ნაწილი მეოთხე -1-
ანდრეა კავალკანტი
გრაფი მონტე-კრისტო ბაპტისენის მიერ ლურჯად წოდებულ სასტუმროში შევიდა. იქ უცდიდა საკმაოდ კოხტად ჩაცმული ყმაწვილი კაცი‚ რომელიც ამ სასახლის კარიბჭესთან ნახევარი საათის წინ დაქირავებულმა კაბრიოლეტმა მოიყვანა. ბაპტისენმა ადვილად იცნო იგი; ეს იყო მაღალი‚ ქერათმიანი‚ წითურწვერიანი და შავთვალებიანი ყმაწვილი კაცი.
მონტე-კრისტოს დანახვაზე სწრაფად წამოხტა.
– გრაფი მონტე-კრისტო?
– დიახ‚ – უპასუხა გრაფმა‚ – მე კი ვგონებ‚ ბედნიერება მაქვს‚ ველაპარაკო ვიკონტ ანდრეა კავალკანტის?
– ვიკონტი ანდრეა კავალკანტი‚ – გაიმეორა ყმაწვილმა კაცმა და თავი ძალდაუტანებლად დახარა.
– თქვენ ჩემს სახელზე წერილი უნდა გქონდეთ‚ – უთხრა მონტე-კრისტომ.
– მე არ ვახსენე ხელმოწერის გამო‚ რადგან ის რამდენადმე უცნაურად მეჩვენა.
– სინდბად-მეზღვაური‚ არა?
– სწორედ ასეა. და რაკი „ათას ერთი ღამის“ სინდბად-მეზღვაურის გარდა ეს სახელი არსად გამიგონია...
– ის სწორედ მათი ერთ-ერთი შთამომავალთაგანია‚ ჩემი მეგობარი, ძალზე მდიდარი კაცი, ინგლისელი, თითქმის გიჟი; მისი ნამდვილი სახელია ლორდი უილმორი.
– ჰო‚ ახლა ჩემთვის გასაგებია‚ – თქვა ანდრეამ.
– ვიმედოვნებ‚ უარს არ მეტყვით, მაცნობოთ ზოგიერთი დაწვრილებითი ამბავი თქვენი და თქვენი მშობლების შესახებ.
– სიამოვნებით‚ ბატონო გრაფო‚ – უპასუხა ყმაწვილმა თავისუფლად, რაც მის კარგ მეხსიერებაზე მეტყველებდა. როგორც თქვენ ბრძანეთ‚ ვიკონტ ანდრეა კავალკანტი გახლავართ‚ მაიორ ბართოლომეო კავალკანტის ვაჟიშვილი‚ იმ კავალკანტების შთამომავალი‚ რომელნიც ჩაწერილნი არიან ფლორენციის ოქროს წიგნში. ჩვენმა ოჯახმა‚ დღემდე ჯერ კიდევ კარგად შეძლებულმა‚ რადგან მამაჩემის წლიური შემოსავალი ნახევარ მილიონს უდრის‚ ბევრი უბედურება გადაიტანა; მე თვითონ‚ როდესაც ხუთი თუ ექვსი წლის ვიყავი‚ გამიტაცა ვერაგმა აღმზრდელმა და თხუთმეტი წელია‚ რაც ჩემი მშობელი არ მინახავს. მას შემდეგ‚ რაც ჭკუაში ჩავვარდი‚ რაც თავისუფალი გავხდი და მხოლოდ ჩემს თავს ვეკუთვნი‚ დავეძებ მას‚ მაგრამ ამაოდ და აი‚ თქვენი მეგობრის – სინდბად-მეზღვაურის წერილი მატყობინებს‚ რომ იგი პარიზშია და უფლებას მაძლევს‚ თქვენ მოგმართოთ მისი ამბის გასაგებად.
– რასაც თქვენ ყვებით‚ ვიკონტ‚ მართლაც რომ ძალზე საინტერესოა‚ – უთხრა გრაფმა და მოურიდებელი ყმაწვილი კაცის სახეს‚ რომელსაც სატანური სილამაზე ჰქონდა‚ ნაღვლიანი კმაყოფილებით შეხედა.
– მამაჩემი აქ არის?
– რასაკვირველია‚ – უპასუხა მონტე-კრისტომ‚ – მამათქვენი – ბართოლომეო კავალკანტი.
– ჰო‚ დიახ‚ მართალია‚ – თქვა მან‚ – მაიორი ბართოლომეო კავალკანტი. მაშ‚ გრაფ‚ თქვენ ამბობთ‚ რომ ძვირფასი მამაჩემი აქ არის?
– დიახ‚ ბატონო‚ უფრო მეტიც: ეს-ეს არის მასთან ვიყავი. დიდი ხნის წინათ დაკარგული საყვარელი ვაჟიშვილის ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ახლა მარკიზ კავალკანტის მხოლოდ ერთი რამ აწუხებს‚ – განაგრძო მონტე-კრისტომ‚ – სახელდობრ‚ რას აკეთებდით იმ ხნის განმავლობაში‚ რაც მასთან დაშორებული იყავით. როგორ გექცეოდნენ თქვენი მჩაგვრელები. გექცეოდნენ თუ არა იმ პატივისცემით‚ რაც თქვენს გვარს შეეფერებოდა. ზნეობრივი წამების დროს‚ რომელიც ასჯერ უფრო მძიმეა‚ ვიდრე ფიზიკური ტანჯვა‚ ხომ არ შესუსტდა თქვენი ნიჭი‚ რომლითაც ბუნებამ ასე უხვად დაგაჯილდოვათ და შეგიძლიათ თუ არა ხელახლა დაიჭიროთ ის მაღალი მდგომარეობა‚ რომლის უფლებაც გაქვთ. თქვენ შესახებ პირველად ჩემი მეგობრის, ფილანტროპ ლორდი უილმორისგან გავიგონე. მან მითხრა‚ რომ რაღაც გაჭირვებულ მდგომარეობაში გნახათ. მან თქვა‚ რომ სურვილი აქვს საზოგადოებაში ის მდგომარეობა დაგიბრუნოთ‚ რომელიც დაკარგეთ‚ რომ ის მოძებნის მამათქვენს და იპოვის კიდეც; მართლაც დაიწყო მისი ძებნა და იპოვა კიდეც‚ რადგან მამათქვენი აქ არის. ბოლოს‚ მან გუშინ გამაფრთხილა‚ რომ ჩამოდიოდით და მომცა ზოგიერთი მითითება‚ რომელიც თქვენს ქონებას ეხება; აი‚ სულ ეს არის. ახლა‚ ბატონო ჩემო‚ გთხოვთ‚ შეკითხვაზე არ გამიბრაზდეთ: რაკი ერთგვარი მფარველობა უნდა გაგიწიოთ‚ მინდა ვიცოდე‚ თქვენმა უბედურებამ‚ რომელშიც თქვენ დამნაშავე არა ხართ და რომელიც არაფრით არ ამცირებს თქვენდამი ჩემს პატივისცემას‚ რამდენადმე უცხო ხომ არ გაგხადათ იმ საზოგადოებისთვის‚ სადაც თქვენი ქონებისა და თქვენი გვარის მიხედვით ასეთი წარჩინებული მდგომარეობა უნდა დაიკაოთ?
– ამ მხრივ‚ სავსებით დამშვენებული ბრძანდებოდეთ‚ – უპასუხა ყმაწვილმა კაცმა‚ – გამტაცებლებმა მამას უეჭველად იმ განზრახვით მომაცილეს‚ რომ უფრო გვიან მისთვის მივეყიდე. ასეც მოიქცნენ‚ მათ ივარაუდეს‚ რომ კარგი ფასის მისაღებად საჭირო იყო შეენარჩუნებინათ ჩემი ღირებულება‚ და თუ შესაძლებლობა ექნებოდათ‚ პირიქით‚ გაედიდებინათ კიდევაც; ასე რომ‚ საკმარისად კარგი განათლება მივიღე. გამტაცებლები დაახლოებით ისე მექცეოდნენ‚ როგორც ექცეოდნენ მცირეაზიელი მონათმფლობელები თავიანთ მონებს‚ რომლებიდანაც მათ სწავლული გრამატიკოსების‚ ექიმების და ფილოსოფოსების გამოყვანა სურდათ‚ რათა რომში უფრო ძვირად გაეყიდათ.
მონტე-კრისტომ კმაყოფილებით გაიღიმა. როგორც ჩანდა‚ ანდრეა კავალკანტისგან ის ნაკლებს მოელოდა.
კარგი‚ – უთხრა დაუდევრად გრაფმა‚ – ვიკონტ‚