თავდაჭერილობის ასაკი ნუთუ ჩემი საათი გაჩერდა? არა, მაგრამ თითქოს ისრები აღარ მოძრაობენ. მათ არ შევხედავ. სხვა რამეზე ვიფიქრებ, თუნდაც, აი, ამ დილაზე. აღელვებული და აღტყინებული ველი რაღაცას, თუმცა, ვგრძნობ - წინ მშვიდი და ერთფეროვანი დღე მელის.
გაღვიძებისას განცდილი აღმაფრენა... ანდრე მოკუნტული იწვა საწოლში, თვალები აეხვია, ხელი კი კედელზე მიედო, ბავშვივით. თითქოს სურდა, მშფოთვარე ძილშიც კი ეგრძნო ამქვეყნიური სამყაროს სიმყარე. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და მხარზე ხელი დავადე. მან თვალებზე შემოხვეული ნაჭერი მოიშორა და შემომხედა. გაოგნებული სახე ღიმილმა გაუნათა.
- რვა საათია, - ვუთხარი მე.
საუზმე ბიბლიოთეკაში შევიტანე და გუშინ მიღებული და ნახევრად წაკითხული წიგნი გადავშალე. რა მოსაბეზრებელია ეს გაცვეთილი ფრაზები... - ადამიანები მდუმარებისათვის არიან განწირულნი და ერთმანეთთან ურთიერთობა არ შეუძლიათ. თუკი ვინმესთან საუბარი გვსურს, ასე თუ ისე, მიზანს ვაღწევთ. რასაკვირველია, ყველასთან ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ორ ან სამ ადამიანთან - უთუოდ. თუმცა, ხშირად იძულებული ვარ, ანდრეს ჩემი გუნება-განწყობა, სინანული თუ წვრილ-წვრილი საზრუნავები დავუმალო. რა თქმა უნდა, მასაც აქვს საიდუმლოებები, მაგრამ ერთმანეთთან მაინც გულახდილები ვართ... ფინჯნებში ძალზე მუქი, ცხელი ჩინური ჩაი ჩამოვასხი. ფოსტით მიღებულ წერილს ვკითხულობდით და ჩაის ვსვამდით. ოთახში თბილ ტალღებად იღვრებოდა ივლისის მზის ოქროსფერი სხივები. რამდენჯერ მივსხდომივართ ამ პატარა მაგიდას და სწორედ ამ ფინჯნებით დაგვილევია ცხელი, მუქი ჩაი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სასიამოვნო მოგონებები და უცნაური მოლოდინისაგან გამოწვეული სიხარული. ხვალაც ასე მოვიქცევით, ერთი ან ათი წლის შემდეგაც... ოცდაათი წლის ვიყავით, თუ სამოცის? ანდრე ნაადრევად გაჭაღარავდა. ადრე, მეჩვენებოდა, რომ თოვლივით თეთრი თმა შვენოდა და მისი შავგვრემანი სახის სინატიფეს უფრო კარგად წარმოაჩენდა. ახლაც ასე მგონია, თუმცა კანი დაუნაოჭდა, გაუუხეშდა და აექერცლა, მაგრამ მისმა ღიმილმა და თვალებმა ძველებური ბრწყინვალება შეინარჩუნეს. თავს ვიტყუებ... ალბომს ვათვალიერებ და ვრწმუნდები, რომ ის უკვე მოხუცდა. აღარა აქვს ახალგაზრდული იერი. ჩემი მზერა მის ასაკს არ ცნობს! ჩვენ დიდი ცხოვრება გვქონდა - ღიმილით, ცრემლებით, სიბრაზით, ტრფობით, აღიარებებით, დუმილით, მწველი ვნებებითა და ლტოლვით აღსავსე. ხანდახან მეჩვენება, რომ დრო გაჩერდა... მომავალი ისევ თვალუწვდენელ სიშორეში იკარგება.
ანდრე წამოდგა:
- წარმატებულ დღეს გისურვებ.
- შენც ასევე, - მივუგე მე.
აღარაფერი უთქვამს. ანდრეს მსგავსი მეცნიერების ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც ერთ ადგილს ტკეპნიან და ახალს ვერაფერს ქმნიან. ოდესღაც, ანდრე ამას ეგუებოდა, ახლა კი ძალიან დათრგუნვილია.
ფანჯარა გამოვაღე. პარიზში ასფალტისა და ქარიშხლის სურნელი ტრიალებდა, რომლის შთანთქმას ამაოდ ცდილობდა ზაფხულის სულისშემხუთავი სიცხე. ანდრეს თვალი გავაყოლე... როცა ვხედავ, როგორ მშორდება, საოცრად მძაფრად ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა... მისი მაღალი სილუეტი თანდათან პატარავდებოდა. თითქოს, ნაბიჯებით ხატავდა გზას, რომლითაც ისევ შინ უნდა დაბრუნებულიყო... თვალს მიეფარა. მომეჩვენა, რომ ქუჩა უკაცრიელი გახდა, სინამდვილეში, ეს იყო მაგიური ძალებით აღსავსე ველი, რომელიც ანდრეს ისევ ჩემთან, ჩვენს ბინაში, თავის სამყოფელში დააბრუნებდა. ეს რწმენა უფრო მაღელვებდა და მახარებდა, ვიდრე ანდრეს აქ ყოფნა.
დიდი ხანია, აივანზე ვდგავარ. მეექვსე სართულიდან პარიზის საკმაოდ დიდ ნაწილს ვაკვირდები. მტრედები სახურავებიდან ფრინდებიან და ცაში კამარას კრავენ. ეს ერთნაირი ყვავილის ქოთნები, სინამდვილეში, ბუხრის წითელ-ყვითელი საკვამური მილებია. აი, წეროები... ხუთი, ექვსი, ათი... ათი უკვე დავთვალე. ლითონისებრი ფრთებით სერავენ ცის კამარას. ხელმარჯვნივ, მაღალ, დახვრეტილ კედელს მოვკარი თვალი. სინამდვილეში, ახალი, მრავალსართულიანი სახლია... პრიზმულ კოშკებსა და ახალაშენებულ ცათამბჯენებს ვუცქერ. როდიდან იქცა ედგარ კინეს ბულვარის მიწაყრილი ავტომანქანების სადგომად? ამ პეიზაჟის სიახლე თვალს მჭრის. არა მგონია, ასეთი რამ ადრე მენახოს. მსურს, წარსულსა და მომავალს ერთდროულად დავაკვირდე და სხვაობამ გამაოცოს, მაგრამ ამაოდ... გარესამყარო ჩემ თვალწინ მარადიულ აწმყოდ მოედინება. მალევე ვეჩვევი ამ სახეებს, რომლებიც, მგონი, არც კი იცვლებიან.
ჩემს მაგიდაზე დახვავებული კატალოგები და თეთრი ქაღალდები თითქოს სამუშაოდ მიწვევენ, მაგრამ თავში პეპლებივით დაფარფატებენ სიტყვები. ყურადღების მოკრებას ვერ ვახერხებ. „ფილიპი საღამოს მოვა“... - ვიმეორებ დაუსრულებლად. თითქმის ერთი თვეა, არ მინახავს. მის ოთახში შევედი. წიგნები, ქაღალდები, ძველი, ნაცრისფერი პულოვერი, იასამნისფერი პიჟამა და სხვა ნივთები ისევ ისე ეწყო, როგორც მან დატოვა... ვერაფრით გადავწყვიტე ამ ძველი ოთახის გადაკეთება. არც დრო მაქვს, არც - ფული. არ მსურს, ეს ოთახი შეიცვალოს... არ მინდა, დავიჯერო, რომ ფილიპი მე აღარ მეკუთვნის...
ისევ ბიბლიოთეკაში შევედი. ოთახს ახალმოკრეფილი, სალათის ფურცლებივით ნაზი და სიფრიფანა ვარდების თაიგული სურნელით ავსებდა. გაოგნებული ვიყავი... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ეს