ნაწილი I
თავი პირველი
დიდხანს მოგიწევდათ ძებნა რაიმე დაკლაკნილი ბილიკის ან მშვიდი მდელოსი, რომლებითაც მოგვიანებით სახელი გაითქვა ინგლისმა. ამის სანაცვლოდ, მთელ მილებზე გადაშლილიყო უკაცრიელი, დაუმუშავებელი მიწა; კლდოვან ბორცვებსა და მანანით დაფარულ შიშველ ხრიოკებს აქა-იქ აჩნდა უხეშად გაკვალული ბილიკები. რომაელების მიერ დატოვებული გზების დიდი ნაწილი, იმხანად უკვე დანგრეული თუ წაშლილი, ხშირად უდაბნოში იკარგებოდა. მდინარეებსა და ჭანჭრობებზე სუსხიანი ბურუსი ეკიდა და საუცხოოდ ემსახურებოდა დევებს - მაშინ ჯერ კიდევ მშობლიურს აქაურობისთვის. ახლომახლო მცხოვრებ ადამიანებს (მაინც რომელმა სასოწარკვეთამ დაასახლა ისინი ესოდენ პირქუშ ადგილებში?) შეიძლებოდა შინებოდათ ამ არსებების, რომელთა აქოშინებული სუნთქვა გაცილებით ადრე ისმოდა, სანამ თვითონ გამოჩნდებოდნენ ნისლიდან. მაგრამ ასეთი ურჩხულები არავის აკვირვებდა. მაშინდელი ხალხი ისე უყურებდა მათ, როგორც ყოველდღიურ საფრთხეს, ხოლო იმხანად კიდევ რამდენი საფიქრალ-საზრუნავი ჰქონდა ყველას: როგორ მოეპოვებინათ საზრდო ამ მკვრივი მიწიდან; როგორ დაეზოგათ შეშა; როგორ შეეჩერებინათ სნეულება, დღეში ათობით ღორს რომ ხოცავდა, ბავშვებს კი ლოყებზე მწვანე მუწუკებს აყრიდა.
ყველა შემთხვევაში, დევები არც ისე ცუდად იყვნენ უზრუნველყოფილნი. ადამიანებს უნდა მიეღოთ ის ფაქტი, რაც საკმაოდ ხშირად, შესაძლოა - მათ რიგებში მომხდარი რომელიმე ბნელი კინკლაობის შემდეგ, სოფელში გაშმაგებით შემოაბოტებდა ეს არსება და, ხალხის ყვირილისა და იარაღის ქნევის მიუხედავად, მძვინვარედ ემუქრებოდა ყველას, ვინც საკმარისად სწრაფად არ გაეცლებოდა. ან კიდევ, არანაკლებ ხშირად, დევს შეიძლებოდა, რომელიმე ბავშვისთვის დაევლო ხელი და ნისლში გაეტაცა. მაშინდელი ადამიანები, როგორც ჩანს, ფილოსოფიურად უყურებდნენ ასეთ აკლებებს.
ერთი ასეთი ვეებერთელა ჭაობის კიდეზე, დაკბილული ბორცვების ჩრდილში, ცხოვრობდა მოხუცი ცოლ-ქმარი, ექსლი და ბიატრისი. შეიძლება ეს მათი ზუსტი ან სრული სახელები არ იყო, მაგრამ მაინც ასე მოვიხსენიებთ სათქმელის გასამარტივებლად. ეს წყვილი განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა-მეთქი, ვიტყოდი, თუმცა იმხანად ბევრი არავინ იყო „განმარტოებული“ ჩვენთვის გასაგები რაიმე აზრით. ჩვენი მოხუცი წყვილიც ერთ ასეთ განტოტებულ საბინადროში ცხოვრობდა („შენობა“ შეუფერებლად ტევადი სიტყვაა) სამოცამდე სხვა თანასოფლელთან ერთად. ამ საბინადროდან გამოსულს ოციოდე წუთით რომ გაგესეირნათ ბორცვის გარშემო, მოხვდებოდით მეორე დასახლებაში, რომელიც პირველის იდენტურად მოგეჩვენებოდათ. მაგრამ საკუთრივ აქაურებისთვის არსებობდა მრავალი განმასხვავებელი დეტალი, რომლითაც იამაყებდნენ ან, რომლისაც შერცხვებოდათ.
არანაირად არ მსურს, ვქმნიდე შთაბეჭდილებას, თითქოს მაშინდელი ბრიტანეთი ამის მეტი არაფერი იყო და, როცა მსოფლიოს სხვა რეგიონებში ბრწყინვალე ცივილიზაციები ყვაოდა, მაშინ ჩვენ ბევრით არაფრით აღვემატებოდით რკინის საუკუნეს. პროვინცია რომ შემოგევლოთ, აღმოაჩენდით ციხე-კოშკებს თავისი მუსიკით, დახვეწილი საკვებით, ათლეტური დიდებულებით, ან მონასტრებს, რომელთა მკვიდრნი სწავლაში დანთქმულიყვნენ, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა. თვით კარგ ამინდშიც კი, დღიდან დღემდე შეიძლებოდა გევლოთ ღონიერ ცხენზე შემომჯდარს ისე, რომ ვერსად შეგენიშნათ სიმწვანეს გამოყოფილი ციხე-კოშკი ან მონასტერი. უმეტესწილად, ნახავდით ზემოთ აღწერილი თემის მსგავს სამოსახლოებს. და თუ თან არ გექნებოდათ საკვები თუ სამოსი მათთვის საჩუქრად, ან კიდევ საიმედოდ შეიარაღებული არ იქნებოდით, მაშინ საეჭვოა, შინ შეეპატიჟეთ.
ვწუხვარ, რომ ასეთად ვხატავ ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ სურათს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
დავუბრუნდეთ ექსლსა და ბიატრისს. როგორც ვთქვი, მოხუცი წყვილი ცხოვრობდა საბინადროს კიდეზე, სადაც მათი თავშესაფარი ნაკლებად იყო დაცული სტიქიებისგან და თითქმის ვერ სარგებლობდა დიდი ოთახის ცეცხლით, სადაც ყველა იკრიბებოდა ღამღამობით. იქნებ ისეთი დროც ყოფილა, როცა ისინი უფრო ახლოს ცხოვრობდნენ ცეცხლთან და შვილებიც გვერდით ჰყავდათ. არსებითად, ეს იყო მხოლოდ იდეა, ლოგინში მწოლიარე ექსლს რომ ამოუტივტივდებოდა ხოლმე გათენებისწინა ცარიელ საათებში. გვერდით ღრმა ძილით ეძინა ცოლს, მის გულს კი რაღაც სახელდაუდებელი დანაკარგის შეგრძნება ღრღნიდა და ძილს ართმევდა.
შესაძლოა სწორედ ამიტომ იყო, რომ იმ გამორჩეულ დილას ექსლი საერთოდ წამოდგა ლოგინიდან, უხმაუროდ გავიდა გარეთ და, ალიონის პირველი ნიშნების მოლოდინში საბინადროს შესასვლელთან ძველ, დაბრეცილ სკამზე ჩამოჯდა. გაზაფხული იდგა, თუმცა ჰაერი მაინც სუსხიანად იკბინებოდა თვით ბიატრისის მოსასხამის ქვეშაც კი, რომელიც ექსლმა წამოიყოლა და მოიხვია. იმდენად ღრმად დანთქმულიყო ფიქრებში, რომ, როდესაც გააცნობიერა როგორ შესცივდებოდა, ვარსკვლავები თითქმის მთლიანად ჩამქრალიყვნენ, ჰორიზონტის ხაზი შეფაკლულიყო, ბინდბუნდიდან კი უკვე გაისმოდა შეღვიძებული ჩიტების ჟივჟივი.
ექსლი ნელა წამოდგა. ნანობდა, ამდენ ხანს გარეთ რომ დარჩა. კარგ ჯანზე იყო, თუმცა დრო დასჭირდა ბოლო ციებ-ცხელებისგან თავის დაღწევას, და ახლა არ სურდა იგივე დამართოდა. ფეხებში სინოტივეს გრძნობდა, მაგრამ როდესაც შინ შესასვლელად მოტრიალდა, კმაყოფილება იგრძნო: ამ დილით ბევრი რამ გაიხსენა ისეთი, რაც ერთხანს დავიწყებაში იყო დანთქმული. მეტიც: ამჯერად თითქოს ბევრი აღარაფერი აშორებდა ერთობ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას (რომლის მიღება ბევრჯერ გადაუდია) და გრძნობდა მღელვარებას, რომელსაც, ერთი