„ნაშვილები“ ედგარ უოლესის წარმატებული კარიერა ნაწარმოები „მეფე კონგი“ ედგარ უოლესის ქმნილებაა. იგი ინგლისელი მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი და ჟურნალისტი გახლდათ. მისი სრული სახელი და გვარი ედგარ უოლეს რიჩარდ ჰორაციო გახლდათ.
175 ნოველის, 24 პიესისა და უამრავი სტატიის ავტორი 1875 წლის 1-ელ აპრილს დაიბადა გრინვიჩში, ლონდონის სიახლოვეს. მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ მსახიობები რიჩარდ ჰორაციო ედგარი, რომელმაც მისი არსებობის შესახებ არც კი იცოდა, და მერი ჯეინ რიჩარდსი.
მერი ახალგაზრდობაში თეატრალური მსახიობი იყო, ოღონდ არც ისე წარმატებული, 1867 წლისთვის სცენა მიატოვა და სავაჭრო ფლოტის კაპიტან ჯოზეფ რიჩარდსს გაჰყვა ცოლად. მალევე დაორსულდა, მაგრამ 1868 წელს, ორსულობის მერვე თვეში მყოფი დაქვრივდა - ჯოზეფ რიჩარდსი 30 წლის ასაკში ზღვაში გარდაიცვალა. ქალიშვილის, კეტრინ რიჩარდსის დაბადების დროს მერი სრულიად უსახსროდ დარჩა. სცენურ ფსევდონიმად პოლი აიღო და თეატრში დაბრუნდა, რომ საკუთარი თავი და ქალიშვილი ერჩინა. 1872 წელს მერი მერიოტის ოჯახურ თეატრს დაუბრუნდა, სადაც თეატრის ხელმძღვანელ ელის ედგარს დაუახლოვდა. ელისს სამი ზრდასრული შვილი ჰყავდა, მათ შორის ერთადერთი ვაჟი - რიჩარდი, რომელიც სასიამოვნო გარეგნობის გახლდათ და რომანტიკულ გმირებს თამაშობდა. ელისს სურდა, მის ვაჟს ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდა ქალზე ექორწინა და შვილები გაეჩინა.
1874 წელს „მერიოტის“ დასმა დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. ამ ფაქტის აღსანიშნავად კულისებს მიღმა ხმაურიანი წვეულება გაიმართა, რომლის შემდეგაც რიჩარდ ჰორაციო და პოლი ერთ ლოგინში აღმოჩნდნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, რიჩარდს ეს არც კი ახსოვდა, აგვისტოში კი მერი მიხვდა, რომ ორსულად იყო. შეეშინდა, რომ ორსულობის გამხელით თავის კარიერას დაღუპავდა, ამიტომ დროებით გრინვიჩში გაემგზავრა, იქვე გააჩინა ედგარი 1875 წლის 1-ელ აპრილს. ბებიაქალს სთხოვა, ოჯახური წყვილი ეპოვა, რომელსაც თავისი შვილის აღზრდას ანდობდა. მალე პოლიმ ფრიმანების ოჯახი იპოვა, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, რომლებიც ათ შვილს ზრდიდნენ. შეჰპირდა მათ, რომ შვილს ინახულებდა ხოლმე და ლონდონში გაემგზავრა, სადაც გაიგო, რომ რიჩარდს უკვე ცოლი მოეყვანა.
ასე იზრდებოდა ედგარი, რიჩარდ ფრიმანის სახელით. თუმცა ფრიმანების ოჯახში ბედნიერი ბავშვობა გაატარა. განსაკუთრებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული 20 წლის კლარა ფრიმანთან, რომელმაც მას დედობა გაუწია. მისი მამობილი, ჯორჯ ფრიმანი, კეთილი და პატივცემული ადამიანი იყო და ზრუნავდა, რომ რიჩარდს კარგი განათლება მიეღო. პოლიც ხშირად აკითხავდა შვილს და მატერიალურადაც ეხმარებოდა, თუმცა ემოციურ დისტანციას ინარჩუნებდა.
ედგარმა მამისგან სასიამოვნო გარეგნობა მიიღო მემკვიდრეობით, მრავალმხრივი ნიჭიც ჰქონდა. თუმცა მამასავით თავქარიანიც იყო. 12 წლისამ სწავლა მიატოვა და რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. 1894 წელს მცირე ხნით დანიშნულიც კი იყო დეპფორდელ გოგონაზე - ედიტ ენსტრიზე, მაგრამ გაქცევა ამჯობინა და დაკისრებულ მოვალეობაზე უარი თქვა. ქვეით ჯარში ჩაეწერა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასამგზავრებლად ემზადებოდა.
თუმცა ჯარის ცხოვრება არ მოეწონა. ფიზიკურად არ იყო ამტანი, ჯარისკაცული ცხოვრება გაუძნელდა და სამედიცინო პოლკში გადავიდა, სადაც შედარებით იოლი იყო სამსახური. თუმცა კიდევ უფრო ნაკლებად სასიამოვნო. მოგვიანებით ისევ გადავიდა, ამჯერად სამხედრო პრესაში, სადაც იპოვა კიდეც თავი.
გარკვეული პერიოდი სამხედრო კორესპონდენტად იმსახურა. იმავე პერიოდში გაიცნო მწერალი რადიარდ კიპლინგი, რომლითაც აღფრთოვანებული იყო და რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველი რომანები ფინანსურ დანახარჯებს ვერ ამართლებდა. კომერციული წარმატება ხხ საუკუნის 10-20-იან წლებში ეწვია. წარმატებას საოცარი შრომისუნარიანობის წყალობით აღწევდა - უოლესი თავის ნაწარმოებებს დიქტოფონში იწერდა, მხოლოდ ძილის დროს თუ სწყდებოდა საქმეს. იმავდროულად ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც არ წყვეტდა.
უოლესის ნაწარმოებების მიხედვით 170 ფილმი გადაიღეს, მათ შორის იყო ცნობილი რომანი „მეფე კონგი“, რომლის სცენარის წერის დროსაც გარდაიცვალა მწერალი ჰოლივუდში, 1932 წელს. მისი სცენარი მოგვიანებით სხვა ავტორებმა დაასრულეს და ერთ წელიწადში „მეფე კონგის“ მიხედვით პირველი ფილმიც გადაიღეს.