წერილი მომავალ მგზავრებს
მიწას მარილი აკლდება, ლამპარს ზეთი, სურვილებს სიკეთე. ადამიანები დროს წურავენ და რაც უფრო უახლოვდებიან ჰორიზონტის ხაზს, ხვდებიან, რომ გზის გალევა კი არა (აღ)წერა ყოფილა მთავარი. ახლა მათთან ვარ და თქვენც აქ მეგულებით, ვინაიდან დღეს განსაკუთრებით გვიხმობენ, გვებარებიან.
მრავალხმიან გალობას მოვკარი ყური და შუამთის თეკლესეულისკენ გამიწია გულმა აქაური საგალობლების კეთილხმოვანება ზუსტად ემთხვევა ჩვენს სიხშირეებს. ორ თქვენგანს მოვკარი კიდეც თვალი: მწვანეყვავილას ამბიონზე ერთს და გრემის გუმბათზე მეორეს. ამიტომ გადავწყვიტე აქაური ანბანით ამეკრიფა წერილი.
ჩემი წერილის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ წერილებია: აქ წამოსვლამდე მოგვებზე ვსაუბრობდით, ორი საუკუნის წინ, სწორედ ამ დროს, გზას რომ დაადგნენ. მათი გულის წერილები მოიკითხა, ვინ ინახავსო, ჩამეკითხა.
მწყემსებივით როდი გაუიოლდათ, ბევრი იწვალეს, სანამ მოგაგნესმეთქი, ვუპასუხე კადნიერებით და სამივე გრაგნილი გადავეცი.
ახლაც ასეა, ორ გზას ადგანან ადამიანები: გონებით ცდილობენ ჩემს გამოთვლას და მოგვებივით ჯახირობენ, ან გულს მიხსნიან და მწყემსებივით ხარობენო, თქვა და მიწიერი სახე გამოუკრთა თითქოს, მოიწყინა.
შობის დღესასწაულამდე გვთხოვა, აქ დავრჩეთ, აქაურები გამოვარჩიოთ, ჩავნიშნოთ: გონებით ფიქრს არჩევენ თუ გულით ცდილობენ. ამიტომ დღეიდან ფრთების მაგიერ ნაბდით ვიზღუდები, გუდით და ყავარჯნით ხელში ვეშვები, ვლოცავ მგზავრობის ყველა მოსურნეს, გზებს ვაკურთხებ და ჰაერთა კეთილშეზავებას ვითხოვ.
გაბრიელი
21 ნოემბერი, ახ.სტილით მთავარანგელოზობა
Send to: მიქაელი, რაფაელი, სელაფიელი, იეგუდიელი, იერემიელი, ვარახიელი, ურიელი
ოცდათვრამეტი მარცვალი ბრინჯი თანამეცხედრისთვის
ქალადა პირველსავე ქალაქში შევიგულე, მსწრაფლშემსმენელის ხატთან. სურვილებით გულსავსე, სათქმელად მხოლოდ ერთს იმეტებდა: კარგად მიმყოფეო. ეშინოდა, ნატვრის სიუხვემ უმთავრესი არ დაჩრდილოსო.
გუშინ ფანჯრის რაფაზე გაშლილ ნარინჯისფერ ტილოს ნაჭერზე ბრინჯის მარცვლები დაყარა, დროდადრო დახედავს, თითებს გადაუსვამს, მარცვლებს გვერდს უნაცვლებს, აშრობს. ამიერიდან სისხამ დილით ადგება, საჭირო რაოდენობის მარცვალს ხელისგულზე გადათვლის, მერე თითებს გაშლის, ზედმეტებს უკან დააბრუნებს, ჭიქას წყლით აავსებს, საძინებელში შევა, მეუღლეს გააღვიძებს, ის თვალდახუჭული გამოართმევს მარცვლებს, პირში ჩაიყრის, წყალს მიაყოლებს და ძილს გააგრძელებს. ქალადა ფეხაკრეფით გამოვა საძინებლიდან.
ქალადას ქმარს გარეცხილგამომშრალი ბრინჯის მარცვლების უზმოზე მიღება ექიმბაშმა ძვლების გასამაგრებლად ურჩია საუზმემდე ორი საათით ადრე იმდენი მარცვალი უნდა გადაყლაპოს, რამდენი წლისაცაა.
შობის მარხვას ერთი კვირით დაასწრო ქალადამ და აქიმობას შეუდგა. ორმოცდაშვიდი დღე ყოველდღე, საუზმობამდე ორი საათით ადრე ადგება, გადათვლის, თვალითაც შეამოწმებს, უაქიმებს.
ზოგჯერ ბალიშის ქვეშ ან ზეწარზე აღმოაჩენს ბრინჯის მარცვალს, გული დასწყდება, დავაკელიო და მეორე დღეს ერთი მარცვლით მეტს გადათვლის ხელისგულზე.
მიქაელი
22 ნოემბერი, ახ.სტილით მსწრაფლშემსმენელისა