ნაწილი პირველი
-1-
მარსელი‚ დაბრუნება
1815 წლის 24 თებერვალს ნოტრ-დამის მეთვალყურემ, დე ლა გარდმა, ნიშანი მისცა‚ რომ ნაპირს უახლოვდებოდა სმირნიდან, ტრიესტიდან და ნეაპოლიდან მომავალი სამანძიანი გემი „ფარაონი“.
როგორც ყოველთვის, პორტის ლოცმანი მაშინვე გავიდა ნავსადგურიდან, ჩაუარა ციხესიმაგრე იფს და გემს მიადგა მორჟიონის კონცხსა და კუნძულ რიონს შუა.
მაშინვე‚ როგორც ყოველთვის‚ წმინდა იოანეს ფორტის მოედანი ცნობისმოყვარეებით აივსო‚ რადგან გემის მოსვლა ყოველთვის დიდი მოვლენაა მარსელში‚ მით უფრო, თუ ის გემი‚ „ფარაონივით“ აგებული და აღკაზმული‚ დატვირთული იყო ძველი ფოკელის ნავსაშენში და ეკუთვნოდა ადგილობრივ გემთმეპატრონეს.
გემი კვლავ წინ მიიწევდა. მან მშვიდობით გაიარა სრუტე‚ შემოუარა პომეგს და ნაპირს უახლოვდებოდა თავისი სამი მარსელით‚ დიდი ფოკითა და ბრიგანტინით(მარსელი და ფოკი – იალქნების სახელები‚ ბრიგანტინი – ორიალქნიანი
პატარა გემი.)‚ მაგრამ ისე ნელა და ისეთი სევდიანი ელფერით‚ რომ ცნობისმოყვარეებმა უნებურად იგრძნეს რაღაც უბედურება და თავის თავს ეკითხებოდნენ‚ ნეტავ რა უნდა მომხდარიყო გემზეო.
ხალხში გამეფებულმა გაურკვეველმა შეშფოთებამ განსაკუთრებით შეიპყრო ერთი მაყურებელი. მას მოთმინება არ ეყო‚ დაეცადა ნავსადგურში გემის შემოსვლამდე‚ ჩახტა ნავში და უბრძანა‚ ნიჩბები მოესვათ „ფარაონისკენ“‚ რომელიც დე ლა რეზერვის ყურეს პირდაპირ გაუსწორდა.
ამ კაცის დანახვაზე ახალგაზრდა მეზღვაურმა ლოცმანი მიატოვა და ქუდით ხელში გემის მოაჯირს დაეყრდნო. ეს იყო თვრამეტი-ოცი წლის ყმაწვილი კაცი‚ მაღალი‚ ტანადი‚ ლამაზი, შავი თვალებით და კუპრივით შავი თმით.
– თქვენ ხართ‚ დანტეს! – შეჰყვირა ნავში მყოფმა‚ – რა მოხდა? რატომაა‚ რომ ნავსადგურში უღიმღამოდ შემოდიხართ?
– დიდი უბედურება‚ ბატონო მორელ! – უპასუხა ყმაწვილმა კაცმა‚ – ჩივიტა ვეკიასთან დავკარგეთ ჩვენი მამაცი კაპიტანი ლეკლერი.
– ტვირთი? – ჰკითხა გემის პატრონმა.
– ტვირთმა მშვიდობით მოაღწია‚ ბატონო მორელ‚ და ვფიქრობ‚ კმაყოფილი დარჩებით ამ პატაკით; მაგრამ ის საწყალი კაპიტანი ლეკლერი კი...
– მაგრამ რა მოუვიდა? – ჰკითხა გემის პატრონმა და აშკარად შეეტყო‚ რომ გულზე მოეშვა‚ – რა შეემთხვა ჩვენს მამაც კაპიტანს?
– ტვინის ანთებისგან გარდაიცვალა‚ საშინელი წამებით‚ – უპასუხა დანტესმა და შემდეგ ეკიპაჟს ხმამაღლა გასძახა:
– ეჰეი‚ ყველანი თქვენ თქვენს ადგილებზე! მოემზადეთ ღუზის ჩასაშვებად!
– მაინც როგორ მოხდა ეს უბედურება? – განაახლა გემის პატრონმა შეწყვეტილი საუბარი.
– სრულიად მოულოდნელად‚ ბატონო ჩემო; ნავსადგურის კომენდანტთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ აღელვებულმა კაპიტანმა ლეკლერმა ნეაპოლი დატოვა‚ ოცდაოთხი საათის შემდეგ იგი ცხელებამ შეიპყრო‚ ხოლო სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენ იგი წესისამებრ დავასაფლავეთ და ახლა ტილოში გახვეული განისვენებს კუნძულ დელ ჟიულის ერთ-ერთ მაღლობზე.
– რას იზამ‚ ედმონდ! – დაიწყო ისევ გემის პატრონმა‚ რომელიც‚ ეტყობოდა‚ თანდათან მშვიდდებოდა‚ – ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და ბოლოს და ბოლოს ხომ საჭიროა მოხუცებმა ახალგაზრდებს დაუთმონ ადგილი.
ყველა აფრა აუშვეს და ახლა გემი‚ თითქმის შეუმჩნევლად‚ მხოლოდ ინერციით მიიწევდა წინ.
– ახლა‚ ბატონო მორელ! ხომ არ ინებებთ გემზე ამობრძანებას? – ჰკითხა დანტესმა‚ რომელმაც გემის პატრონს მოუთმენლობა შეამჩნია‚ – აი‚ სწორედ თავისი კაიუტიდან გამოდის თქვენი მოანგარიშე დანგლარიც.
გემის პატრონს არ დასჭირვებია მეორედ მიპატიჟება. იგი ჩაეჭიდა დანტესის მიერ გადმოსროლილ ბაგირს და გემის ამობურცულ ქიმზე მარჯვედ აფოფხდა.
ეს ახლად მოსული იყო ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის კაცი‚ საკმაოდ პირქუში‚ მლიქვნელი – თავის უფროსებთან‚ ხოლო თავხედი – თავის ხელქვეითებთან. სწორედ ამისთვის სძულდათ ის მეზღვაურებს.
– მაშ‚ ასე‚ ბატონო მორელ! – თქვენ‚ ვგონებ‚ უკვე იცით‚ რა უბედურებაც შეგვემთხვა? – ჰკითხა დანგლარმა.
– დიახ‚ დიახ‚ საწყალი კაპიტანი ლეკლერი! მამაცი და პატიოსანი ადამიანი იყო!
– რაც მთავარია‚ იშვიათი მეზღვაური‚ ცასა და ზღვას შუა დაბერებული. სწორედ ასეთი ადამიანისთვის შეგეძლოთ მიგენდოთ ისეთი მსხვილი ფირმის ინტერესები‚ როგორიცაა „მორელი და ვაჟიშვილი“‚ – უთხრა დანგლარმა.
– მაგრამ‚ მე მგონი‚ დანგლარ! – განაგრძო გემის პატრონმა და თან თვალს არ აშორებდა დანტესს‚ რომელიც გემის მისადგომ ადგილს ეძებდა‚ – იმისთვის‚ რომ კარგად იცოდე შენი ხელობა‚ სავალდებულო არ არის, ისეთი გამოცდილი მეზღვაური იყო‚ როგორსაც თქვენ ამბობთ. აი‚ თუნდაც ჩვენი მეგობარი ედმონდი‚ ისე მშვენივრად უძღვება თავის საქმეს‚ რომ‚ ვფიქრობ‚ არავის რჩევას არ უნდა საჭიროებდეს.
– დიახ‚ – უპასუხა დანგლარმა და დანტესს ალმაცერად გადახედა. მის გამოხედვაში აშკარა სიძულვილმა იელვა‚ – იგი ახალგაზრდაა და თავის თავში დარწმუნებულიც. როგორც კი ლეკლერი გარდაიცვალა‚ დანტესმა არავის რჩევას არ მოუცადა‚ ისე ითავა კაპიტნობა‚ რამაც‚ იმის მაგივრად‚ რომ პირდაპირ მარსელში მოვსულიყავით‚ გვაიძულა, თითქმის დღე-ნახევარი კუნძულ ელბაზე დაგვეკარგა.
– რაც