ნაწილი პირველი - თავი პირველი
ჟორჟ დურუამ მოლარისგან ხუთი ფრანკის ხურდა მიიღო და რესტორნიდან გამოვიდა.
ბუნებით ტანადი, ნაუნტეროფიცრალი ჭაბუკი წელში გასწორდა, ულვაში მხედრულად აიგრიხა, შეგვიანებულ მოსადილეებს სწრაფად და გაკვრით გადახედა და ისეთი ლამაზი, ვაჟკაცური თვალი მოავლო, რომელიც ქორის თვალივით უცებ იპყრობს ხოლმე ყოველივეს.
რესტორანში სამი ქალი იჯდა და სამივემ თვალი გააყოლა: მუსიკის შუახნის მასწავლებელმა — ბინძურმა და დაუდევრად დავარცხნილმა, მუდამ შლაპამტვრიანმა, მუდამ მრუდეკაბიანმა, — და ორმა ბურჟუა დედაკაცმა, რომელთაც ქმრებიც თან ახლდნენ, ყველანი ამ იაფფასიან სასადილოს შეჩვეული მუშტრები იყვნენ.
როცა ჭაბუკი ტროტუარზე გამოვიდა, ერთხანს შედგა და ჩაფიქრდა, თუ რა ექნა, საით წასულიყო. 28 ივნისი იყო, ჯიბეში კი თვის ბოლომდე სწორედ სამი ფრანკი და ორმოცი სანტიმიღა დარჩენოდა. ამ ფულით ორჯერ ისადილებდა, ან ორჯერ ისაუზმებდა. არჩევანი მასზე იყო, იანგარიშა: რადგან საუზმე ერთი ფრანკი და ათი სანტიმი ღირდა, ხოლო სადილი — ერთნახევარი ფრანკი, გადაწყვიტა მხოლოდ საუზმე ეჭამა და ერთი ფრანკი და ოცი სანტიმი კიდევ დარჩებოდა. ამ ფულით საღამოთი პურით და ძეხვით დანაყრდებოდა და ბულვარებზე ორ ლუდსაც გადაჰკრავდა, ეს იყო მისი მთავარი ხარჯიც და საღამოს სიამეც. იანგარიშა და ნოტრ-დამ დე ლორეტის ქუჩაზე დაეშვა.
დაეშვა და ახლაც მაშინდელივით მიდიოდა, როცა ჰუსარის მუნდირი ეცვა, მკერდამოზნექილი და ოდნავ გალაჯული, თითქოს ეს-ეს არის ჩამოხტა ცხენიდანო, ხალხით სავსე ქუჩაში უხეშად მიაბოტებდა, გზას მხრებით იკაფავდა, მავალთ აწყდებოდა. მაგრამ გეზს მაინც არ იცვლიდა. საკმაოდ გაცვეთილი ცილინდრი ოდნავ წინ ჰქონდა ჩამოფხატული, მიდიოდა და ქუსლებს მიაბაკუნებდა. პირისახეზე ისეთი იერი ედო, თითქო ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდა — მავალებიც, შენობებიც და მთელი ქალაქიც — ამაყი იერი სალდათი ვაჟკაცისა, რომელიც უბრალო მოქალაქეებში მოჰყვა.
თუმცა სამოცფრანკიანი ტანისამოსი ეცვა, მაინც კოხტა იერი ჰქონდა — მყვირალი და ოდნავ ბედითი, მაგრამ მაინც კოხტა. მაღალი, ჩასხმული, ქერა, თითქმის წითური იყო, აგრეხილი ულვაში თითქოს აჰქაფებოდა, თვალები — ცისფერი, ნათელი, პაწაწინა გუგებით. თმა — ხუჭუჭი და შუაზე გაყოფილი — ასეთი იყო ჟორჟ დურუა, რომელიც ძალიან ჰგავდა ბულვარული რომანის მთავარ გმირს.
ზაფხულის ისეთი საღამო იყო, როცა პარიზს ჰაერი აკლია ხოლმე. აბანოსავით ცხელოდა და ღამის ბუღისგან ქალაქი და ქუჩები თითქოს ოფლში იწურებოდა. მარცვედის მილების ხახებიდან შხამიანი სუნთქვა გამოდიოდა და ქუჩას ედებოდა, სარდაფებში ჩამალული სამზარეულოების საზიზღარი სუნი _ ნარეცხისა და დამპალი ნარჩენების მყრალი სუნი — დაბალი ფანჯრებიდან ამოდიოდა და იქაურობას აყროლებდა.
პერანგის ამარა მეკარენი ჭიშკრების წინ ჩალის სკამებეზე ჩამომსხდარიყვნენ და ჩიბუხს აბოლებდნენ. მოთენთილი ადამიანები ნელა მოაბიჯებდნენ, ქუდები ხელში ეჭირათ.
ბულვარზე რომ გავიდა, ჟორჟ დურუა ერთხელ კიდევ შეყოყმანდა: არ იცოდა, რა ექნა და სად წასულიყო.
ახლა სურვილი ჰქონდა, ელისეს მინდვრებზე გასულიყო, იქიდან კი ბულონის ტყეში გაევლო და იქ, ტყის ჩრდილში, ცოტაოდენი სუფთა ჰაერი შეესუნთქა. მაგრამ ამავე დროს ერთი წყურვილიც ახრჩობდა — წყურვილი ქალზე ნადირობისა.
ჯერ არ იცოდა, როგორ და ვის შეხვდებოდა, მაგრამ აგერ, სამი თვეა იმ ქალს ყოველდღე, ყოველ საღამოს ელოდებოდა. მართალია, თავისი სილამაზისა და კოხტა ტანის წყალობით აქა-იქ უკვე რამდენჯერმე მოიპარა სიყვარული, მაგრამ ეს არ ჰყოფნიდა, მუდამ მეტისა და უკეთესის იმედი ჰქონდა.
ჯიბეცარიელი და სისხლამღვრეული, ქუჩის რომელიმე კუთხეში როგორც კი ვინმე მეძავს გაეხახუნებოდა, თავით ფეხებამედე აიწვებოდა: «წამომყვები, ლამაზო?
— უჩურჩულებდნენ მეძავნი. მაგრამ ვერ მისდევდა: ფული არ ჰქონდა და, გარდა ამისა, სხვა რამესაც ეძებდა: სხვანაირ კოცნას, სხვანაირ დედაკაცს, არც ამდენად გაცვეთილსა და ვულგარულს.
დურუას უყვარდა კახპებით სავსე ადგილები, მათი მოსალხენი დარბაზები, ყავახანები და ქუჩები. უყვარდა მათ შორის ტორღიალი, მათთან ყბედობა, «შენ»-ობით ლაპარაკი, მათი მძაფრი სუნამოების შეყნოსვა და მათთან ახლო ყოფნა. რაც უნდა იყოს, ისინიც, სიყვარულის მონაზვნებიც, ქალები იყვნენ და ჟორჟ დურუასსრულებითაც არ ეხამუშებოდა ეს მეძავები, როგორც თანდაყოლილი ზიზღით ეჯავრებათ ხოლმე ისინი ცოლშვილიან მამაკაცებს.
მადლენას ქუჩისკენ შეუხვია და სიცხისაგან ილაჯგაწყვეტილ ბრბოს ტალღას აჰყვა. ხალხით გაჭედილი დიდი ყავახანები თითქო ტროტუარებზე გადმოღვრილიყო. მსმელი საზოგადოება ბრწყინვალე და კრიალა ფანჯრების შუქზე საქვეყნოდ გამოფენილიყო. ამ ხალხს პატარა მრგვალ ან ოთხკუთხა მაგიდებზე წითელი, მწვანე, ყვითელი და ყოველნაირი ფერის სითხით სავსე ჭიქები ედგა, ხოლო მინის გრაფინებში ჩაწყობილი, დიდრონი, კრიალა და გამჭვირვალე ყინული სუფთა, ანკარა წყალს აგრილებდა.
დურუამ ნაბიჯს უკლო, რადგან უსმელობით ყელი უშრებოდა.
წყურვილი ახრჩობდა, წყურვილი ზაფხულის ღამისა. პირში ცივი სასმელის გემოც კი იგრძნო. მაგრამ ამ საღამოს თუნდ ორი