ნაწილი მეხუთე -1-
ბოშანი
პარიზში მთელი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ გრაფის გაქურდვის თავხედ ცდაზე ლაპარაკობდნენ. მომაკვდავმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ვიღაც ბენედეტოს უთითებდა, როგორც თავის მკვლელს.
კადრუსის დანა, საიდუმლო სანათი, გასაღებების ასხმულა და მთელი მისი ტანისამოსი, ჟილეტის გამოკლებით, რომელიც ვერსაც იპოვეს, სასამართლო საქმეს დაურთეს; გვამი მორგში გადაიტანეს.
ვილფორმა, რომელიც გამოძახებული იყო ბოროტმოქმედების ადგილზე, მოისურვა თვითონ მოეკიდა ხელი საქმისათვის: ძიებას აწარმოებდა ისეთი აგზნებით, როგორითაც ეკიდებოდა სისხლის სამართლის ყველა საქმეს, რომელსაც პირადად იძიებდა.
მაგრამ სამი კვირა ისე გავიდა, რომ ძალზე მონდომებულმა ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. საზოგადოება უკვე დავიწყებას აძლევდა გრაფის გაქურდვის მცდელობას. ის გაიტაცა მადმუაზელ დანგლარისა და გრაფი ანდრეა კავალკანტის მომავალი ქორწინების ამბავმა.
ეს ქორწინება თითქმის ოფიციალურად იყო აღიარებული, და ყმაწვილი კაცი ბანკირის სახლში სიძის უფლებებით სარგებლობდა.
მისწერეს კავალკანტის მამას, რომელმაც ძალზე მოიწონა ეს ქორწინება, მაგრამ სინანული გამოთქვა, რომ სამსახური საშუალებას არ აძლევდა დაეტოვებინა პარმა, სადაც იგი იმყოფებოდა; მან თანხმობა განაცხადა შვილისთვის მიეცა კაპიტალი, რომელიც ასორმოცდაათ ათას ლივრ წლიურ შემოსავალს იძლეოდა.
შეთანხმდნენ, სამი მილიონი დაებანდებინათ დანგლართან, რომელიც ამ ფულს ბრუნვაში გაუშვებდა.
ამასობაში ბოშანის მიერ ნათხოვი ვადა თითქმის ამოიწურა. მორსერს საშუალება მიეცა დაეფასებინა მონტე-კრისტოს რჩევა, დაე საქმე თვითონვე მიიჩქმალოსო. არავის არ მიუქცევია ყურადღება გაზეთში გენერლის შესახებ გამოქვეყნებული ცნობისათვის, არავის თავში არ მოსვლია აზრად იანინას ციხესიმაგრეების გამცემ ოფიცერში ეცნოთ კეთილშობილი გრაფი, პერთა პალატის სხდომების მონაწილე.
მაგრამ ალბერი თავს მაინც შეურაცხყოფილად გრძნობდა, რადგან ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი შეურაცხმყოფელი სტრიქონები გაზეთში მოთავსებული იყო შეგნებულად.
რაც შეეხება ბოშანს, იგი არავის უნახავს მას შემდეგ, რაც ალბერმა ინახულა; და ყველას, ვინც მას კითხულობდა, უპასუხებდნენ: რამდენიმე დღით გაემგზავრაო.
ნამდვილად სად იყო, არავინ იცოდა.
ერთხელ, დილით ალბერი გააღვიძა კამერდინერმა და ბოშანის მოსვლა აცნობა. ალბერმა თვალები მოიფშვნიტა, უბრძანა, სტუმრისათვის ეთხოვათ მოეცადა პირველი სართულის მოსაწევ ოთახში, სწრაფად ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა.
ალბერმა დაინახა, რომ ბოშანი ოთახის კუთხიდან კუთხეში დადიოდა. მის დანახვაზე შეჩერდა.
– თქვენ თვით რომ მოხვედით და არ დაუცადეთ ჩემს დღევანდელ დარბაზობას, კარგ ნიშნად მეჩვენება, ბატონო ჩემო, – უთხრა ალბერმა, – აბა თქვით, ჩქარა, შემიძლია გამოგიწოდოთ ხელი და გითხრათ: ბოშან, აღიარეთ, რომ მართალი არ იყავით, და დარჩით ჩემს მეგობრად, ან, უბრალოდ ხომ არ უნდა გკითხოთ: რომელ იარაღს ირჩევთ?
– ალბერ, – უპასუხა ბოშანმა მწუხარე ხმით, რამაც ყმაწვილი კაცი მეტად განაცვიფრა, – ჯერ დავსხდეთ და ვისაუბროთ.
– მაგრამ სანამ დავსხდებოდეთ, ბატონო ჩემო, მე მგონი, თქვენ პასუხი უნდა მომცეთ.
– ალბერ, – უთხრა ჟურნალისტმა, – არის ხოლმე ისეთი მდგომარეობა, როდესაც ყველაზე ძნელი სწორედ პასუხის გაცემაა.
– მე თქვენ ამას გაგიადვილებთ, ბატონო ჩემო, თხოვნის გამეორებით: გინდათ უარყოთ თუ არა თქვენი წერილი, ჰო თუ არა?
– მორსერ, ასე უბრალოდ არ პასუხობენ – ჰო თუ არა. როდესაც საქმე ეხება პატიოსნებას, საზოგადოებრივ მდგომარეობას, თვით ისეთი ადამიანის სიცოცხლეს, როგორიცაა გენერალ-ლეიტენანტი გრაფი დე მორსერი, საფრანგეთის პერი.
– მაშ როგორ იქცევიან?
– ალბერ, აკეთებენ იმას, რაც გავაკეთე მე: ისინი თავის თავს ეუბნებიან: ფული, დრო და დაღლილობა არაფერია, როდესაც საქმე ეხება რეპუტაციას და მთელი ოჯახის ინტერესს. ისინი თავის თავს ეუბნებიან: საკმაო არაა ალბათობა, საჭიროა რწმენა, როდესაც მეგობართან სასიკვდილო დუელის გამართვას თანხმდები. ასეთ მდგომარეობაში თავის თავს ეუბნებიან: თუ მე დაშნა უნდა ვატაკო ან დამბაჩა ვესროლო ადამიანს, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ხელს ვართმევდი, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც უნდა ვიცოდე, ამას რატომ ჩავდივარ, ვიბრძოლო სუფთა გულითა და დამშვიდებული სინდისით, რაც აუცილებელია ადამიანისთვის, როდესაც იგი თავის სიცოცხლეს იცავს.
– კარგი, კარგი – უთხრა მოუთმენლად ალბერმა, – რას ნიშნავს ყოველივე ეს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ მე ეს-ეს არის იანინადან დავბრუნდი.
– იანინადან? თქვენ?
– ჰკითხა მან.
– ალბერ, თქვენ რომ ჩემთვის უცხო იყოთ, უცნობი, რომელიღაც ლორდი, როგორიც ის ინგლისელი იყო, სამი თუ ოთხი თვის წინათ რომ გამოცხადდა ჩემგან პასუხის მისაღებად და მოვკალი, რათა თავიდან მომეცილებინა, გასაგებია, ასეთ ტვირთს არ ვიკისრებდი, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ თქვენდამი პატივისცემის გამო ეს უნდა გამეკეთებინა. ამ ღამით დავბრუნდი და აი, თქვენთან ვარ.
– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!@რამხელა წინასიტყვაობაა, ბოშან! რატომ აგვიანებით იმის თქმას, რასაც მე თქვენგან ველი?
– სიმართლე რომ ვთქვა, ალბერ...
–