ნაწილი მესამე -1-
რომაელი ყაჩაღები
მეორე დღეს ფრანცმა პირველმა გამოიღვიძა და მაშინვე დარეკა.
ზარს ჯერ კიდევ წკრიალი გაჰქონდა‚ რომ ოთახში თვით ბატონი პასტრინი შემოვიდა.
– აი‚ ხომ ხედავთ‚ – თქვა მან გამარჯვებული სახით და არც კი დააცადა ფრანცს‚ შეკითხვა მიეცა‚ – მე გუშინ მართალი ვიყავი თქვენი აღმატებულების წინაშე‚ რომ არაფერს დაგპირებივართ. კაცმა რომ თქვას‚ ძალიან გვიან მოგაგონდათ ეს საქმე‚ მთელ რომში ვერც ერთ ეტლს ვერ იპოვით‚ რასაკვირველია ამ სამი უკანასკნელი დღის განმავლობაში.
– რა ამბავია? – ჰკითხა ალბერმა შემოსვლისთანავე‚ – ეტლი არ არის?
– მე იმის თქმა მინდოდა‚ თქვენო აღმატებულებავ‚ – დაიწყო ისევ ბატონმა პასტრინიმ‚ რომელსაც სურდა დაეცვა ქრისტიანული სამყაროს დედაქალაქის ღირსება ახლად ჩამოსულების თვალში‚ – მე მინდა ვთქვა‚ რომ ეტლი არ იქნება კვირა დილიდან ორშაბათ საღამომდე. ხოლო კვირამდე‚ თუ მოისურვებთ‚ ორმოცდაათსაც იშოვით.
– ჰო‚ ეს უკვე რაღაცას ნიშნავს! – თქვა ალბერმა‚ – დღეს ხუთშაბათია‚ – ვინ იცის‚ კვირამდე რა მოხდება?
– მოხდება ის‚ რომ ქალაქს კიდევ მოაწყდება ერთი ათი-თორმეტი ათასი მოგზაური და მდგომარეობა უფრო გაუარესდება‚ – უპასუხა ფრანცმა.
– თქვენს აღმატებულებას სურს თუ არა ეტლი კვირამდე მაინც?
– ეშმაკმა დალახვროს‚ – უთხრა ალბერმა‚ – როგორ გგონიათ‚ რომის ქუჩებს ფეხით შემოვირბენთ‚ როგორც სასამართლოს ბოქაულები?
– თქვენი აღმატებულების ბრძანება შესრულებული იქნება‚ – უთხრა პასტრინიმ‚ – მაგრამ გაფრთხილებთ‚ ეტლი დღეში ექვსი პიასტრი ეღირება.
– მე‚ ჩემო ძვირფასო პასტრინი‚ ჩვენი მეზობელივით მილიონერი როდი ვარ‚ – უთხრა ფრანცმა‚ – გაფრთხილებთ‚ რომ მეოთხედ ვარ რომში და ვიცი‚ რა ღირს ეტლი ჩვეულებრივ დღეებში‚ კვირაობით და უქმეებში. ამიტომ ჩვენ თორმეტ პიასტრს გადავიხდით‚ ეს იქნება დღევანდელი დღის‚ ხვალის და ზეგის საფასური და თქვენ კიდევ კარგი მოგება დაგრჩებათ.
– ეტლს როდის ინებებთ?
– ერთი საათის შემდეგ.
– ერთ საათში ის კართან იქნება.
ფრანცი და ალბერი დაბლა ჩავიდნენ. კარეტა სასახლეს მიუახლოვდა. ყმაწვილები კარეტაში გადაიშხლართნენ‚ ჩიჩერონე კი სატერფულს მოახტა.
– საით ინებებთ წაბრძანებას?
– ჯერ წმიდა პეტრეს ტაძრისკენ‚ შემდეგ კი კოლიზეუმისკენ‚ – თქვა ალბერმა‚ როგორც ნამდვილმა პარიზელმა.
მაგრამ ალბერმა არ იცოდა‚ რომ წმიდა პეტრეს ტაძრის დათვალიერებას ერთი დღე სჭირდებოდა‚ ხოლო მის შესწავლას – ერთი თვე. ყმაწვილი კაცები მთელ დღეს წმიდა პეტრეს ტაძრის დათვალიერებას მოუნდნენ.
უცებ მეგობრებმა შენიშნეს‚ რომ უკვე ბინდდებოდა.
ფრანცმა საათს დახედა: ხუთის ნახევარი იყო.
ყმაწვილები მყისვე სასტუმროსკენ წამოვიდნენ. კარში ფრანცმა მეეტლეს უთხრა‚ რვა საათისთვის ეტლი მზად ჰქონოდა. მას უნდოდა ალბერისთვის მთვარის შუქზე დაეთვალიერებინებინა კოლიზეუმი‚ ისევე‚ როგორც მზის შუქზე წმიდა პეტრეს ტაძარი დაათვალიერებინა.
ამიტომ ფრანცმა მეეტლეს თვითონ მიუთითა მარშრუტი. ისინი უნდა გასულიყვნენ დელ-პოპოლოს კარიბჭით‚ გარე გალავანს გაჰყოლოდნენ და სან-ჯოვანის კარით დაბრუნებულიყვნენ. ამრიგად‚ კოლიზეუმი მაშინვე აღიმართებოდა მათ წინაშე ყოველგვარი მომზადების გარეშე და მის სიდიადეს ვერაფერს დააკლებდა ვერც კაპიტოლიუმი‚ ვერც ფორუმი, ვერც სეპტიმ სევერის თაღი‚ ვერც ანტონინისა და ფაუსტინის ტაძარი და ვერც ვიასაკრა‚ რომლებიც მათ შეეძლოთ კოლიზეუმისკენ მიმავალ გზაზე დაენახათ.
ისინი სუფრას მიუსხდნენ. ბატონი პასტრინი მათ მშვენიერ სადილს დაჰპირდა. სადილს მართლაც არა უშავდა‚ ვერაფერს დაიწუნებდნენ.
სადილის დამთავრების შემდეგ გამოჩნდა სასტუმროს პატრონი. ფრანცმა იფიქრა‚ ალბათ იმიტომ მოვიდა‚ რომ ქება-დიდება მიეღო და კიდევაც დაუწყო ხოტბა‚ რომ ბატონმა პასტრინიმ პირველივე სიტყვა შეაწყვეტინა:
– თქვენო აღმატებულებავ‚ დიდად ნასიამოვნები ვარ თქვენი ქებით‚ მაგრამ ამისთვის როდი ვარ მოსული.
– განზრახვა გაქვთ‚ კოლოსკო ნახოთ?
– თქვენ გინდათ თქვათ‚ კოლიზეუმი?
– ეს ერთი და იგივეა.
– ასე იყოს.
– მეეტლეს უთხარით‚ დელ-პოპოლოს კარიბჭით გავიდეს‚ გალავანს გაჰყვეს და სან-ჯიოვანის კარიბჭით დაბრუნდეს?
– დიახ‚ ეს ჩემი სიტყვებია.
– ძალიან კარგი‚ მაგრამ ასეთი მარშრუტი შეუძლებელია.
– მერედა რატომ?
– ცნობილი ლუიჯი ვამპას გამო.
– ჯერ ერთი‚ ჩემო ძვირფასო მასპინძელო‚ ვინ არის ის ცნობილი ლუიჯი ვამპა? შეიძლება‚ ძალიან ცნობილია რომში‚ მაგრამ‚ გარწმუნებთ‚ საფრანგეთში მასზე წარმოდგენაც არ აქვთ‚ – უთხრა ალბერმა.
– მაშ იცოდეთ‚ ეს ყაჩაღია‚ რომელთანაც დე ჩეზარისი და გასპარონე ბავშვები არიან.
– ყურადღება‚ ალბერ! – შეჰყვირა ფრანცმა‚ – აი‚ ძლივს ერთი ყაჩაღი გამოჩნდა.
– თქვენო აღმატებულებავ‚ – თქვა მან ძალიან სერიოზული კილოთი. იგი ფრანცს მიმართავდა‚ – თუ მატყუარა გგონივართ‚ მაშინ‚ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, გითხრათ ის‚ რის თქმასაც ვაპირებდი. თუმცა იმას კი გეტყვით‚ რომ ეს თქვენი აღმატებულებისთვის