პროლოგი
ანკას არბალეტის კოვზი შავი პლასტმასისგან იყო გამოჩარხული, ხოლო ლარი, უხმაუროდ მოსრიალე ბერკეტის ერთი გატოკებით რომ იჭიმებოდა, მოქრომილი ფოლადისა ჰქონდა. ანტონი სიახლეებს ვერ ეწყობოდა – მძიმე საბრძოლო მოწყობილობა ერჩივნა, მარშალ ტოცის, მეფე პიც პირველის ყაიდისა, შავი სპილენძით შეჭედილი და ლილვაკზე ხარის ძარღვდახვეული. პაშკას კი პნევმატური კარაბინი წამოეღო. არბალეტს კაცობრიობის სიყრმეს ეძახდა, რადგან უქნარა გახლდათ და დიდად არც სადურგლო საქმე გამოუდიოდა ხელიდან.
ნავი ჩრდილოეთის ნაპირს მიაყენეს, სადაც ყვითელი ქვიშიანი ფლატიდან საანძე ფიჭვების დაკორძილი ფესვები ამოჩრილიყო. ანკამ ორთაყვირი მიაგდო და მიმოიხედა. მზე თავზე დასდგომოდა ტყეს, ხოლო არემარეს ცისფერი, მწვანე და ყვითელი ფერი ედო: ცისფერი – ტბაზე გაწოლილ ნისლს, მუქი მწვანე – ფიჭვებს, ყვითელი – გაღმა ნაპირს. და ამ ყველაფერს ზემოდან დაჰყურებდა კრიალა, მოთეთრო-მოლურჯო ცა.
– იქ არაფერიც არ არის, – თქვა პაშკამ.
ისხდნენ და, ბორტზე გადახრილები, წყალში იცქირებოდნენ.
– როგორ არა, ვეება ქარიყლაპიაა, – დაბეჯითებით წარმოთქვა ანტონმა.
– აი, ამოდენაფარფლებიანი? – ჰკითხა პაშკამ.
ანტონს ხმა აღარ ამოუღია. ანკამაც ჩაიხედა წყალში, მაგრამ საკუთარი ანარეკლის მეტი ვერაფერი დაინახა.
– იბანავებდა კაცი, – თქვა პაშკამ, წყალში იდაყვამდე ჩაყო ხელი და დააყოლა: – ცივია.
ანტონმა ნავის ცხვირზე გადაინაცვლა და ნაპირზე გადახტა. ნავი აქანავდა. ანტონი ბორტს ჩაეჭიდა და პაშკას მოლოდინით შეხედა. პაშკაც წამოდგა, ნიჩაბი უღელივით გაიდო მხრებზე, საჯდომი გაიქნ-გამოიქნია და ამღერდა:
– ვიცლიპუცლი, შე ზღვის მგელო,
უდარდელად რომ გძინავსო, –
დაბრაწული ზვიგენების ქარავანი მოფრინავსო!
ანტონმა უსიტყვოდ მოქაჩა ნავს.
– ჰეი, ჰეი! – შეჰყვირა პაშკამ და ბორტს წაეპოტინა.
– დაბრაწული რატომ? – იკითხა ანკამ.
– აბა, მე რა ვიცი?! – უპასუხა პაშკამ. ნავიდან გადავიდნენ, – ისე, ხომ დიდებული რამაა? დაბრაწული ზვიგენების ქარავანი...
ნავი ნაპირზე გაათრიეს. ფეხები ნოტიო, ხმელი წიწვებითა და გირჩებით სავსე ქვიშაში ეფლობოდათ. ნავი მძიმე იყო და სლიპინა, მაგრამ მაინც აიტანეს. მერე შეჩერდნენ. მძიმედ სუნთქავდნენ.
– ფეხი მომყვა, – თქვა პაშკამ და საგულდაგულოდ შეისწორა წითელი თავსაკრავი – კვანძი, გრძელცხვირა ირუკანელი მეკობრეებივით, მარჯვენა ყურს ზემოთ მოიქცია. – ჰო-ჰო, რა გავმწარდი?! – გამოაცხადა მერე.
ანკა გულმოდგინედ იწუწნიდა თითს.
– ხიჭვი შეგესო? – ჰკითხა ანტონმა.
– არა, გადავიყვლიფე. რომელიღაც თქვენგანს იმსიგრძე კლანჭები აქვს...
– აბა, მაჩვენე.
ანკამ აჩვენა.
– ჰო, – თქვა ანტონმა, – გვარიანად დაგიშავებია. აბა, რა ვქნათ?
– თოფი – მხარზე და ნაპირს გავუყვეთ, – შესთავაზა პაშკამ.
– ნავიდან რაღა ჯანდაბად გადმოვდიოდით? – აბუზღუნდა ანტონი.
– ნავით ქათამიც გაუყვება, – აუხსნა პაშკამ, – ხმელეთზე კი ლელიანია – ეს ერთი; ფლატეებია – ეს ორი; მორევებია – ესეც სამი. ვირთევზებიანი. ლოქოებიც მოიძევება.
– დაბრაწული ლოქოების ქარავანი, – წაიმღერა ანტონმა.
– მორევში ჩაგიყვინთავს?
– ჩამიყვინთავს. მერე, რა?
– მე რომ არ მინახავს? ბედი უნდა ყველაფერს.
– შენ ბევრი რამე არ გინახავს.
ანკამ ბიჭებს ზურგი აქცია, არბალეტი აიღო და ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ფიჭვს ესროლა. წვიმასავით წამოვიდა ქერქი.
– ყოჩაღ, – შეაქო პაშკამ და მაშინვე გაისროლა კარაბინი. ანკას ისარს უმიზნებდა, მაგრამ ააცილა და თავი იმართლა, – სუნთქვა არ შევიკავე.
– და რომ შეგეკავებინა, ვითომ რას იზამდი? – ჰკითხა ანტონმა. ის ანკას უყურებდა.
ანკამ ღონივრად მოზიდა ლარი. დიდებული კუნთები ჰქონდა. ანტონი სიამოვნებით უყურებდა, როგორ დაგორავდა მის გარუჯულ კანქვეშ ბიცეფსის მკვრივი ბურთი.
ანკამ საგულდაგულოდ დაუმიზნა და კიდევ ერთხელ ისროლა. მეორე ისარი ტკაცანით ჩაერჭო პირველის ოდნავ ქვემოთ.
– არ შეიძლება ასე, – თქვა ანკამ და არბალეტი დაუშვა.
– როგორ?
– როგორ და ასე – ხეებს რომ ვაფუჭებთ. გუშინ ერთი ლაწირაკი მშვილდ-ისარს ესროდა. სულ კბილებით დავაძრობინე ისრები.
– პაშკა, – მიუბრუნდა ანტონი პაშკას, – გავარდი, შენ მაგარი კბილები გაქვს.
– ჩლიფინა კბილები მაქვს მე, – მიუგო პაშკამ.
– კარგი. ვქნათ, რა, რამე, – თემა შეცვალა ანკამ.
– სულ არ მეხალისება ფლატეებზე ფორთხვა, – თქვა ანტონმა.
– არც მე. პირდაპირ წავიდეთ.
– საით? – იკითხა პაშკამ.
– საითაც გული გაგვიწევს.
– ჰა, რა ვქნათ? – იკითხა ანტონმა.
– საივაზე რას იტყვით? – შესთავაზა პაშკამ, – ტოშკა, მივიწყებული შარაგზისკენ გავწიოთ. გახსოვს?
– მაგას რა დამავიწყებს.
– ანეჩკა, იცი... – დაიწყო პაშკამ.
– ვინ არის შენი ანეჩკა!