ერთი
დედის საშოდან მაიკლ კეის გამოყვანისას, პირველი, რაც ბებიაქალმა შენიშნა, კურდღლის ტუჩი იყო. სხმარტალა ლოქორასავით ეხვეოდა ტუჩი, მარცხენა ნესტო კი დიდი ქვაბულივით უთრთოდა. მეანმა ახალშობილი დედის მზერას წამით მოარიდა, პაწაწას ციცქნა პირი ძალით გაუღო და ამოისუნთქა, როცა ნახა, რომ ბავშვს სასა მთელი ჰქონდა. დედას კი უთხრა:
– უნდა გიხაროდეს. ასეთებს ოჯახისთვის იღბალი მოაქვთ.
მაგრამ ანა კეი ვერაფრით ეგუებოდა შვილის მუდმივად დაღებულ პირს და მფეთქავ მოვარდისფრო ხორცს, რომელიც შიგნიდან მოუჩანდა. აჟრჟოლებდა, როცა წარმოიდგენდა, რომ თურმე, აი, ეს არსება იზრდებოდა მის წიაღში მთელ 9 თვეს. ბავშვი ძუძუს ვერ ავლებდა პირს და, მშიერი, გაავებით ტიროდა. ანამ საწოვარა სცადა, მაგრამ როცა პატარამ ბოთლსაც ვერ მოსჭიდა პირი, ანა ჩაის კოვზზე გადავიდა. ასე უკეთ ჭამდა ბავშვი, მაგრამ დედამისი მაინც მოუთმენლად აცმუკდებოდა ხოლმე, როცა ახალშობილს რძე გადასცდებოდა, ან წამოაზიდებდა და ატირდებოდა.
– ნახე, თუ არ დაეხუროს, გაიზრდება და... – დაჰპირდა ბებიაქალი, მაგრამ მაიკლ კეის პირი არ დაეხურა, უფრო სწორად, ბოლომდე არ დაეხურა და არც ცხვირის ფორმა გამოუკეთდა.
ბავშვს სამსახურში თან დაატარებდა და ასე გრძელდებოდა მაშინაც, როცა ბიჭუნა წამოიზარდა. ძალიან მტკივნეულად განიცდიდა, სხვა ბავშვები ქირქილსა და ჩურჩულს რომ იწყებდნენ მაიკლის დანახვაზე და ამიტომ არიდებდა მათ. წელი წელს მისდევდა, მაიკლ კეი კი იჯდა ფარდაგზე და უყურებდა, როგორ ხეხავდა დედამისი სხვის იატაკებს და ამ დროს ჩუმად ყოფნას სწავლობდა.
თავისი შეუხედაობისა და შენელებული აზროვნების გამო მცირეხნიანი მცდელობის შემდეგ სკოლიდან გამოიყვანეს და ფაურეში ჰოის ნორენიუსის მფარველობას მიანდეს. იქ მაიკლ კეიმ მთელი დარჩენილი ბავშვობა გაატარა სახელმწიფოს ხარჯზე. ცხოვრობდა თავისნაირ უბედურ, მიუსაფარ ბავშვებთან ერთად და კითხვის, წერის, თვლის, გვის, ხეხვის, რეცხვის, კალათების წვნის, ლოგინების გასწორების, დურგლობისა და თხრის ელემენტებს სწავლობდა. 15 წლის იყო, როცა ჰოის ნორენიუსიდან გამოვიდა და ქალაქ კეიპტაუნის მუნიციპალიტეტის მომსახურებათა განყოფილების პარკებისა და ბაღების სექციაში მე-3 (ბ) ხარისხის მებაღედ მოეწყო. სამი წლის შემდეგ პარკებისა და ბაღების სექციაც დატოვა, ცოტა ხანი უსამსახუროდ გაატარა და მთელი ეს დრო საწოლზე წოლასა და საკუთარი ხელების თვალიერებაში იყო, მერე კი გრინ მარკეტის მოედანზე, საზოგადოებრივ საპირფარეშოებში მოეწყო ღამის დარაჯად. ერთხელ, პარასკევ ღამით, კარგა გვიანი იყო, შინ რომ ბრუნდებოდა, მეტროში ჩასულს წინ ორი უცნობი გადაუდგა, სცემეს, საათი, ფული და ფეხსაცმელები წაართვეს და დატოვეს ძირს დაგდებული, უგონოდ, გადასერილი მკლავით, ამოვარდნილი ცერით და ორი ჩამტვრეული ნეკნით. ის იყო და ის, ღამით მუშაობას თავი დაანება და ისევ პარკებისა და ბაღების განყოფილებაში დაბრუნდა, სადაც ნელ-ნელა დაწინაურდა კიდეც და პირველი ხარისხის მებაღე გახდა.
რადგან ასეთი შეუხედავი იყო, მეგობარი ქალები არ ჰყავდა. ყველაზე მშვიდად მაშინ გრძნობდა თავს, როცა გარშემო არავინ იყო. ისე, კაცმა რომ თქვას, ორივე სამსახური ანიჭებდა საკუთარ თავთან განმარტოების კომფორტს, ეგ იყო მხოლოდ, ქვევით, საპირფარეშოებში, ძალიან აწუხებდა ნეონის ციმციმა შუქი, რომელსაც თეთრი კაფელი ირეკლავდა და ისე ალაპლაპებდა იქაურობას, ჩრდილი აღარაფერს ეცემოდა. ის პარკები მოსწონდა, სადაც ხშირი ფიჭვნარი იყო ასვეტილი და ჩაბურულ აგაპანთუსებს შორის სეირნობა. ზოგჯერ, შაბათობით, შუადღის ზარბაზნის ზალპი არ ესმოდა და დიდხანს, დიდხანს სრულიად მარტო მუშაობდა. კვირა დილას გვიანობამდე ეძინა, შუადღისას კი დედის სანახავად მიდიოდა.
ივნისის ერთ დილას, თავისი სიცოცხლის 31-ე წელიწადს, დე ვაალის პარკში ხმელ ფოთლებს აგროვებდა ფოცხით, როცა წერილი მიუტანეს. ბარათი შუამავალმა გადასცა, დედისგან იყო, საავადმყოფოდან გამოწერეს და სთხოვდა, მოდი, წამიყვანეო. კეიმ იარაღები შეინახა და სომერსეტის საავადმყოფომდე ავტობუსით მივიდა. დედა უკვე გარეთ დახვდა, საავადმყოფოს შესასვლელთან მზით განათებულ მერხზე იჯდა, წასასვლელად იყო ჩაცმული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საგარეო ფეხსაცმელი გვერდზე მოეწყო. მოჰკრა თუ არა თვალი შვილს, ცრემლები წამოსცვივდა, ოღონდ პაციენტებსა და მნახველებს რომ არ დაენახათ, თვალებზე ხელი აიფარა.
თვე თვეს მისდევდა და ანა კეის სულ უფრო მეტად ტანჯავდა უსაშველოდ დასივებული ფეხები და მკლავები. ბოლოს უკვე მუცელიც გაუსივდა. ამ დროს გადაიყვანეს საავადმყოფოში – თვითონ ვეღარ დადიოდა და ძლივს სუნთქავდა. ხუთი დღე იწვა საავადმყოფოს კორიდორში, დანით დაჭრილ, ნაცემ-ნაგვემ და ტყვიით დასისხლიანებულ ადამიანებთან ერთად. მათი ტკივილიანი მოთქმა-გოდება არ აძინებდა. ვერც მედდები იცლიდნენ მოხუცი ანა კეის დასაწყნარებლად, ან კი რას მოიცლიდნენ – იქვე, მოხუცის გვერდით, წარამარა ახალგაზრდები იხოცებოდნენ. შეიყვანეს თუ არა, ჟანგბადით მოასულიერეს, ინიექციები გაუკეთეს, აბები დაალევინეს, რომ როგორმე გასივება დამცხრალიყო. მაგრამ,