ართურ კლარკი -
შეხვედრა მედუზასთან -
1. დასამახსოვრებელი დღე „დედოფალი ელისაბედ IV“ კანიონის თავზე სამი კილომეტრით მაღლა, ას ოთხმოცი მილი საათში სიჩქარით კომფორტულად, მდოვრედ მიცურავდა, როცა ჰოვარდ ფალკონმა მარჯვენა ბორტიდან მოახლოებული კამერა-ბაქანი შენიშნა. ამას ელოდა კიდეც, ამ სიმაღლეზე ფრენა სხვებისთვის აკრძალული იყო, მაგრამ ბაქნის ახლოს ყოფნა მაინცდამაინც არ უხაროდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში თავის დაჭერა კარგად ეხერხებოდა, მაინც ყოველთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცარიელი ცისკენ მიილტვოდა. ბოლოს და ბოლოს, ისტორიაში პირველი ადამიანი გახლდათ, რომელიც მილის მესამედის სიგრძის ხომალდს მართავდა.
დიდი ხანი გასულიყო, რაც საცდელმა ფრენებმა წარმატებით ჩაიარა. სასაცილოა, მაგრამ საუკუნის წინანდელი ჯაბახანა ავიამზიდი, „თავმჯდომარე მაო“ სან-დიეგოს სანაოსნო მუზეუმიდან გამოითხოვეს დამხმარე სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. „თავმჯდომარე მაოს“ ოთხი ბირთვული რეაქტორიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა და ამ ხრიგინა ურმის, ბებერი ლინკორის სიჩქარე ოცდაათ კვანძამდე ძლივს აღწევდა. კიდევ კარგი, რომ ზღვის დონეზე ქარის სიჩქარე ამის ნახევარიც კი არ იყო, ასე რომ, საფრენ გემბანზე შტილის შენარჩუნება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. იყო რამდენიმე რთული მომენტი, როდესაც ქარი დროდადრო ძლიერად წამოუბერავდა, კაბელტოვები კი მაინც ახერხებდნენ ჰაერში მონარნარე დირიჟაბლის შეკავებას, რომელიც ამაყად გამოჭიმულიყო ზეცაში და უხილავი ლიფტივით ზუსტად მოძრაობდა. თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა, „დედოფალი ელისაბედ IV“ და „თავმჯდომარე მაო“ ერთმანეთს მთელი მომდევნო კვირა აღარ შეხვდებოდნენ.
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, ყველა პარამეტრის გაზომვისას ინდიკატორებმა ნორმალური შედეგები აჩვენა. კაპიტანმა ფალკონმა კიბეზე ასვლა და რანდევუს ცქერა გადაწყვიტა. მართვა მეორე ოფიცერს გადაულოცა და გამჭირვალე მილგამტარში შეაბიჯა, რომელიც მთელ ხომალდს გასდევდა გულისგულამდე. იქ კი, ყველაზე დიდი განცალკევებული სივრცის დანახვისას, რაც კი ოდესმე ადამიანს შეუქმნია, როგორც ყოველთვის, გული აუჩქარდა.
ათი სფეროსებრი აიროვანი უჯრედი, თითოეული ას ფუტზე მეტი გრძივკვეთში, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულიყო ერთ ხაზზე გიგანტური საპნის ბუშტების მსგავსად. ხისტი პლასტმასა იმდენად სუფთა და გამჭვირვალე იყო, რომ მილის მესამედზე მეტ სიგრძეზე მისი ვახტიდან კარგად ხედავდა ელევატორებისა და სხვა მექანიზმების დეტალებს. მის ირგვლივ ყველგან, სამგანზომილებიანი ლაბირინთის მსგავსად, ხომალდის სტრუქტურული კარკასი გადაჭიმულიყო – თხემიდან ტერფამდე გრძივ ანკერებზე თხუთმეტამდე რკალური შპანჰოუტი განიზიდებოდა, თითქოსდა ზეციური გოლიათის ნეკნებიაო. მოშორებით მთელი ეს კონტურები ბურუსში ინთქმებოდა და ხომალდი მკაცრ, დიდებულ, ბრწყინვალე იერს იღებდა.
ასეთ დაბალ სიჩქარეზე ხმაური თითქმის არ ისმოდა. მხოლოდ ფიუზელაჟის გასწვრივ თუ იგრძნობოდა ქარის სუნთქვა, ანდა ცვალებადი დატვირთვის ზემოქმედებით ლითონი გაიღრჭიალებდა. განათების ფარებიდან წამოსული ჩრდილს მოკლებული სინათლე იქაურობას უჩვეულო, წყალქვეშა სივრცეების იდუმალებას სძენდა, ფალკონს კი აიროვანი ბუშტები უფრო მეტად აგონებდა წყლის სიღრმეებს. ერთხელ მოახერხა და წააწყდა დიდი, მაგრამ უვნებელი მედუზების მთელ გუნდს, თავის გზაზე რომ მიტივტივებდა თავთხელ ტროპიკულ რიფებში. ეს პლასტმასის ბუშტები კი, რომლებშიც „დედოფალ ელისაბედის“ მზიდი ძალა იმალებოდა, ხშირად ახსენებდა მფეთქავ წყალქვეშა მობინადრეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წნევა იცვლებოდა, ბუშტებს ცახცახი აიტანდა და მათგან არეკლილი სინათლე კი აქეთ-იქით აწყდებოდა.
ხომალდის ღერძის გასწვრივ მოძრაობისას ბოლოს და ბოლოს ლიფტს მიაღწია, პირველ და მეორე აიროვან უჯრედებს შორის და დამზერითი გემბანისკენ ასვლა დაიწყო. მალევე შეამჩნია, რომ შემაწუხებლად ჩამოცხა და ჯიბის ჩამწერს მოკლედ რაღაც წაუბურტყუნა.
„დედოფალი ელისაბედი“ ამწევი ძალის თითქმის მეოთხედს თავისსავე ატომურ ელექტროსადგურებში წარმოებული უსაზღვრო რაოდენობის სითბოსგან იღებდა. ამ ჯერზე დატვირთვა დიდი არ იყო, ათიდან მხოლოდ ექვსი ბუშტი ავსებულიყო ჰელიუმით, დანარჩენ ოთხში კი ჩვეულებრივი ჰაერი იდგა. ამას ორასი ტონა წყალიც ემატებოდა, როგორც ბალასტი. მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე უჯრედები პრობლემებს გადასასვლელებშიც ქმნიდა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნებოდა რომ სახელდახელო წამუშავება გაცივების პრობლემას მარტივად გადაჭრიდა.
დამზერით გემბანზე გამოსვლისას გრილი ჰაერის მაცოცხლებელმა ტალღამ დაარტყა სახეში. მზის დამაბრმავებელი სიკაშკაშე პლასტმასის გამჭვირვალე სახურავში ატანდა. ექვსიოდე მუშა და ამდენივე სუპერშიმპანზე სანახევროდ დასრულებული საცეკვაო მოედნის მოხვეწით, სხვები კი ელექტროსადენების გაყვანით და ავეჯის დამაგრებით გართულიყვნენ. ამ კონტროლირებადი ქაოსის შემყურე ფალკონი ხვდებოდა, რომ რთული დასაჯერებელი იყო ეს ამ ყველაფრის ოთხიოდე კვირაში, პირველ რეგულარულ რეისამდე დასრულება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს მისი პრობლემა ნამდვილად არ გახლდათ. იგი უბრალოდ კაპიტანი იყო და არა კრუიზის დირექტორი.
ადამიანმა მუშებმა ხელი დაუქნიეს, შიმპანზეებმა კი ღრჯოლები წამოყარეს ღიმილის ნიშნად, როცა ფალკონმა ამ აბლაბუდაში მათ გვერდით ჩაიარა და თითქმის დასრულებულ „ზეციურ სალონში“ შეაბიჯა. მთელ ხომალდზე ეს მისი ყველაზე საყვარელი ადგილი გახლდათ. ფალკონმა იცოდა, რომ როგორც კი ხომალდი სრული დატვირთვით მუშაობას დაიწყებდა, ამ ადგილზე კვლავ ნამდვილად ვეღარ მოხვდებოდა. ახლა კი საკუთარი თავისთვის შეეძლო