ლამაზი მეგობარი -
ნაწილი პირველი -
თავი პირველი ჟორჟ დიურუამ მოლარისგან ხუთი ფრანკის ხურდა მიიღო და რესტორნიდან გამოვიდა.
ბუნებითვე ტანადი, ნაუნტეროფიცრალი ჭაბუკი წელში გასწორდა, ულვაში მხედრულად აიგრიხა, შეგვიანებულ მოსადილეებს სწრაფად და გაკვრით გადახედა და ისეთი ლამაზი, ვაჟკაცური თვალი მოავლო, რომელიც ქორისებურად უცებ იპყრობს ხოლმე ყოველივეს.
რესტორანში სამი ქალი იჯდა და სამივემ თვალი გააყოლა: მუსიკის შუახნის მასწავლებელმა - ბინძურმა და დაუდევრად დავარცხნილმა, მუდამ შლაპამტვრიანმა, მუდამ მრუდეკაბიანმა, - და ორმა ბურჟუა დედაკაცმა, რომელთაც ქმრებიც თან ახლდნენ. ყველანი ამ იაფფასიანი სასადილოს შეჩვეული მუშტრები იყვნენ.
როცა ჭაბუკი ტროტუარზე გამოვიდა, ერთხანს შედგა და ჩაფიქრდა, თუ რა ექნა, საით წასულიყო. 28 ივნისი იყო, ჯიბეში კი თვის ბოლომდე მხოლოდ სამი ფრანკი და ორმოცი სანტიმიღა დარჩენოდა. ამ ფულით ორჯერ ისადილებდა ან ორჯერ ისაუზმებდა. არჩევანი მასზე იყო. იანგარიშა: რადგან საუზმე ერთი ფრანკი და ათი სანტიმი ღირდა, ხოლო სადილი - ერთ-ნახევარი ფრანკი, გადაწყვიტა მხოლოდ ესაუზმა და ერთი ფრანკი და ოცი სანტიმი კიდევ დარჩებოდა. ამ ფულით საღამოთი პურით და ძეხვით დანაყრდებოდა და ბულვარებზე ორ ლუდსაც გადაჰკრავდა, ეს იყო მისი მთავარი ხარჯიც და საღამოს სიამეც. იანგარიშა და ნოტრდამ დე ლორეტის ქუჩაზე დაეშვა.
დაეშვა და ახლაც მაშინდელივით მიდიოდა, როცა ჰუსარის მუნდირი ეცვა. მკერდამოზნექილი და ოდნავ გალაჯული, თითქოს ეს-ეს არის ჩამოხტა ცხენიდანო, ხალხით სავსე ქუჩაში უხეშად მიაბოტებდა, გზას მხრებით იკაფავდა, მიმავალთ აწყდებოდა, მაგრამ გეზს მაინც არ იცვლიდა. საკმაოდ გაცვეთილი ცილინდრი ოდნავ წინ ჩამოეფხატა. მიდიოდა და ქუსლებს მიაბაკუნებდა. პირისახეზე ისეთი იერი ედო, თითქოს ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდა - ამაყი იერი ჯარისკაცისა, რომელიც უბრალო მოქალაქეებში მოჰყვა.
თუმცა სამოცფრანკიანი ტანისამოსი ეცვა, მაინც კოხტა იერი ჰქონდა - მყვირალა და ოდნავ ბედითი, მაგრამ მაინც კოხტა. მაღალი, ჩასხმული, ქერა, თითქმის წითური იყო, აგრეხილი ულვაში თითქოს აჰქაფებოდა, თვალები - ცისფერი, ნათელი, პაწაწინა გუგებით. თმა - ხუჭუჭი და შუაზე გაყოფილი - ასეთი იყო ჟორჟ დიურუა, რომელიც ძალიან ჰგავდა ბულვარული რომანის მთავარ გმირს.
ზაფხულის ისეთი საღამო იდგა, როცა პარიზს ჰაერი აკლია ხოლმე. აბანოსავით ცხელოდა და ღამის ბუღისგან ქალაქი და ქუჩები თითქოს ოფლში იწურებოდა. მარცვედის მილების ხახებიდან შხამიანი სუნთქვა გამოდიოდა და ქუჩას ედებოდა, სარდაფებში ჩამალული სამზარეულოების საზიზღარი სუნი - ნარეცხისა და დამპალი ნარჩენებისა - დაბალი ფანჯრებიდან ამოდიოდა და იქაურობას აყროლებდა.
პერანგის ამარა მეკარენი ჭიშკრების წინ ჩალის სკამებეზე ჩამომსხდარიყვნენ და ჩიბუხს აბოლებდნენ. მოთენთილი ადამიანები ნელა მოაბიჯებდნენ, ქუდები ხელში ეჭირათ.
ბულვარზე რომ გავიდა, ჟორჟ დიურუა ერთხელ კიდევ შეყოყმანდა: არ იცოდა, რა ექნა და სად წასულიყო.
ახლა სურვილი ჰქონდა, ელისეს მინდვრებზე გასულიყო, იქიდან კი ბულონის ტყეში გაევლო და იქ, ტყის ჩრდილში, ცოტაოდენი სუფთა ჰაერი შეესუნთქა. მაგრამ ამავე დროს ერთი წყურვილიც ახრჩობდა - წყურვილი ქალზე ნადირობისა.
ჯერ არ იცოდა, როგორ და ვის შეხვდებოდა, მაგრამ აგერ, სამი თვეა, იმ ქალს ყოველდღე, ყოველ საღამოს ელოდებოდა. მართალია, თავისი სილამაზისა და კოხტა ტანის წყალობით აქა-იქ უკვე რამდენჯერმე მოიპარა სიყვარული, მაგრამ ეს არ ჰყოფნიდა, მუდამ მეტისა და უკეთესის იმედი ჰქონდა.
ჯიბეცარიელი და სისხლამღვრეული, ქუჩის რომელიმე კუთხეში როგორც კი ვინმე მეძავს გაეხახუნებოდა, თავით ფეხებამდე აიწვებოდა. - წამომყვები, ლამაზო? - უჩურჩულებდნენ მეძავნი. მაგრამ ვერ მისდევდა. ფული არ ჰქონდა და, გარდა ამისა, სხვა რამესაც ეძებდა: სხვანაირ კოცნას, სხვანაირ დედაკაცს, არც ამდენად გაცვეთილსა და ვულგარულს.
დიურუას უყვარდა კახპებით სავსე ადგილები, მათი მოსალხენი დარბაზები, ყავახანები და ქუჩები. უყვარდა მათ შორის ტორღიალი, მათთან ყბედობა, შენობით ლაპარაკი, მძაფრი სუნამოების შეყნოსვა და მათთან ახლო ყოფნა. რაც უნდა იყოს, ისინიც, სიყვარულის მონაზვნებიც, ქალები იყვნენ და ჟორჟ დიურუას სრულებითაც არ ეხამუშებოდა ეს მეძავები, როგორც თანდაყოლილი ზიზღით ეჯავრებათ ხოლმე ისინი ცოლშვილიან მამაკაცებს.
მადლენის ქუჩისკენ შეუხვია და სიცხისგან ილაჯგაწყვეტილ ბრბოს ტალღას აჰყვა. ხალხით გაჭედილი დიდი ყავახანები თითქოს ტროტუარებზე გადმოღვრილიყო. მსმელი საზოგადოება ბრწყინვალე და კრიალა ფანჯრების შუქზე საქვეყნოდ გამოფენილიყო. ამ ხალხს პატარა მრგვალ ან ოთხკუთხა მაგიდებზე წითელი, მწვანე, ყვითელი და ყოველნაირი ფერის სითხით სავსე ჭიქები ედგა, ხოლო მინის გრაფინებში ჩაწყობილი, დიდრონი, კრიალა და გამჭვირვალე ყინული სუფთა, ანკარა წყალს აგრილებდა.
დიურუამ ნაბიჯს უკლო, რადგან უსმელობით ყელი უშრებოდა.
წყურვილი ახრჩობდა, წყურვილი ზაფხულის ღამისა. პირში ცივი სასმლის გემოც კი იგრძნო. მაგრამ