან მოკიდებული აწინდელ დრომდე ადამიანები ცხოვრობდნენ. საუკუნეთა მთელ სიგრძეზე ეს დასახლება სერბეთის სახელმწიფოს სატახტო ქალაქი იყო, დღეს კი ეს სერბეთის მთავარი ქალაქია.
მეორე ლეგენდის თანახმად, დუნაი ერთი იმ ოთხ მდინარეთაგანია, რომელი მდინარეებიც სამოთხიდან გამოედინებიან, ამიტომ ბელგრადიც იმ ცნობილ ქალაქთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა სახელს თავში უდგას ასო „ბ“ (ბრატისლავა, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, ბრეილა), იმათ კედელთ კი ჩამოუდის სამოთხის მდინარე. ეს სამოთხის მდინარე გაივლის „ომების კარიბჭესაც“, როგორც ძველთაგან თურქები ბელგრადს ეძახდნენ.
ყველაზე ძველი ბელგრადი, რომლის შესახებაც რაღაც მაინც ვიცით, თუმცაღა მაშინ ჯერ კიდევ ასეთი სახელი არ ერქვა, ჩვენთვის უსახელო ქალაქად დარჩა. ეს დასახლება გაჩნდა ნეოლითის გაფურჩქნის ხანაში, რომელი ხანაც ამ მიწა-წყალზე ჩვენს ეპოქამდე 2300-2000 წლებში არსებობდა და ცნობილია როგორც ვინჩას კულტურა. იმ ხანიდან შემორჩენილია არაერთი შემოტანილი და ადგილობრივი, თუნში გამომწვარ-გამოხურვებული თიხის ნაკეთობა, უამრავი ადამიანის აღალმა-ქანდაკება, მეტადრე დედათა პატარ-პატარა ფიგურები და ფანტასტიკურ ცხოველთა გამოსახულებანი. თუკი ზოგიერთი უახლესი ვარაუდი სწორია, მაშინ იმჟამინდელი ბელგრადი სერბული ზეპირსიტყვიერების ძველთუძველესი მოტივების კბილაა. ამ ჩვენს ზეპირსიტყვიერებას კი, თანამედროვე შეხედულებათა თანახმად, სწორედაც ნეოლითის ხანაში უდგას ფესვი.
ახლანდელი ბელგრადის მიწა-წყალზე გაჩენილ პირველ დასახლებას, რომლის სახელმაც ჩვენს დღეებამდე მოაღწია, სინგიდუნუმი ერქვა. ასე ეძახდა იმას სკორდისკთა კელტური ტომი (ჩვ. წ. აღ-მდე 298 წ.). ბელგრადის ეს კელტური სახელწოდება წარმოდგება სინგთა ტომისგან, რომელ სინგთა შესახებაც აპოლონიოს როდოსელი (ჩვ. წ. აღ-მდე 204 წ.) ამბობდა, ისინი იმ ადგილას ცხოვრობდნენ, სადაც დუნაი კაუალაკის (აწინდელი კალემეგდანი) ფრიალო კლდის ძირას იტოტებაო. პირველი სინგიდუნუმი მდებარეობდა თანამედროვე ვიშნიცას რაიონში ანდა ზვეზდარის ახლო. I საუკუნეში რომაული სინგიდუნუმი გახდა ორი ლეგიონის – IV სკვითურისა და V მაკედონურის – ბანაკი, ხოლო თავისი სასაზღვრო ციხესიმაგრეობის გამო – რომაული ხომალდიონის ნავსაყუდელიც. ბანაკიდან ერთი ფეხის გადადგმაზე, დასავლეთის მხარეს, მოვაჭრეთა და ხელოსანთა ახალშენი ეფუძნა.
დაახლოებით III საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთმა რომაელმა მხედართმთავარმა, სახელად ელიუს ტეტუსმა, ამჟამინდელი საპატრიარქოს მახლობლად აღაშენა საბანაო-სარაჯი, რომელშიც წყალი რომის წყალსადენიდან ჩადიოდა და გახურებული აგურებით თბებოდა. საბანაო-სარაჯი რომის ჯარის პატივსაცემად იყო აგებული. ამას ადასტურებს პოეტი, რომლის სახელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მან ჰეგზამეტრით უმღერა საბანაო-სარაჯის, ანუ შადრევნიანი აუზის ამავსებელ ანკარა წყალს და მიჩქმალა სტრიქონთა თავკიდურ ასოებში ვიღაცის იდუმალი სახელი, იქნებ მეცენატის ან დამკვეთის, მფლობელის ან სარაჯის აღმშენებლისა... პოეტზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი კითხულობდა ვერგილიუსს, ლუკრეციუსს, კატულუსს. ლექსი ამოკვეთილია მარმარილოს ფილაზე, მაგრამ წყალმა, რომელსაც პოეტი აქებ-ადიდებს, მრავალი საუკუნის განმავლობაში თითქმის გადარეცხა ტექსტი. ეს ლექსი შემდეგი სიტყვებით იწყება:
Alma lavakrorum de saxis decido limpha
Et sunt ex lapide perfectae piscine pulchrae
Laetis inque locis natus lacus...
(მე, ანკარა წყალი,
ვავსებ საბანაო-სარაჯს,
შადრევნითურთ ქვით ნაგებია ლამაზი აუზი,
თვალწარმტაც ადგილას გაჩენილა
კამკამა ტბა...)
იმ დროიდანვე ამჟამინდელ ტაშმაიდანზე შემონახულა სასაფლაოც, რომელსაც ამ დანიშნულებით იყენებდნენ თვით XIX საუკუნემდე. რომის მსგავსად შვიდ ბორცვზე მდგარი ეს „მარადიული ქალაქი“ განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ანტიკურ