გადავრჩი
თითქო გამოსროლილმა ტყვიამ ფანჯრის შუშა გახვრიტაო, ისე შემოიჭრა ოთახში პატარა მარკიზა დერენდონი და სანამ რასმე იტყოდა, დაიწყო სიცილი, მაგრამ რა სიცილი! - თვალთაგან სულ ცრემლები სცვივოდა, სწორედ ისევე, როგორც ამ ერთ თვეს წინათ დაემართა, როცა თავის მეგობარს ახარა - ჩემი ქმარი მოვატყუე, რომ შური მეძია მისიო, და ისიც მხოლოდ ერთხელ, რადგან მართლა რომ მეტად ბრიყვი და ძალზე ეჭვიანიაო.
პატარა ბარონესა დე-გრანჟრიმ წიგნი, რომელსაც ჰკითხულობდა, დივანზე დააგდო, ანეტს გაოცებულმა დაუწყო ყურება და უკვე თვითონაც აუტყდა სიცილი.
ბოლოს, როგორც იქმნა, ჰკითხა:
- ქალო, არ იტყვი, კიდევ რა მოგივიდა?
- ოჰ!.. ჩემო კარგო... ჩემო კარგო... სასაცილოა... მეტად სასაცილოა... წარმოიდგინე... გადავრჩი!.. გადავრჩი!... გადავრჩი!..
- როგორ თუ გადარჩი?
- ისე, გადავრჩი!
- რას გადარჩი, ქალო, აღარ იტყვი?
- რასა და ჩემს ქმარს. ჩემო კარგო, გადავრჩი! მისგან განვთავისუფლდი! თავისუფალი ვარ! თავისუფალი! თავისუფალი!..
- როგორ თუ თავისუფალი? რისაგან?
- რისაგან? უნდა განვშორდე! გაიგე, უნდა განვშორდე! უფლება მაქვს განვშორდე.
- განშორდი კიდეც?
- არა, ჯერ არა! ოჰ, რა სულელი რამა ხარ!.. სამ საათში სად გაგიგონია გაშორება! მაგრამ მე ხელში საბუთები მიჭირავს... უტყუარი საბუთები... იმის საბუთები, რომ მღალატობს... ზედ წავასწარ დანაშაულობაზე... აბა შენ თვითონ იფიქრე!.. ზედ წავასწარ... მაშასადამე, მისი სული ჩემს ხელთაა!
- აბა ერთი დალაგებით მიამბე! მაშ გღალატობდა?
- ჰო... ესე იგი, არა... ჰოცა და არაც... კარგად არ ვიცი. საქმე ის არის, რომ მე ხელთ საბუთები მიჭირავს და უმთავრესი ხომ საბუთებია!..
- მერე და როგორ მოახერხე?
- როგორ მოვახერხე?.. საქმეც ეგ არის! ოჰ, ძალიან კი მოვახერხე!.. ძალიან!.. ჩემმა მზემ!.. ეს სამი უკანასკნელი თვეა, პირდაპირ საზიზღარი გახდა, მთლად საზიზღარი, უხეში, ტლანქი, დესპოტი, თავმოსაბეზრებელი, ერთის სიტყვით, გულისამრევი! მეტს ვეღარ მოვითმენ, უნდა გავშორდე-მეთქი! ვსთქვი ჩემს გულში! მაგრამ როგორ? ეს არც ისე ადვილი იყო. ვსცადე, ისე მომეწყო საქმე, რომ ჩემთვის ეცემნა. მაგრამ ამას ერიდებოდა. მხოლოდ დილიდან საღამომდე ჯიბრში მედგა: მე რომ შინ ჯდომა მინდოდა, ის ძალას მატანდა, სადმე გავსულიყავ. როცა ქალაქში მინდოდა გასვლა სასადილოდ, ის მეუბნებოდა - შინ იჯექიო; კვირიდან კვირობამდე სიცოცხლეს მიმწარებდა, მაგრამ ცემით მაინც არა მცემდა.
მაშინ ვცადე გამეგო, საყვარელი ხომ არა ჰყავს-მეთქი. გავიგე, ჰყოლია ერთი, მაგრამ მისას რომ მიდიოდა, მეტისმეტად ფრთხილობდა. შეუძლებელი იყო მათი ერთად დაჭერა. ახლა შენ გამოიცან, რა ვქენი?
- გენაცვა, აბა როგორ გამოვიცნო?
- შენს დღეშიაც ვერ გამოიცნობ! ჩემს ძმასა ვსთხოვე, ამ ქალის ფოტოგრაფიული სურათი ეშოვნა როგორმე.
- შენის ქმრის საყვარლისა?
- ჰო, ეს ჟაკს თხუთმეტი ლუი დაუჯდა, ერთი საღამო გაატარა მასთან შვიდიდან შუაღამემდე, ისადილა, მაშასადამე, საათში სამი ლუი დაეხარჯა. სართად მისი სურათიც იშოვნა.
- ჩემის ფიქრით, შეეძლო უფრო იაფად გადარჩენილიყო, თუ ეშმაკობას რასმე მიჰმართავდა და... დასჯერდებოდა მხოლოდ სურათს და სართად იმავე დროს დედანიც არ გადაეკიდებინა...
- რომ იცოდე, რა ლამაზია! ჟაკს ძალიან მოსწონებოდა. გარდა ამისა, მინდოდა მისი ყველაფერი დაწვრილებით შემეტყო: როგორი ტანადობა ჰქონდა, ან როგორი გულმკერდი, ან როგორი ფერი სახისა და ათასი სხვა რამ.
- სრულებით არ მესმის...
- ახლავე გაგაგებინებ. როცა რაც მინდოდა, ყველაფერი გავიგე, წავედი ერთ... როგორ გითხრა... ერთ საქმის კაცთან... ხომ იცი... არიან ისეთები, ვინც ყოველგვარ საქმეს ჰკიდებენ ხელს... გამომჟღავნებისა და თანაზიარობის... აგენტები ჰქვიათ, მგონი... ხომ გესმის?
- ჰო, თითქმის. და შენ ამ კაცს უთხარი?
- ვუთხარი და თან სურათი ვაჩვენე კლარისასი (ქალს კლარისა ჰქვია) და ვთხოვე: „ბატონო ჩემო, მე მინდა მოახლე დავიჭირო, აი, ამას რომ ჰგავდეს, ისეთი; მინდა ლამაზი იყოს, კოხტა, ნატიფი, მიხვედრილი, სუფთა. რაც ეღირება, მივსცემ. ათი ათას ფრანკად რომ დამიჯდეს, მაინც გადამხდელი ვარ. მხოლოდ სამის თვითღა მინდა, მეტით არა“.
ეს კაცი მეტად გაკვირვებულის სახით მიყურებდა. მკითხა: „თქვენ, გნებავსთ, რომ უმწიკვლო ნამუსისაც იყოს, ხომ?“.
გავწითლდი და წავილუღლუღე: „დიახ, მინდა, ხელმრუდი არ იყოს“.
ისევა მკითხა: „... ზნედაცემულობის მხრივ?“...
ვერაფრის თქმა გავუბედე, მხოლოდ თავი დავუქნიე და ამით მინდოდა გამეგებინებინა: არა-მეთქი. მერე ერთბაშად მივხვდი, რომ ამ კაცს ერთი საშინელი ეჭვი რამ ჰქონდა, და გონებადაკარგულმა წამოვიძახე: „ოჰ, ბატონო... ჩემის ქმრისათვის მინდა... რომელიც მღალატობს... რომელიც სახლგარეთ მღალატობს... და მე კი მინდა... თუ ღალატია, ისევ შინ მაინც იყოს ეს ღალატი... ხომ გესმისთ... მინდა ზედ