წინასიტყვაობა
ყოველი ადამიანის უკან ოცდაათამდე მოჩვენება იმალება, სწორედ ამიტომ გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველთვის აჭარბებს ცოცხლების რიცხვს. უხეში გათვლებით, დედამიწაზე დროის ათვლამდე ასი მილიარდი წლით ადრე უკვე დააბიჯებდნენ ადამიანები. საინტერესო დამთხვევაა, რომ ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით ასი მილიარდი ვარსკვლავი ბუდობს. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ირმის ნახტომში ყველა ადამიანს თავისი პირადი მნათობი ჰყავს. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ბევრად კაშკაშა და მცხუნვარეა, ვიდრე ის პატარა ვარსკვლავი, დედამიწის შორიახლოს – ჩვენ რომ მზეს ვეძახით. სავარაუდოა ისიც, რომ თითოეულ ამ უცხოპლანეტელ მზეს თავისი პატარა მზის სისტემა გააჩნია, თავისივე პლანეტებით. ამ ყოველივეზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს, მოყოლებული მაიმუნის მსგავსი არსებებიდან თანამედროვე ჰომო საპიენსამდე, კოსმოსის სივრცეში შეუძლიათ კონკრეტულად მათთვის გამზადებულ პლანეტაზე მოიწყონ სამოთხე ან ჯოჯოხეთი. ის კითხვა კი, სახლობს თუ არა ვინმე ამ ადგილებში, ან თუ სახლობს, რას წარმოადგენს, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. უახლოესი მათგანი მილიონჯერ უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე მარსი და ვენერა. ეს ყოველივე უკვე შემდეგი თაობის ამოცანაა. თუმცა ბარიერი ნელ-ნელა მცირდება და ოდესმე ადამიანი აუცილებლად შეხვდება თავის მსგავსს ან თავისზე ძლიერს ვარსკვლავთა შორის. დანამდვილებით ჯერ არავინ იცის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს შესაძლებლობა, მათაც კი, ვინც იმედოვნებს, რომ ეს ყოველივე რეალობისგან შორსაა. რა თქმა უნდა, იბადება ლოგიკური კითხვა: „რატომ არ მოხერხდა დღემდე მათთან შეხვედრა? ჩვენ ხომ უკვე გავიჭერით კოსმოსში?“ მართლაც, რა გვიშლის ხელს?
ამ და მსგავს კითხვებზე ერთ-ერთ შესაძლო პასუხს ამ წიგნში გაიგებთ, თუმცა, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მხატვრული ლიტერატურაა, რეალობა კი, როგორც წესი, ბევრად უფრო უცნაურია ხოლმე, ვიდრე შეთხზული ამბავი.