ბაბუები, ყველაზე მაგარი ბიჭები დედამიწაზე! მოგონებები საუკეთესო აღზრდაა.
გრძნობების გამოგონება არ მიყვარს – გამოგონილი გრძნობებით არც ამბავი გამოდის, არც ნახატი და არც საუბარი. აი ფიქრებს კი ვიგონებ ხოლმე. ადამიანებს ვაკვირდები და მათი საფიქრალის გამოცნობას ვცდილობ. მაინტერესებს, რომელ ფიქრს უფრო ხშირად ფიქრობს ადამიანი მხიარულს თუ მოწყენილს? მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე უამრავი ადამიანი ცხოვრობს, თითოეულს ხომ, მხოლოდ საკუთარი არსებობა მიგვაჩნია ყურადღების ღირსად. თითქოს ქუჩაში შემხვედრი ნებისმიერი მოკვდავი ჩვენს გარეშე არაფერს წარმოადგენდეს და ისტორიაც ჩვენი არსებობის დღისთვის იწერებოდა მხოლოდ. ასეთ დროს ვხვდები, რომ უსათუოდ გჭირდება ფიქრის დასანახი თვალი - ცოტა ხნით გასახელად, წამით გასახედად, ფიქრით რომ ავავსოთ, დავარწყულოთ ან პირიქით – ფიქრი გადმოვღვაროთ.
ფიქრი თხევადია.
ფიქრი რთული ქიმიური ნაერთია, ჯაჭვური რეაქციებით რომ მიიღება, ფორმულირდება. ჩემი დღევანდელი ფიქრის ფორმულა ერთმა დოსტოევსკისეულმა აბზაცმა განაპირობა. „ძმები კარამაზოვებში“ ამოკითხული სიტყვები ფიქრებს ჯერ შეერია, გააზავა, აამღვრია, საბოლოოდ კი დალექა და გაამტკნარა.
არაფერია ამ ცხოვრებაში უფრო ამაღლებული, ძლიერი, ჯანსაღი და სასარგებლო, როგორც კარგი მოგონება. განსაკუთრებით კი წინაპრების სახლიდან გმოყოლილი ნათელი ამბები, ბავშვობისდროინდელი მოგონება საუკეთესო აღზრდაა. რაც უფრო მეტს დააგროვებ და გაიყოლებ უფრო იოლად გადარჩები მომავალში. გულში ჩარჩენილმა, ერთმა პატარა, ნათელმა ამბავმა შესაძლოა ოდესმე ცხოვრება შეგვინარჩუნოს, გვიხსნას, - ეს დოსტოევსკისეული აბზაცი იყო.
მოგონებები საუკეთესო აღზრდააო და წინაპრების სახლში ვინაცვლებ, საბოლოო ყალიბს ვუმზადებ ფიქრის საბაბს, თითქოს წყლის რაკრაკივით ჩამესმის ოდესღაც ქვეცნობიერში აღბეჭდილი სიტყვები: ბაბუები, ყველაზე მაგარი ბიჭები არიან დედამიწაზე.
მათი ყოველდღიური ცხოვრების მაგალითები მარადიულ საგზლად ვაქციე: მე მყოფნის, გამვლელ-გამომვლელსაც ვურიგებ, ამბის გადამტან ჩიტებსაც ვუყრი, შვილებსაც ვაპურებ და კვლავ ხელუხლებელი მრჩება. საგზალი ორი ბაბუას სამუშაო მაგიდაზეა გაშლილი. ხან ერთს მივუჯდები, ხან მეორეს, ნამცეც-ნამცეც ვაგროვებ, ვაკოწიწებ და ვაერთიანებ.
ერთი არქიტექტორის მაგიდაა - ვთამაშობ მართკუთხა სახაზავებით, ფარგლებით, ტრანსპორტირით. ამ ბავშვს სათამაშო არ გააჩნია, - ჩივის ზოგჯერ ბაბუა. მე გაკვირვებული ვუყურებ, მიღიმის, კალთაში მისვამს, ერთად ვხატავთ, ის კი მიმღერის: ათან-დოში ათან-დოში, მაკუნა. დათო ბაბუ ხომ სიტყვების და ზღაპრების საუკეთესო გამომგონებელია. თუმცა ეს რა მოსატანია იმასთან, ერთ პატარა ქალაქში რომ მოახდინა - რასაც ხატავდა ყველაფერი ცოცხლდებოდა. ხორცს ისხამდა ფორმატის თეთრ ფურცლებზე დახატული შენობები, სკვერები, საცურაო აუზი, სტადიონი თუ სხვა. ბებია ამბობდა დათიკომ ეს ქალაქი დახატაო. თუმცა, ბებია თუ გულისხმობდა, მოხატა, გაალამაზაო, ჩემთვის პირდაპირი გაგებით ჟღერდა ეს სიტყვები. დიახ დახატა, დახატა ჯადოსნური ფანქრებით. იმ ფანქრებით, მაგიდაზე გადაშლილი გაზეთის მინდვრებზე ორნამენტებს რომ ხაზავდა ხოლმე. ნეკისხელა ფანქრები იყო, და ჩემთვის საკრალური მნიშბვნელობის ასოები ეწერა: HB დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი ჯადოსნობა მათში იყო ჩამალული, მათი მსგავსი ხომ არავის ხელში არ მინახავს. ახლა წიგნებს არ იკითხავთ? ნებისმიერი ზღაპრის წიგნზე უკეთესები ეწყო მაგიდაზე, გრაფიკული ნახაზები, არქიტექტურული სიმბოლოები, ტირეებს შორის ჩასმული ციფრები და ფიგურები თვალებს ფიქრით მივსებდა, სიზმრების კონფიგურაციას მიცვლიდა, იმ მაგიდის მიღმა არაფერი მაინტერესებდა. ეს რა წიგნია, უცნაური ადამიანი რომ ახატია? – ვეკითხები. ახლა ამას მიადგა, - ბუზღუნებს ბაბუა და მპასუხობს, - ლე კორბიუზიეა, გაუფრთხილდი! ლამაზი სიტყვაა ლე კორბიუზიე და იმ დღიდან ბაბუას ზედსართავ სახელად ვაქცევ ჩემს ფიქრებში, ბაბუა ლე კორბიუზიე - უხდება. ახლა ამ წიგნის გადახატვას ვიწყებ: სხავადასხვა ზომის ბაჭიებს, ადამიანებს, ოთახის მაკეტებს ვხატავ.
სინამდვილეში ლე კორბიუზიე მოდერნისტი ფრანგი არქიტექტორია, რომელმაც იერსახე შეუცვალა ევროპას. „რასაც ვერ შეძლებენ ციკლოპები. მარდად დაასრულებენ ფანქრები,“ - ეს სიტყვები ბროდსკის მიუძღვნია ლე კორბიუზიესთვის. მე კი ბაბუას ვუძღვნი და დღემდე სიამაყით ვივსები დახატული ქალაქის შესასვლელიდან დაწყებული, მისი კალიგრაფიით შესრულებული წარწერა – პატარა ქალაქის სახელი რომ მხვდება, ვიდრე გასასვლელამდე, მისი ჩანახატის მიხედვით მოპირკეთებულ წყარომდე. დღესაც, ხატვის დროს ფანქარი რომ გაილევა, ტუჩებთან მიმაქვს და ბაბუას გამოგონილ სიტყვებს ვბუტბუტებ.
მეორე მაგიდა ჩემი ზაფხულის ბაბუას ეკუთვნის, ახოვანი, ცილინდრიანი მამაკაცია, ჯაჭვზე გამობმული საათით ჟილეტის ჯიბეში. სამსახურიდან რომ ბრუნდება, ვიწრო, გრძელ კორიდორში გავრბივარ, ქუდს ვართმევ და ცილინდრების თაროზე მიმაქვს. ესეც ჩემი საკრალური რიტუალი იყო, მისი ჭაღარა თმის სურნელი რომ დაჰყვებოდა, მთელი წელი მყოფნიდა ზაფხულიდან ზაფხულამდე და დღემდე სითბოთი მავსებს.
იმ პატარა ქალაქში, დათო ბაბუამ რომ მოხატა, მეორე ბაბუა, ალექსანდრე ბედისწერამ ჩაიყვანა. ბევრი იმოგზაურა ჩემმა გენმა სკანდინავიიდან სამხრეთისკენ, ვიდრე საქართველომდე, ქართველი ბებიის კალთამდე. ცილინდრიანმა ბაბუამ ქართული წერა-კითხვა ისწავლა, „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხა, მარანი გაიჩინა და სკანდინავიელის შესაფერისი ლიტრიანი დოქები დადო