სიყვარული
სამი გვერდი ერთი მონადირის წიგნისა
...გაზეთის ახალ ამბებში ეს-ეს არის ამოვიკითხე მგზნებარე რომანტიკული დრამის შემთხვევა. კაცს ქალი მოუკლავს, მერე თვითონაც სიცოცხლეს გამოსალმებია... ეტყობა, კაცს ქალი ჰყვარებიაო. ჩემთვის სულერთია: ვინ იყო კაცი ან ქალი. მე მხოლოდ მათი სიყვარული მაინტერესებს. ეს სიყვარული იმიტომ კი არ მაინტერესებს, რომ ვითომ გულს მიჩვილებდეს ან მაკვირვებდეს, ან იმიტომ, რომ ამ ამბავს შეეძლოს ჩემი გულის მოკვლა ან კიდევ იმისთვის, რომ ამ ამბავმა მომაგონოს წარსული და დამაფიქროს; არა, ეს ამბავი იმიტომ მაინტერესებს, რომ მომაგონა ერთი რამ ჩემი ახალგაზრდობის დროისა, ერთი უცნაური ამბავი ნადირობისა, სადაც სიყვარული ისე გამომეცხადა, როგორც პირველ ქრისტიანებს ცის სივრცეში ჯვრები გამოეცხადებოდათ ხოლმე.
მე დაბადებიდანვე თანდაყოლილი მაქვს ყველა ინსტინქტი და გრძნობა პირველყოფილ ადამიანისა, რომლებიც შენელებულია, ზომაზე დაყენებულია განათლებული ადამიანის მსჯელობითა და სულიერი მოძრაობით. ნადირობა გაგიჟებით მიყვარს; და გასისხლიანებული ფრინველის, მისი სისხლით გასვრილი ფრთების, სისხლით გასვრილი ჩემი ხელების ყურებაზე გული იმ ზომაზე მეწურება, რომ მეშინია - არ გამიჩერდეს-მეთქი.
იმ წელიწადს სიცივე ერთბაშად დაიჭირა, და ერთმა ჩემმა ბიძაშვილთაგანმა, კარლ დე-როვილმა დამპატიჟა - ერთ ჭაობში იხვებზე ვინადიროთ განთიადისასო.
ჩემი ბიძაშვილი ორმოცი წლის ბრგე ვაჟკაცი იყო, წითური, ძალზე მკლავმაგარი და დიდწვერა, ერთი სიტყვით, სოფლის აზნაური, ნახევრად გაუთლელი, მაგრამ მოსიყვარულე, მხიარული გუნების, თანდაყოლილი ჰქონდა გალების ის ნიჭი, რომელიც სასიამოვნოს ხდის თვით საშუალო ჭკუის ადამიანსაც კი. ცხოვრობდა ერთ თავისებურ ფერმა-კოშკში, განიერ ხეობაში, სადაც მდინარე ჩაუდიოდა. მარჯვნივ და მარცხნივ გორაკებს ფარავდა ტყე, რომელშიც დაცული იყო საუცხოო ხეები და აქვე ბუდობდა საფრანგეთის ამ ნაწილის ყველაზე იშვიათი გარეული ფრინველები. ზოგჯერ არწივსაც კი კლავდა აქ მონადირე. ხოლო გადამფრენი ფრინველები, რომლებიც ჩვენს მჭიდროდ დასახლებულ მხარეში თითქმის თავის დღეში არ მოდიან, აქ, ამ ასწლოვანი ხეების ტოტებს შორის თითქმის უთუოდ ჩერდებოდნენ, თითქოს იცნობდნენ ან ახლა იცნეს ტყის ერთი პატარა კუთხე ძველი დროისა, რომელიც აქ დარჩენილა მათი მგზავრობის დროს მოკლე ხნით თავის შესაფარებლად და ღამის გასათევადო.
ხევში ვრცელი საძოვრები იყო. ეს საძოვრები რუების საშუალებით ირწყვებოდა და ღობე ჰქონდა შემოვლებული; იმის იქით კიდევ მდინარე ჩადიოდა, რომელიც ჯერ არხებით მოდიოდა და აქ კი თვალუწვდენელ ჭაობად იშლებოდა. სანადიროდ ამ ჭაობისთანა საუცხოო ადგილი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს, და ჩემი ბიძაშვილიც ზედ დაჰკანკალებდა და ისე უვლიდა, როგორც კარგ პარკს. ხშირი ლელიანით იყო დაფარული, ამ ლელის წყალობით ჭაობი თითქო ცოცხალიაო, შრიალებდა, ღელავდა. ამ ლელიანის შიგადაშიგ ვიწრო ხეივნები იყო გაყვანილი, სადაც ბრტყელფსკერა ნავები, რომლებიც ჭოლოკით მიმოყავდათ, გაივლიდნენ მდუმარედ გაჩერებულ, მკვდარ წყლის ზედაპირზე, გაეხახუნებოდნენ ლერწმებს; მათ გავლაზე დამფრთხალი თევზები ბალახებში შეცურდებოდნენ, ხოლო გარეული ქათმები წყალში ჩაიყურყუმალავებდნენ და მათი შავი და წვეტიანი თავები თვალის დახამხამებაში გაუჩინარდებოდნენ.
წყალი თავშეუკავებელი გულისნდომით მიყვარს, ზღვა თუმცა მეტად დიდია, მეტად დაუდეგარია, შეუძლებელია კაცმა დაიპყროს, დაეპატრონოს; მიყვარს მდინარენიც ესოდენ ლამაზნი, მაგრამ ესენიც ჩაივლიან, გარბიან, გაგეცლებიან; მიყვარს განსაკუთრებით ჭაობი, სადაც ფუსფუსებს მთელი უცნობი სამეფო წყლიერ ცხოველთა. ჭაობი დედამიწაზე ცალკე ქვეყანაა, ქვეყანა განსაკუთრებული, რომელსაც თავისი საკუთარი სიცოცხლე აქვს, ჰყავს თავისი მუდმივი, დროებით გამვლელი მოგზაურნი, აქვს თავისი ხმიანობა, თავისი ხმაურობა და თავისი საიდუმლოება. განსაკუთრებით არაფერია ისე შემაშფოთებელი, უფრო შემაწუხებელი და ზოგჯერ უფრო შემაშინებელი, ვიდრე ჭაობი. ნეტავ ვიცოდე, რად ხდება, რომ ამ წყლით დაფარულ დაბალ ვაკეებს ზევიდან შიში გადაეფინება? ანდა ეს იდუმალი შრიალი ლელიანისა, ეს უცნაური, საშინელი დუმილი, რომელშიაც გაეხვევა ხოლმე ჩუმ საღამოებში ეს ლელიანი, ან კიდევ უცნაური ბურუსი, რომელიც ლერწმებს მიცვალებულის სუდარისებრ გადაუვლის ხოლმე, ან კიდევ ეს თითქმის უხილავი ფრთონა, ესოდენ მსუბუქი, ესოდენ ტკბილი და ზოგჯერ უმეტესად საშინელი, ვიდრე ზარბაზანი ადამიანის ანდა მეხი ზეცისა! ჰო, ყოველივე ეს თუა, რომ ჭაობს ამსგავსებს ოცნების ქვეყანას, საშიშ ქვეყანას, რომელშიც დაფარულია უცნობი და საშიში საიდუმლოება.
არა. სხვა რამ გამოიყოფა, სხვა რამ იდუმალება, უფრო ღრმა, უფრო მძიმე მიმორხევა სქელ ჯანღ-ბურუსში, და ეს შეიძლება თვით ქვეყნიერების გაჩენის იდუმალებაც იყოს! თორემ ხომ ვიცით, რომ ნაგუბარსა და შლამიანს წყალში, დასველებული დედამიწის მძიმე სინოტივეში მზის მცხუნვარების ქვეშ გაიფაჩუნა, შეინძრა სიცოცხლის პირველი ჩანასახი.
ჩემს ბიძაშვილთან საღამოხანს მივედი. ისე ყინავდა, ადამიანს გარეთ არ გამოესვლებოდა.
დიდ მისაღებში ვისადილეთ. მისაღების განჯინები, კედლები, ჭერი დაფარული იყო ჩალით გატენილი ფრინველებით. ზოგს ფრთები გაშლილი ჰქონდა, ზოგიც კედლებზე ლურსმებით მიჭედებულ ტოტებზე ჩამოესვათ. აქ ნახავდით ქორებს, მიმინოებს, ჭოტებს,