რეიჩელი
პარასკევი, 5 ივლისი, 2013
დილა
ლიანდაგის გვერდით ტანსაცმლის გროვაა. ღია ცისფერი ქსოვილის; ალბათ, პერანგია, რაღაც თეთრთან, ჭუჭყიანთან ერთად. ეტყობა, პატარა ტყისკენ მიჰქონდათ და გაიბნა. შესაძლოა, გზის ამ მონაკვეთზე მომუშავე ინჟინრებს დარჩათ. ისინი აქ ხშირად მუშაობენ. ან იქნებ, რაღაც სხვაა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დაუცხრომელი ფანტაზია მაქვს. ტომიც იმავეს ამბობდა. რა ვქნა, თავს ვერ ვერევი. როგორც კი ამ გაფანტულ ნაგლეჯებს: ჭუჭყიან მაისურს ან ცალ ფეხსაცმელს მოვკრავ თვალს, მაშინვე მეორე ფეხსაცმელსა და იმ ფეხზე ვიწყებ ფიქრს, რომელსაც ის ეცვა.
მატარებელი რწევით, ჭრიალითა და წრიპინით მიიწევს წინ, ტანსაცმლის პატარა გროვა თვალს ეფარება და ჩვენ ლონდონისაკენ მკვირცხლი ჯოგერის ტემპით განვაგრძობთ გზას. ჩემ უკან სკამზე ვიღაც სასოწარკვეთილად და გაღიზიანებულად ხვნეშის. ეშბერი-იუსტონის 8:04-იანი ნელი მატარებელი ძალიან გამოცდილი მგზავრის მოთმინებისთვისაც კი მძიმე გამოცდაა. ამ გზის გავლას ორმოცდათხუთმეტი წუთი უნდა დასჭირდეს, მაგრამ ასე იშვიათად ხდება. ეს ძველისძველი და გაცვეთილი მონაკვეთი პრობლემებითა და დაუსრულებელი საინჟინრო სამუშაოებით გამოირჩევა.
მატარებელი ნელა მიღოღავს: საწყობების, წყლის საქაჩების, ხიდებისა და ანგარების, რკინიგზისაკენ უკანა ფასადით შემოტრიალებული ვიქტორიანული ეპოქის მოკრძალებული სახლების გასწვრივ მიყანყალებს.
თავით ვაგონის ფანჯარას მიყრდნობილი ვაკვირდები, როგორ გარბიან სახლები, როგორც ფილმის კადრები. ჩემსავით მათ ვერავინ ხედავს. ამ კუთხიდან მათ პატრონებიც კი ვერ ხედავენ. დღეში ორჯერ სხვისი ცხოვრების ფრაგმენტების დანახვის საშუალება მეძლევა. არის რაღაც დამამშვიდებელი საკუთარ სახლში უსაფრთხოდ მყოფი უცხო ადამიანების ყურებაში.
ვიღაცის ტელეფონი რეკავს. შეუსაბამოდ მხიარული და ხალისიანი მელოდიაა. პატრონი პასუხის გაცემას არ ჩქარობს, ტელეფონი კი რეკავს და რეკავს. ეს ხმა თითქოს ჩემ გარშემო ტრიალებს. ვგრძნობ, როგორ წრიალებენ მგზავრები თავიანთ სკამებზე, როგორ აშრიალებენ გაზეთებს და აკაკუნებენ კომპიუტერებზე. მატარებელი რწევითა და ყანყალით შედის მოსახვევში. სვლას კიდევ უფრო ანელებს, რადგან წითელ შუქს უახლოვდება. ვცდილობ, ზევით არ ავიხედო და წავიკითხო უფასო გაზეთი, რომელიც სადგურში შემოსვლისას შემომაჩეჩეს, მაგრამ სიტყვები თითქოს გადაირეცხა, საინტერესოს ვერაფერს ვხედავ. თვალწინ ისევ რკინიგზის სიახლოვეს მიტოვებული ტანსაცმლის პატარა გროვა მიდგას.
საღამო
უკვე შერეული ჯინ-ტონიკის ქილა პირთან მიმაქვს და დალევას ვიწყებ, სითხე ტუჩებზე შუშხუნებს. მკვეთრი და ცივია. გემო ისეთივე აქვს, როგორიც 2005 წელს, ბასკეთის სანაპიროზე, მეთევზეების სოფელში ტომთან ერთად პირველად დასვენების დროს ჰქონდა. დილაობით ყურეში პატარა კუნძულისაკენ ნახევარ მილს მივცურავდით. იქ, უკაცრიელ პლაჟებზე გვიყვარდა ერთმანეთი. დღისით ბარში ვისხედით, მაგარ, მწარე ჯინ-ტონიკს ვსვამდით და პლაჟის ქვიშაზე მოთამაშე ფეხბურთელებს ვადევნებდით თვალს. თითოეულ გუნდში 25 კაცი იყო და თამაშიც არეული გამოდიოდა.
კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი, კიდევ და კიდევ; ქილა უკვე თითქმის ნახევრად ცარიელია, მაგრამ არა უშავს, ფეხებთან, ჩანთაში, კიდევ სამი ქილა მაქვს. პარასკევია და თავს დამნაშავედ სულაც არ ვგრძნობ, მატარებელში რომ ვსვამ. მადლობა ღმერთს, დღეს პარასკევია. მხიარულება იწყება.
ეტყობა, მშვენიერი უქმეები იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასე გვპირდებიან - კაშკაშა მზე და უღრუბლო ცა. ადრე ასეთ ამინდში ქორლის ტყეში პიკნიკზე წავიდოდით, მთელი დღე საფენზე წამოწოლილები ფოთლებს შორის ალაგ-ალაგ გამომზირალ მზეზე დავიწვებოდით და ღვინოს დავლევდით; ან მეგობრებთან ერთად ბარბექიუს გავაკეთებდით; ან როუზში წავიდოდით, ბაღში ლუდს დავლევდით, მზისა და ალკოჰოლისაგან აწითლებული სახეებით ხელიხელჩაკიდებულები სახლში ბარბაცით დავბრუნდებოდით და ტახტზე დასაძინებლად დავეყრებოდით.
კაშკაშა მზე, უღრუბლო ცა, მაგრამ ვერც ვერავის ეთამაშები და ვერც ვერაფერს გააკეთებ. როცა ისე ცხოვრობ, როგორც დღეს მე, ყველაზე მძიმე პერიოდი ზაფხულია, ამდენი დღის სინათლითა და ასე ცოტა სიბნელით, როდესაც ყველა გარეთაა, სეირნობს, როდესაც ყველა უსაზღვროდ და აგრესიულად ბედნიერია. ეს ძალიან გფიტავს და, თუ ყველაფერ ამაში არ მონაწილეობ, თავს საშინლად გრძნობ. აი, წინ უქმე დღეებია და არ იცი, ორმოცდარვა ცარიელი საათი რით შეავსო. ქილა ისევ პირთან მიმაქვს, მაგრამ იქ ერთი წვეთიც კი არ არის დარჩენილი.
ორშაბათი, 8 ივლისი, 2013
დილა
როგორი შვებაა, რომ ისევ 8:04-იან მატარებელში ვარ. ვერ ვიტყვი, ერთი სული მაქვს, ლონდონში როდის დავბრუნდები და ახალ კვირას შევუდგები-მეთქი. იქ ყოფნა საერთოდ არ მინდა. უბრალოდ, მინდა ჩაზნექილ, რბილ სავარძელში გადავწვე, ფანჯრიდან გადმოღვრილი მზის სხივების სითბო და ვაგონის რწევის დამამშვიდებელი რიტმი ვიგრძნო. აქ, ვაგონში, ჯდომა და გზის გასწვრივ სახლების ყურება მირჩევნია. დაახლოებით შუა გზაზე, ეტყობა, ლიანდაგი დაზიანებულა. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ აქ ყოველთვის წითელი ანთია. უმეტესად ვჩერდებით ხოლმე: ხან სულ რამდენიმე წამით, ხან კი დაუსრულებელი წუთების მანძილზე. თუ ვაგონში ვზივარ, უფრო ხშირად კი სწორედ ასე ხდება,