იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე. მას ჰყავდა სამი ქალიშვილი. ხელმწიფე ძალიან ჯავრობს, რომ ბიჭი არა ჰყავს, ჯავრობს და არ იცის რა ქნას. უფროსმა ქალიშვილმა უთხრა ხელმწიფეს: -მამა, ნუ გეშინია თქვენ, ბიჭის მაგივობას მე გაგიწევო. მოთხოვა მამას ერთი თეთრი ცხენი, თეთრი ჩოხა და ახალუხი. უყიდა მამამ ყველაფერი, შეაჯინა ცხენზე, დაულოცა გზა და გაუშვა. მამამ იფიქრა, მე ამას გადაუჭრი გზას და შევხვდები გზაშიო. შეხვდა ქალიშვილს და უთხრა: -გაჩერდი, თვარა მოგჭერი თავიო. გაჩერდა შვილი და დაყარა ზავი. შვილი დაბრუნდა უკან, მამამ ისევ გადაუჭრა გზა, მიასწრო შვილს ოჯახში და უთხრა: -შვილო ხომ გითხარი მე შენ, ბიჭის მაგივრობას ვერ გაწევო.
შემდეგ საშუალმა გოგომ უთხრა: -მამა, ნუ გეშინია, მე გავწევო ბიჭის გამივრობასო, მიყიდე თეთრი ცხენი, თეთრი ჩოხა-ახალუხი და გამიშვიო. უყიდა მამამ სულყველაფერი, დაულოცა გზა და გაუშვა. მამამ ამასაც ისევე გადაუჭრა გზა, როგორც პირველს და შესძახა: -დაბრუნდი, თვარა მოგჭერი თავიო. დაბრუნდა შვილი ოჯახისაკენ. მამამ გადაუჭრა შვილს გზა და მიასწრო ოჯახში. როცა შვილი დაბრუნდა, მამამ ჰკითხა: -რისთვის დაბრუნდი? უპასუხა შვილმა: -ვიღაცა შემხვდა გზაში, სიკვდილი მომინდომა და მისთვის დავბრუნდიო. მამამ უთხრა: -ხომ გითხარი შვილო, შენ ბიჭის მაგივრობას ვერ გამიწევ-მეთქი. ჯავრობს მამა, რომ რა დამემართა ეს, რატომ ბიჭი არ გამიჩნდაო.