ორლა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
8 მაისი - რა შესანიშნავი დღეა! მთელი დილა ბალახზე ვიყავი გაშოტილი ჩემი სახლის წინ, უზარმაზარი ჩინარის ძირში. სახლი ხის ჩრდილშია შეყუჟული და ხეც კრუხივით გადაფოფრებია თავს. მიყვარს ეს მხარე. აქ ცხოვრებაც მიყვარს, რადგან სწორედ აქაა ჩემი ფესვები, ღრმა და სათუთი ფესვები, რომელიც ადამიანს იმ მიწასთან აკავშირებს, სადაც ერთ დროს იშვნენ და მერე მიიცვალნენ მისი წინაპრები, აკავშირებს იმასთან, რასაც ფიქრობს ან რითაც იკვებება, ზნე-ჩვევებთან, კუთხურ სიტყვა-პასუხთან, გლეხურ გამოთქმასთან, მიწის სურნელთან, სოფლებთან და თვით ჰაერთან.
მე მიყვარს სახლი, სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი. ფანჯრიდან სენას ვხედავ. მდინარე აქვე, ბაღის გასწვრივ მიედინება; ასე მგონია, ჩემს ოთახზე გადის-მეთქი... წყალუხვი, აღმა-დაღმა მოსრიალე გემებით დახუნძლული ფართო სენა, რომელიც რუანიდან ჰავრისკენ მიეშურება.
მარცხნივ, იქით, რუანია... ლურჯი სახურავები, ცად ასხლეტილი გოთური სამრეკლოები და ტაძრების ამაყად აწვერილი კოშკები. ზოგი სამრეკლო ჰაეროვანია, ზოგიც მედიდური. ურიცხვი ზარი, დილაობით ხასხასა ლურჯ ჰაერს აზანზარებს. მე ჩამესმის მათი ნაზი და შორეული ბუბუნი. ბრინჯაოს სიმღერა ნიავს მოჰყვება. თუ კარგად დაუბერა - ძლიერი, ყურისწამღები: ზოგჯერ კი უქარობისას - მოგუდული და მიმქრალი.
ვიშ, რა დილაა!
თერთმეტ საათზე ჩემი ეზოს მესერთან გემების ქარავანმა ჩაიარა. ქარავანს ნეხვის ბუზივით გაბერილი ბუქსირი მიათრევდა: მეტი ჯაფისგან ხრიალებდა და ხშირ, შავ კვამლს ბოლქვებად უშვებდა.
ორ ინგლისურ კარჭაპს, რომელთა წითელ ბაირაღებს ქარი ათამაშებდა, დიდებული ბრაზილიური სამანძიანი გემი მოჰყვებოდა. გემი თეთრად ქათქათებდა და მზეზე ბრწყინავდა. მე ხელი ავწიე და მივესალმე. არ ვიცი კი რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ კარგი რამ სანახავი იყო.
12 მაისი - ეს რამდენიმე დღეა, სიცხე მაქვს. თავს კარგად ვერ ვგრძნობ, უფრო ზუსტად კი კაეშანმა დამრია ხელი. მაცოდინა მაინც, საიდან მოდის ეს იდუმალი ძალა, რომელიც ბედნიერებას უბედობად აქცევს, ნებისყოფას კი უიმედობას უნაცვლებს? კაცი იფიქრებს, თვით ჰაერია გაჟღენთილი ამ შეუცნობელი ძალებით, რომელთა უჩინარი მეზობლობა ესოდენ ავბედით გავლენას ახდენს ჩვენზე. დღეს ბედნიერ ფეხზე ავდექი. ისე ამიტაცა სიხარულმა, რომ ცოტაც და ავმღერდებოდი - რატომ? წყლის პირას ჩავედი. აი, ახლა კი ხანმოკლე გასეირნების შემდეგ, ისეთი მისავათებული ვბრუნდები, თითქოსდა შინ საშინელი უბედურება მომელოდეს. რატომ? ნუთუ სიცივემ შეატანა ძვალ-რბილში და სული ამიფორიაქა? იქნებ ღრუბელთა სრბოლამ, დღის ნათელმა და საგანთა თვალშეუვლებმა ფერისცვალებამ ამიწეწა აზრები? ისიც ხომ შეიძლება, რომ ყოველივე, რაც გარს გვარტყია, რასაც ვუყურებთ და ვერ კი დაგვინახია, ვეხებით და ვერ კი მოგვიხელთებია, ჩვენს გრძნობებზე და მერე უკვე მათი მეშვეობით ჩვენს აზრებზეც და ჩვენს გულზეც რაღაც წამიერ, საოცარ და აუხსნელ ზემოქმედებას ახდენს?
ო, რაოდენ ღრმაა უჩინარი ძალის ეს იდუმალება! როგორ გინდა ჩაწვდე ამ უძირო უფსკრულს ჩვენი უსუსური გრძნობებით? ჩვენი თვალი ხომ ვერც უმცირესს რამეს არჩევს და ვერც ერთობ დიდს, ვერც ძალზედ დაახლოებულს და ვერც ძალზედ დაშორებულს. ვერც ვარსკვლავთ ბინადართ ჭვრეტს და ვერც წყლის წვეთში მოქცეულ სამყაროს. ჩვენი ყურიც ხომ წამდაუწუმ გვაცდუნებს, რამეთუ ჰაერის უმცირეს თრთოლვასაც კი ხმამაღალ ბგერებად წარმოგვიდგენს: ზღაპრული ფერიის მსგავსად, რაღაც სასწაულით, ჰაერის რხევას ხმაურად აქცევს და ამ სახეცვლის წყალობით მუსიკას ბადებს. მუსიკა კი, თავის მხრივ, ბუნების იდუმალ ნანავს სიმღერად გარდაქმნის. ადამიანის ყნოსვაც ხომ ძაღლის ყნოსვაზე გაცილებით სუსტია. გემოსაც ვერ დაენდობი! ის კი არადა, ღვინის წლოვანებაც ვერ გაგვირჩევია! რა იქნებოდა, გამჩენს სხვა გრძნობებიც მოეცა, რომლებიც ჩვენდა საბედნიეროდ, სასწაულს მოახდენდა და ჩვენ ირგვლივ განფენილ უთვალავ საიდუმლოს ფარდას ახდიდა.
16 მაისი - ეჭვიც არ მეპარება, რომ ავად ვარ. არადა, ეს ბოლო თვე კარგად ვიყავი! ციება შემეყარა, საშინელი ციება, უფრო ზუსტად, ნერვიული ციება, რომელიც ჩემს სულსაც ისე ტანჯავს, როგორც სხეულს. ვერსად ვემალები გარდაუვალი ხიფათის საშინელ განცდას, რომელიც არ ვიცი საიდან მომიხტება. ვერც სიკვდილის შიშს, რომელიც აქვეა, სულ ახლოს, ვერც შეუცნობელ უბედურების მოლოდინს, რომელიც ჩემს სისხლსა