საახალწლო საკითხავი ეჭვი ყოველთვის მეპარებოდა, მაგრამ ისე ბუნებრივად ხდებოდა ყველაფერი, ვერ ვბედავდი, ხმამაღლა მეთქვა, თოვლის ბაბუ არ არსებობსმეთქი.
ჩემს პატარა დას გავენდე, მას კი ჩვენი დედიკოსავით დიდი თვალები გაუხდა და მკაცრად მიიდო თითი ტუჩებზე.
გამოცანა
დედა ნაძვის ხის მორთვითაა გართული, ჩვენ ახალ სათამაშოებს ვათვალიერებთ – ყოველ წელს სხვადასხვაგვარი ნაძვის ხე გვაქვს: თეთრი მხოლოდ ლურჯი ბურთულებითაა, თუ მწვანეა, მაშინ წითელი სათამაშოებითა და ბაფთებითაა მორთული, ხანაც ოქროსფერი – ზღაპრული არსებებით, ან კი ვერცხლისფერი წვიმებითა და ვარსკვლავებით დამშვენებული. მოკლედ, დედა როგორსაც გადაწყვეტს – ამ დღეს ისეთი ბედნიერი, ხალისიანი და ჩვენხელაა.
ზევით ცამა მოიღრუბლა,
მ ო ი ს კ ი ლ ი კ ი მ ა ჟ უ რ ა,
ქვევით მელამ კუდი ჩაყო,
ჩ ა ი ს კ ი ლ ი კ ი მ ა ჟ უ რ ა.
გამოიცანით რა არის? – გვეკითხება დედა და გვიღიმის.
ჩემი უმცროსი და ხელებს შლის, მამას ანიშნებს, პასუხი ხომ არ იციო. მამა მხრებს იჩეჩავს – ვერაფრით დაგეხმარებიო.
მამას და დედას უყვართ უცნაური სიტყვების, გამოთქმებისა თუ ამბების შეთხზვა, თავიანთ ენაზე საუბრობენ და ჩვენც იშვიათად მოგვმართავენ საკუთარი სახელებით. ახლაც ვეჭვობ, დედამ მოიგონა ეს გამოცანა და თავს არ ვიწუხებ პასუხზე ფიქრით.
მე
მე მაფიქრებს, საიდან მოვა თოვლის ბაბუ წელს? გულის უფრო გულში კი სულ-სულ ჩუმ-ჩუმად ვჩურჩულებ: « ნეტავ ამჯერად რას მოიგონებს დედა! »
ვცდილობ, აღვიდგინო შარშანდელი ახალი წლის ღამე, მინდა დავრწმუნდე, მართლა დავინახე თუ მომეჩვენა თოვლის ბაბუს მარხილი ცაში – არადა, თითქოს დავინახე!
შარშან
12 საათი შესრულდა, მაგრამ არც კარზე « დაგვიკაკუნა ვიღაცამ, » არც ტელეფონზე « დაგვირეკა » და არც აივანზე « ამოგვიგდო » საჩუქრებით სავსე ხურჯინი. ვცდილობდი, დედის მზერა დამეჭირა, გულში ვეკითხებოდი: სადაა თოვლის ბაბუ, ხომ არ იცი? გულის უფრო გულში კი, სულსულ ჩუმჩუმად ვჩურჩულებდი: ჩვენთვის საჩუქრების ყიდვა ხომ არ დაგავიწყდა მეთქი.
დედა კი, ვითომც აქ არაფერი, მიდი-მოდიოდა, გვილოცავდა, თვალებით მამას ეკეკლუცებოდა.
ის იყო გავიფიქრე « ჩემი ბრალია, რომ არ მჯეროდა! » მეთქი და დედამ ფანჯარასთან მიირბინა და დაიძახა: შეხედეთ, « თოვლის ბაბუს მარხილიო! »
სანამ ჩვენ ფანჯრებს მივცვივდებოდით, « მანსარდაში შეფრინდაო! » , დაიყვირა და კიბეებისკენ გაიქცა.
მე კი... მე მოვასწარი ცალი თვალი შემევლო « თოვლის ბაბუს მარხილისათვის? » , მერე კი დედას დავედევნე. მანსარდაში ორი ჭრელი ტომარა დაგვხვდა.
– როგორ ვერ მივუსწარით, – გულდაწყვეტილი ამბობდა დედა, – მერე თვალები გაუფართოვდა, მის მზერას გავაყოლე თვალი და ფანჯარაზე თოვლის ბაბუს ქუდი დავინახე.
– დარჩა, მაგას რა ვუთხარი! – შეწუხდა დედა.
– ალბათ, რასაც წლის მანძილზე ვნატრობთ ხოლმე, თოვლის ბაბუ ყველაფერს იწერს, – ვუხსნიდი ჩემს დას დაბეჯითებით, როდესაც საჩუქრებს ვათვალიერებდით.
« ყოჩაღ დედა! » – ვიძახდი სულსულ ჩუმჩუმად, გულის უფრო გულში.
წელს
– იცი, დედა, ლუკამ თქვა, არ არსებობს თოვლის ბაბუაო, – განაცხადა მარიმ, გამოცანის პასუხი რომ ვეღარ მოიფიქრა.
– ვისაც არ სჯერა, იმისთვის მართლაც არ არსებობს!
– როგორ არ მჯერა, იტყუება! – შევშინდი და მამლის ბოლოსავით ჭრელა-ჭრულა ნაძვის ხეს მივაშტერდი.
– მე კი მჯერა და ველოდები კიდეც იმას, რაც ყველაზე ძალიან ვინატრე. ხომ მომიტანს? – ღიმილით ეკითხება მამას დედა.
– რა თქმა უნდა! დედიკო წელს საუკეთესო « ბავშვი » იყო და საჩუქრიც საუკეთესო დაიმსახურა, – იღიმის ახლა მამა და დედას გულში იხუტებს.
– გამოცანის პასუხს ველი, გამოცანის! – დედა ზურგს უკან მალავს ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდად გამზადებულ ნაირფერ მამლაყინწას და კისკისებს.
– მამიკო, შენ? – მამას ზურგზე უკაკუნებს მუშტად შეკრულ ხელს ჩემი და.
– ხომ გითხარი, მასასო, პასუხი არც მე ვიცი, – მამა მარიამის წინ ცუცქდება.
– საჩუქარზე გეკითხები! შენც მოგიტანს თოვლის ბაბუ საჩუქარს?
– ოოო... ეგ არ ვიცი. თუ დედამ კარგი სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა, მომიტანს!
მარიამისთვის « სარეკომენდაციო წერილი » დედას გამოცანასავით ჟღერს.
სამაგიეროდ მე მიძლიერებს ეჭვს მამას სიტყვები და გულის უფრო გულში, სულ-სულ ჩუმ-ჩუმად, ისე, რომ ქვეყნად არავინ გაიგოს, ვცდილობ დავიჯერო, რომ ახალი წლის