შემოჭრა: 1995
როცა ეს მოხდება, არავის გაეღვიძება.
დილით ახალგაღვიძებული ქალი, გარდა შეშფოთების ბუნდოვანი გრძნობისა და ურყევი შეგრძნებისა, რომ ვიღაც უყურებს, ვერაფერს იგრძნობს. ეს გრძნობაც დღის ბოლომდე დაინისლება და მალე გაქრება კიდეც.
მოგონება სიზმარზე კი ცოტა ხნით გახანგრძლივდება.
ამ სიზმარში გარეთ, ფანჯარასთან ბუ იჯდება და ქალს დაჟინებით მიაშტერდება უზარმაზარი, თეთრგუგიანი თვალებით.
ქალი არ გამოიღვიძებს. არც მის გვერდზე მწოლ მეუღლეს გაეღვიძება. არც ერთს არ შეაწუხებს მათზე ჩამოწოლილი აჩრდილი. და ისიც, ვის გამოც მოვიდა ეს აჩრდილი - ბავშვი მძინარე ქალის სხეულში - ვერაფერს იგრძნობს. ეეს შემოჭრა ოდნავადაც კი არ გაკაწრავს კანს, ქალისა და ბავშვის ერთ უჯრედსაც კი არ დააზიანებს.
წუთიც არ იქნება გასული, რომ ყველაფერი დასრულდება და აჩრდილი წარიხოცება.
დარჩება მხოლოდ საწოლში მძინარე კაცი, მის გვერდით ქალი, ქალის სხეულში ბავშვი და უცხოპლანეტელი ამ ბავშვში.
კაცი და ქალი დილით გამოიღვიძებენ, ბავშვი კი რამდენიმე თვეში, როცა დაიბადება.
უცხოპლანეტელს კი ბავშვის სხეულში რამდენიმე წელიწადს კიდევ ეძინება და იქამდე არ გამოიღვიძებს, სანამ დედის ხსოვნა სიზმარზე და ამ სიზმრით გამოწვეული შფოთვა არ გაქრება.
ხუთი წლის შემდეგ ქალი ბავშვს ზოოპარკში წაიყვანს და იქ ბუს ნახავს, ზუსტად ისეთს, როგორიც სიზმარში იყო. ქალი აუხსნელ, გაუგებარ შეშფოთებას იგრძნობს.
ის არ იქნება პირველი, ვინც სიზმრისეულ წყვდიადში ბუ იხილა.
და არც უკანასკნელი იქნება.