თავი 1
ორმოცდათორმეტი წლის განქორწინებული კაცის პირობაზე მას, როგორც თვითონ ფიქრობს, სექსის საქმე საკმაოდ კარგად აქვს მოგვარებული. ხუთშაბათს, ნაშუადღევს, თავისი მანქანით გრინ პონტში მიდის. პუნქტუალურად, ზუსტად ორ საათზე, უინძორ-მენშნსის სადარბაზოს კარის ზარს რეკავს, თავის სახელს ამბობს და შედის. 113-ე ნომერში სორაია ელოდება. პირდაპირ მკრთალად განათებული საწოლი ოთახისკენ მიემართება, სადაც სასიამოვნო სურნელი დგას და იხდის. სორაია სააბაზანოდან გამოდის, მოსასხამს იშორებს და ლოგინში უგორდება.
- გენატრებოდი? - ეკითხება ქალი.
- მე შენ სულ მენატრები, - უპასუხებს ის და მის მზედაუკრავ, თაფლისფერ-მოყავისფრო ტანს ეფერება. ქალს გადააწვენს, მკერდს უკოცნის და სიყვარულს ეძლევიან.
სორაია მაღალი და ტანადია, გრძელი შავი თმა და წყლიანი თვალები აქვს. ასაკით მამად შეჰფერის, მაგრამ ასე რომ ვიმსჯელოთ, კაცი მამა თორმეტი წლის ასაკშიც შეიძლება გახდეს. უკვე წელიწადზე მეტია, სორაიას კლიენტების სიაშია. ხუთშაბათი მისთვის იქცა ოაზისად de luxe et volupté(ფუფუნება და ნეტარება (ფრ.)).
ლოგინში სორაია საკმაოდ თავშეკავებულია, საერთოდ, ბუნებით მშვიდია, მშვიდი და მორჩილი. საოცრად მორალისტური შეხედულებები აქვს. ბრაზობს ტურისტებზე, რომლებსაც პლაჟებზე ძუძუები მოშიშვლებული აქვთ (ძუძუებს ჯიქნებს ეძახის). ამბობს, მაწანწალებს თავი უნდა მოუყარო და ქუჩები აგვევინოო. კაცი არ ეკითხება, შენს შეხედულებებსა და საქმიანობას ერთმანეთს როგორ უთავსებო.
რადგან სორაია სიამოვნებას ანიჭებს, თანაც ყოველთვის, მის მიმართ თბილად განეწყო და თვლის, რომ ეს გრძნობა ორმხრივია. ამას, ალბათ, სიყვარული არ ჰქვია, მაგრამ მისი ბიძაშვილი მაინც არის. ურთიერთობის არცთუ მრავლის აღმთქმელი დასაწყისის პირობაზე შეიძლება ითქვას, გაუმართლათ. ორივეს გაუმართლა: კაცს - ეს ქალი რომ იპოვა, ქალს კი - ის რომ იპოვა.
აცნობიერებს, რომ ეს თვითკმაყოფილების გრძნობაა და რაღაც ცოლქმრული სიყვარულის მსგავსიც კი, მაგრამ ცდილობს, ამ გრძნობას ჩაეჭიდოს.
საათნახევრიან სეანსში ოთხას რანდს იხდის, რომლის ნახევარი „კეთილგონიერ თანამგზავრს“ რჩება. ენანება, რომ მას ამდენი მიაქვს, მაგრამ 113-ე და სხვა ბინების მეპატრონეც ეს სააგენტოა. გარკვეული თვალსაზრისით, სორაიაც, თავისი საქმიანობით, მას ეკუთვნის.
კაცმა ერთი პირობა იფიქრა, ქალისთვის ეთხოვა, სამსახურისგან თავისუფალ დროს შეხვედროდნენ ერთმანეთს. სიამოვნებით გაატარებდა მასთან ერთად საღამოს და იქნებ, მთელ ღამესაც, მაგრამ არა - მომდევნო დილას. ძალიან კარგად იცნობს საკუთარ თავს და არ სურს, ქალს აგრძნობინოს, რომ მას - დილაობით ცივსა და პირქუშს, ერთი სული აქვს, მარტო დარჩეს.
რა ქნას, ასეთი ტემპერამენტი აქვს, ტემპერამენტს კი ვერ შეიცვლის - საამისოდ მეტისმეტად ხნიერია. მისი ტემპერამენტი უკვე განსაზღვრული და ჩამოყალიბებულია. თავის ქალა და ტემპერამენტი ყველაზე ნაკლებად იცვლება.
მისდიე შენს ტემპერამენტს - ეს ფილოსოფია არ არის, მისი ასეთი სახელით შემკობა არ ღირს. ეს წესია, წმინდა ბენედიქტის(იგულისხმება წმინდა ბენედიქტ ნურსიელის (480-543) შემუშავებული სამონასტრო წესდება) წესის მსგავსი.
ჯანმრთელობას არ უჩივის, ნათელი გონება აქვს. მეცნიერია, პროფესიით ფილოლოგი, უფრო სწორად - იყო, თუმცა ფილოლოგია ახლაც, მართალია, გარკვეული შუალედებით, მაგრამ მაინც მთლიანად მოიცავს მის არსებას. თავისი შემოსავლის, ტემპერამენტისა და ემოციური შესაძლებლობების მიხედვით ცხოვრობს. ბედნიერია? ძირითადად - ჰო, ფიქრობს, რომ არის. მაგრამ არ ავიწყდება ქოროს უკანასკნელი სიტყვები „ოიდიპოს მეფიდან“: „ნუ იტყვი კაცზე, ბედნიერიაო, სანამ არ მომკვდარა“.
სექსის დროს საკმაოდ ტემპერამენტიანია, თუმცა ვნებიანი არასოდეს ყოფილა. ტოტემის არჩევაზე რომ მიდგეს საქმე, გველს აირჩევდა. კაცის წარმოდგენით, მისი და სორაიას შერწყმა გველების შერწყმას ჰგავს - ხანგრძლივია, შთამნთქმელი, მაგრამ როგორღაც გულგრილი და ყველაზე მგზნებარე წუთებშიც კი - მშრალი.
ნეტა სორაიას ტოტემიც გველია? სხვა კაცთან, ცხადია, სხვანაირი ქალი იქნება, la donna é mobile(„ქალს ცვალებადი ხასიათი აქვს“ (იტალ.) - ჰერცოგის სიმღერის სიტყვები ჯ. ვერდის ოპერიდან „რიგოლეტო“), მაგრამ ტემპერამენტით მასთან მსგავსების გათამაშებას მაინც ვერ შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ სორაიას ასეთი თავისუფალი პროფესია აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ის ქალს ენდობა. შეხვედრების დროს საკმაოდ გულღიად ესაუბრება, ხანდახან თითქოს მხრებიდან ტვირთსაც კი იცილებს. ქალმა ბევრი რამ იცის მის შესახებ, იცის, რომ ორჯერ იყო დაქორწინებული, იცის მისი ქალიშვილის ასავალ-დასავალი. იცნობს მის შეხედულებებს.
უინძორ-მენშნსის მიღმა თავისი ცხოვრების შესახებ ქალი არაფერს ამბობს. კაცი დარწმუნებულია, რომ სორაია მისი ნამდვილი სახელი არ არის. ეჭვობს, რომ ბავშვი უნდა ჰყავდეს, შეიძლება - რამდენიმეც. ისიც შეიძლება, რომ პროფესიონალი სულაც არ იყოს. იქნებ სააგენტოსთვის კვირაში ერთ-ორ დღეს მუშაობს, სხვა დღეებში კი რესპექტაბელურად ცხოვრობს სადღაც გარეუბანში - რაილენდსში ან ატლონში. ეს მუსლიმი ქალისათვის თითქოს უჩვეულოა, მაგრამ ჩვენს დროში ყველაფერია შესაძლებელი.
თავისი სამსახურის შესახებ თითქმის არაფერს