ბაყია და ქანქილოზა
ფამფილაურ-ჩიხრიხაანები
მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმნან. (ლუკა 23. 34. )
ფამფილაურებში გზა ჭანჭყრობია. აქეთ ფეხით გავლას ყველა ერიდება. კალოში ტალახში რჩება, უარეს შემთხვევაში – ფეხიც, მაგრამ ჩიხრიხაანები* არ ეპუებიან. აქ ამათი სალოცავი უშველებელი წიფხი თუთის ხე დგას და მის თვალშესავლებად, აბა, რა შაო და ხარიენა შეაშინებთ.
„ქურმუხ” – ადრე სურვილის სწრაფშესმენისათვის უშობელს, ყვინჩილას და ერთხელ ნაკრუხალ დედალს მოითხოვდა. რაც ხანი გამოხდა, ერთი ცალი კანფეტი „ჩინო” და საღეჭი რეზინა „ტურბო” ყველაზე ტურტ ოცნებასაც აყაბულებდა. - ე, აი, გამიქრობ ამ გრუზა თმიდან ლამის ნეკა თითის ტოლა ტილებსა?! გამიქრე, რა, ხო, შეგიძლია და მიდი, რა... რა არი, რო მაწვალებ, ჰა? – ჩასძახებდა ხაპიაანთ თორმეტი წლის წითური გოგო. მეტოქე რომ ჰყავდა, პოლორჭიკა. აი, ის, მუცლისთმიანი რომ დაუტოვებია ფეხობას და ტილი რაა, წილიც კი არ უჩერდებოდა თავზე.
- ქურმუხ! ბარო! აჰაა, ეგე შენა „დონალდო”. ხირმიხიტოოანთ ჩხოტა გოგოჰ, ი შააგნებინე რა, რო ჩემნაირი მეჯირითე მთელ ჩიხრიხიაანებში არაა. მარტო ი მე და შნილა ვართ.
შრიალებდა წიფხა ქურმუხა და ჩიფჩიფებდა შორიახლოს მიწისპირა ბინაში მცხოვრები, მზესუმზირის გამყიდველი ჩარექა. მზესუმზირას ხო მუდმივად შმორის სუნი დაჰკრავდა და გემოც რაღაცნაირი, მიმწვრისა ჰქონდა. იცოდნენ, ლეღვის ფოთლების ბოლზე ხალავდა, სხვა არც არაფერი. ჩარექა ცალობით ყიდდა ჩინოს, დონალდოს, ტურბოს. . ასევე ცალობით ყიდულობდნენ ხაპიაანთ წრიპა გოგო, ჩიხრიხაანთ შნილა და ხანდახან – ჩხოტა გოგო და პოლორჭიკაც.
ჩარექასი რაღა მიდიოდა, ჰა?!
***
ბაყიას მეზობელია ქანქილოზა და ქანქილოზასი ბაყია. სახლები გვერდი-გვერდ უდგათ, თვითონ, კიდევ, ისე რა მეზობლობენ ერთმანეთთან.
ბაყიას ერთადერთი ვაჟი ქალაქმა გადასარყა. დედა რა სახსენებელმა კიბომ გადაშროშნა, ცოლი უხსოვარ დროს გაიხაპა ახლომახლო ტუპკირ კაცებში.
სხვა რაღა დარჩენოდა ბაყიას, ადგა და სმა დაიწყო. იმდენად შეიყოლია ქვევრის მადლმა, სანამ წყევლად არ ექცა და ისეთი მსმელი გახდა – პირწავარდნილი, განიადაგებული ლოთი. რა შავქვად ვიხლიო, რომელ თავშიო, თვითირონიაშერჩენილმა თქვა ოჯახის ქონებაზე, ნელ-ნელა რომ გაყიდვა დაუწყო. ბევრი ნივთიც ეზოდან თავისით ქრებოდა. ასე სულ გაანიავა, შეჭამა. წიკა-მაკა ნივთებიდან ყაპა-ყუპაზე გადავიდა, ბოლოს კი, ბაღ-ბოსტნის ჯერმაც უწია. ღიჭიაანთ ჩეკას იმდენი ხანი თვალი ეჭირა – ეზო-კარმა სულ დააბრმავა მოხუცი. მეტიც, იმაზე ძვირი გადაუხადა, ვიდრე ის მიწა ღირდა. „ერთი ადლი არ მინდა შენი მუქთადაო, – იღმანჭებოდა უშნოდ, ისედაც უმსგავსი ბრმა.
ღამე ბაყიამ ამ თეთრებად ჩახურდავებულ მიწას თვლა ვეღარ უყო. ერეოდა და ამთავრებდა. სვამდა. იწყებდა. ეერეოდა. ამთავრებდა. სვამდა. სვამდა ერეოდა. ამთავრებდა. დდა ბოლოს, მარტო სვამდა.
მთვარე ჟანგიან მთას რომ გამოედო, ქანქილოზაც შემოიძურწა. თავის ჩრდილს შემოჰყვა, სხვა არც არავინ შემოჰყოლია.
- ბაყიაო, ბაყიაო. ფულმა უნდა მოგვიღოს ბოლო? ჰჰოო. ფული აქეთ უნდა იხმარო და ეგ პატრონმკვდარი, ეგაო. ჰჰოო. ჯანი გავარდეს მაგასაო. ჰჰო.
- ამი დედაც ვატირე, ჩამაასხიო – გაბეცდა ბაყია და ჩამაასხა ქანქილოზამაც:
- ერთი კარგი საქმე წამოვიწყე, – გული გადაუშალა მეზობელს. ჩემ ძმობილ ლეკ რობიზონა მკალავსა, ღუშაყში რო ცხოვრობს, სპილენძი უნდა გადავუზიდო. ჰჰოო. ის დაღესტანში წაიღებს. სპილენძით ააქთ ამ ოხრიშვილებ ეზოები გამოტენილი. ხელი უნდა გამიმართოო. ჰოო. მჭირდება. მაიტა და ერთ თვეში დაგიბრუნებო. პასუხს არ მოუცადა, ჩაიჭყუნა ფული გაზინტლულ შარვლის უბეში, კრა ფეხი კარს და თავის ამოზიდულში თავჩარგულ ბაყიას „ფუ, შენი მამგონისაცო” – დააძახა, ღობესაც მერეღა თუუ გადაევლო, ალბათ. დილაა და ბაყია ქანქილოზას ბირჟაზე არ დახვდა?! ენგრე და ენგრეოო, მაშა, კაცოო. ბაქი-ბუქობს კაცებში ჩამდგარი. ბრმა ჩეკაც იქ ზის, თავს აკანტურებს. ქანქილოზამ იგუმანა და თქვა: სიტყვა სიტყვააო. ერთ თვეში კაპიკ-კაპიკ უბეშ-ბეშ კაპიკადო. ხორცს გადმოვიტან ლეკებისგან, გავყიდი და დაგიბრუნებო. დაიჯერეს. დაღესტანი ამის დოსტებით სავსეა. იქიდან, მკვდარ მაკე ცხენებს აზიდინებენ და ქანქილოზაც ფამფილაურებში გროშის ფასად ყიდის.
- დეკეულია, უშობელა. ფული დაჭირებია ამი პატრონ, თორეე, დასაკლავად რაჰ გაიმეტებდაო. ხალხი ქესეტად არი და მეც იაფად ვყიდიო, ჰოო. აბა, სულს ხო არ ამოვხდიო – მეყასბეობდა კაცი.
***
ერთი თვე როგორც ტყვია თვალსა და ხელს შუა გავარდა. გადასარყული ბიჭი ქალაქმა უკან ამოუშვა და ბაყიას სახლში დააბრუნა. არყო ნამეტანი გაქალაქებულიყო, გაცვეთილიყო, წამხდარიყო. თუმცა, მამის ნამუსის ქუდმა კი შეაკრთო.
რამ გაგალოთა?
დაუკეტა მარანი.
- მიყურე შენ მე, გამოგასწორო როგორო.
მიადგა ბაყია ქანქილოზას და უთხრა: ღვინოზე მეტად დღეს შენ მჭირდებიო. – არყომ თუ გაიგო, ეზო-კარი ჩეკასია, მარან იქეთ დამატოვებინებს