სახელმძღვანელო მკითხაობისთვის
Major Arcana (უფროსი არკანები, ანუ დიდი საიდუმლო) – ასე უწოდებენ სამკითხაო დასტას, რომელიც 22 კარტისგან შედგება. თითოეულ მათგანზე გამოსახულია ციფრები 0-დან 21-მდე და ყველა 56-ქაღალდიან დიდ ნაწილთან ერთად (Manor Arcana – უმცროსი არკანები, ანუ მცირე საიდუმლო) შეადგენს ტაროს – Tarok, Tarocchi. ტაროს წარმოშობას ქურუმებს (იეროფანტებს) და საბერძნეთში ელვისინის მისტერიებს უკავშირებენ. გავრცელებულია მოსაზრებაც, თითქოს ტარო ჰერმესის კულტის ტრადიციიდან იღებს დასაბამს. ასეთ კარტს სამკითხაოდ ხშირად იყენებენ ბოშები, რომლებმაც, როგორც ფიქრობენ, ეს საიდუმლო „ენა“ ქალდეადან და ეგვიპტიდან ისრაელში და საბერძნეთში გადმოიტანეს, აქედან კი მთელ შუაზღვისპირეთში გავრცელდა. რამდენადაც შეიძლება ვივარაუდოთ, ტაროს, თითქმის უკვე შვიდი საუკუნეა, იცნობენ ცენტრალურ ევროპაში, საფრანგეთსა და იტალიაში, ჩვენს დროში კი ის ერთ-ერთ პოპულარულ კარტის თამაშად იქცა. ყველაზე ძველი ტაროს კარტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 1390 და 1445 წლებს მიეკუთვნება (Minhiati-ს კარტის დასტა ვენეციის კორერის მუზეუმიდან).
Major Arcana, ჩვეულებრივ, შვიდი კარტისგან შემდგარ სამ ჯგუფად იყოფა. მკითხაობისას ცალკეული კარტის ან მათი განლაგების შესაბამის მნიშვნელობას, როგორც წესი, განმარტავს მკითხავი, რომლისთვისაც ცნობილია მათი უკვე გავრცელებული მნიშვნელობები (გასაღებები), ოღონდ მას, შეიძლება, საკუთარი გასაღებების, ანუ მნიშვნელობების წყებაც ჰქონდეს, რომლებსაც საიდუმლოდ ინახავს. ტაროს კარტების მნიშვნელობა იცვლება იმის მიხედვით, ჩვეულებრივად დაეცა იგი თუ თავდაყირა – უკანასკნელ შემთხვევაში მისი მნიშვნელობა ძირითადის საპირისპიროა. ჩვენს დროში ტაროს კარტებსა და მათ მნიშვნელობებს დიდ ადგილს უთმობენ კარტების უამრავ სახელმძღვანელოსა და ცნობარში, ამასთან, ხშირად მათ ამოკითხვაში არსებობს დიდი განსხვავებაც. ტაროს ფესვები სიმბოლური ენის სიღრმეში მიდის, ეს ენა კი საერთოა კაცობრიული შემეცნებისთვის. ტაროს სიმბოლიკა და გასაღებები ძველ საბერძნეთს, კაბალისტიკას, ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას და ა. შ. უკავშირდება. მისტიკურ ძალებს და ეზოთერულ სიბრძნეს ტარო აღწევს თავისი ორმოცდამეერთე ინიციაციით (საიდუმლოებრივი გარდაქმნა) – მასხარათი, კარტით, რომელიც თავისი სიმბოლური სახით ერთდროულად ნულიცაა და ცენტრალური და უკანასკნელი კარტიც ტაროს დიდი საიდუმლოსი.
ერთ-ერთი ენციკლოპედიიდან
დიდი საიდუმლოს გასაღებები, როგორც
ერთი, ისე მეორე სქესის ქალებისთვის