იასმინა მიხაილოვიჩს
იცოცხლე ნელა, მოკვდი ჩქარა
იცოცხლე ჩქარა, მოკვდი ნელა
წარწერა ფეხბურთელის მაისურზე
მწერალი, რომელმაც ეს წიგნი დაწერა, მოგონილი პირია, სხვა პერსონაჟთა უმრავლესობა რეალურად არსებობდა. ღვთისმშობლის წყაროსთვალი თუ ენგადი, ამ ფურცლებზე მოხსენიებული, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის სახლის გვერდით ქალაქ ეფესოშია, თურქეთის მიწა-წყალზე. არსებობს აგრეთვე ბეჭედი, რომელიც ამ ამბავში ჩანს. ის ერთ ჩვენს ნაცნობ ქალბატონს ვუნახეთ. ბეჭდის ფერი იმ ადამიანის მდგომარეობისდა მიხედვით იცვლება, ვისაც ის უკეთია. თავის დროზე ცხოვრობდა ორი მწერალი, რომელთა შესახებაც ლაპარაკია რომანში, – გაბრიელ სტეფანოვიჩ-ვენცლოვიჩი (დაახ. 1680-1749?) და ზაქარია ორფელინი (1726-1784). ერთი სეტანდრეაში იყო, უნგრეთში, ხოლო მეორემ ვენეციაში გაატარა გარკვეული დრო. როგორც ერთის, ისე მეორის თხზულებანი, რომელთაც აქ ეყრდნობა ავტორი, წასაკითხად დღესაც ხელმისაწვდომია. ვენეციაში, იქაური სტამბის მფლობელისა და გამომცემლის თეოდოსის მხარდაჭერით, ორფელინმა 1772 წელს გამოაქვეყნა რუსი მეფის პეტრე დიდის ცხოვრების ფრიად ვრცელი აღწერა – უცხოდ დასურათხატებული წიგნი, იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც დღეს ამაღელვებელი რომანივით იკითხება. ეს წიგნი თავის ბიბლიოთეკაში ჰქონდა ალექსანდრე პუშკინს და დიდი გულისყურით სწავლობდა. ვენეციაშივე იყო ცნობილი ხანაგა, ანუ ობოლთა თავშესაფარი განუკურნავ სნეულთათვის (Conservatorio incurabili). იმ დროს, რომელსაც აღვწერთ, ამ ქალაქში ნამდვილად ცხოვრობდა ამ წიგნის ბევრი სხვა გმირიც, კერძოდ, მუსიკოსი ქალი ზაბეტა და თუგინდ XVIII საუკუნის ინკვიზიტორი კრისტოფოლო კრისტოფოლი, ოღონდ ორივეს ასავალ-დასავალი თუ ალიან-ჩალიანი საუკუნეთა წყვდიადშია ჩაკარგული, ამიტომ აქ ავტორი ორივეს მკვდრეთით აღდგენას შეეცადა.