მისტერ მემედ ეფენდის მისტერიები
ერთი პატივცემული კაცი ცხოვრობდა ამქვეყნად. სიცოცხლე უხაროდა. ფულიც ჰქონდა და ჯანიც. კიდეც შრომობდა და დროსაც უზადოდ ატარებდა.
მერე შეუჩნდნენ ნათესავ-მეგობრები, წარამარა ყურში აწვეთებდნენ: „ცოლი შეირთე კაცო, ცოლი, როდისღა უნდა დაოჯახდე?“
„რად მინდა ცოლი?“ – უკვირდა კაცს.
„როგორ თუ რად გინდა! სხვა რომ არაფერი, სიკვდილის წინ წყლის მომწოდებელი მაინც გვერდით გეყოლება!“ – თავისას არ იშლიდნენ ნათესავ-მეგობრები.
მოიყვანა კაცმა ცოლი. ჯოჯოხეთის მუგუზალი აღმოჩნდა ის ქალი. დააქცია კაცი. გააკოტრა. გააცამტვერა ყველანაირად.
ავიშვიშდნენ მაშინ ნათესავ-მეგობრები. ქუდები ფეხით გათელეს, თავს ნაცარი დაიყარეს.
„რას იზამ, კაცო, შენი ბედიც ეგ ყოფილა, რას იზამ, არ გაგიმართლა, მაგრამ სიკვდილის წინ წყლის მომწოდებელი მაინც გვერდით გეყოლებაო“.
ოთხმოც წელს გადააბიჯა კაცმა, დაბერდა, დაძაბუნდა... და აი სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვული უკვე მის სუნთქვას გრძნობს. გარს ნათესავ-მეგობრები ახვევია. არის ერთი მითქმა-მოთქმა.
ბოლო ძალები მოიკრიბა კაცმა. ჯერ მის სასთუმალთან ატუზულ სულთამხუთავს გადაჰხედა, შემდეგ ოდნავ წამოსწია დაუძლურებული კისერი და მოვიშვიშე ნათესავ-მეგობრებს ეუბნება ჩურჩულით:
„მხოლოდ ერთი რამ არის საწყენი, ჯამაათნო!“
„რა, რა გაწყენინეთ, პატივცემულო?“ – ცრემლნარევი ხმით ეკითხებიან ნათესავ-მეგობრები.
„თქვენ? თქვენ არაფერი, უბრალოდ... უბრალოდ არ მწყურია...“ და განუტევა სული კაცმა...
***
მემედ ეფენდი ყინულის ნატეხებით გატენილ წყლიან ჭიქას მიშტერებოდა. თვალს არ აცილებდა. სწორედ ამ ჭიქამ ამოუტივტივა გონებაში ეს პატარა ამბავი, სევდიან იგავად თქმული. ოდესღაც, სადღაც ყურმოკრული, მაგრამ მის არსებაში მკაფიოდ ჩაბეჭდილი. გონება დაძაბა მემედ ეფენდიმ. ისე დაძაბა, რომ კინაღამ მეხსიერების სიმები დაუწყდა, სადღაც იქ, ტვინის სიღრმეში გაბმულ-დახლართული. მერე უცებ შვება იგრძნო საოცარი. ეს პატარა, სევდიან იგავად თქმული ამბავი, ოდესღაც, სადღაც ყურმოკრული, მესუნეთე ისმაილმა უამბო ამ სამიოდეს დღის წინ თოფქაფის მუზეუმთან. ისე, თითქოს სხვათა შორის, ასგზის სალამ-ქალამსა და ასგზის დამშვიდობებას შორის. „მაინც რა არის ეს წუთისოფელი, – ფიქრის და განსჯის ბილიკს აღმა აუყვა მემედ ეფენდი, –”ზოგჯერ ისეთ კაცს შეგახვედრებს, უბრალოდ ნაცნობს, თანაც ოციოდე წლის უნახავს, თანაც სულ რამდენიმე წუთით და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცაზე მიგანიშნოს, იმ ნაცნობის პირით გითხრას თავისი სათქმელი... შენ კი, გინდა გენიშნოს, გინდა არა, შენი ნებაა...“
- მწვადს რად არ მიირთმევ? – ნარგიზ ხანუმის რიხიანმა ხმამ ფიქრის და განსჯის ბილიკიდან გადაახვევინა მემედ ეფენდის. ყინულის ნატეხებით გატენილ წყლიან ჭიქას მზერა მოსწყვიტა და ახლა მოგრძო ლანგარზე დაყრილ ოხშივარავარდნილ ხორცის ნაჭრებს მიაჩერდა.
- შეგრილდეს ოდნავ, – თითქოს თავისთვის, ოდნავგასაგონად ჩაილაპარაკა მემედ ეფენდიმ. ფიქრის და განსჯის ბილიკი არ ეთმობოდა მწვადის სანაცვლოდ, მაგრამ ნარგიზ ხანუმი ეჯდა წინ. შორეულ წლებში, შორეულ ქვეყანაში, ცოდნის ტაძარში გაცნობილი, მაგრამ ჯერაც ბოლომდე ვერ შეცნობილი, თანამემამულე, თანაქალაქელი, თანაუბნელი და ბოლოს თანამეცხედრე, მაგრამ არამც და არამც თანამოაზრე. მწვადის მოზრდილ ნაჭერს შესჭიდებოდა ჭარბწონიანი ხანუმი. მდუღარე ხორცს ძვალ-ხრტილიანად კვნეტდა, თან ჰაერს ისრუტავდა პირით მალ-მალე. ლუკმას იგრილებდა და სანამ მორიგ ნაჭერს დაწესებულ გზას გაუყენებდა, ისე, სხვათა შორის ჩაილაპარაკა:
- არა, არა, თვის ბოლოდან დიეტა უნდა დავიცვა...
ნარგიზ ხანუმის „თვის ბოლოს“ ბოლო არ უჩანდა. ეს მშვენივრად უწყოდა მემედ ეფენდიმ, ამიტომაც მეათასეჯერ მოსმენილ ამ განცხადებას ყური არ ათხოვა მეათასეჯერ...
***
მურქაფაშ კარაპეტიანის რესტორაციაში მილეთის ხალხი ირეოდა. ზოგი საკუთარი სტომაქის პატივისცემას იწყებდა, ზოგი ამთავრებდა, ზოგი კი პირდაპირ ტროტუარზე, ასწლოვან ჭადრებს შორის ჩადგმულ მაგიდებს შორის მიდი-მოდიოდა, თავისუფალ ადგილს თუ ნაცნობებს დაეძებდა. ვის არ ნახავდით აქ! მინისტრებს თუ ყოფილ მინისტრებს, ძვირფას ინგლისურ კოსტიუმებში გამოწყობილ თმაგაპოხილ თაღლითებს, მაღალი წრის თვალმარგალიტასხმულ კურტიზან ქალებს, ნახევარი დუნიის ელჩებს, ნაირ-ნაირ მუნდირებში ჩაკვეხებულ სამხედრო ატაშეებს, სხვადასხვა ენაზე მოჟღურტულე ჭრელა-ჭრულა ტურისტებს, მოკლედ ყველას, ვისაც კი ბოსფორის სრუტით აზიად და ევროპად გახლეჩილი ზორბა, ბებერი ისტანბული, კონსტანტინოპოლი, ცარგრადი, ძველი და ძლევამოსილი იმპერიების ერთი დედაქალაქი დაიტევს და ჩაიხუტებს, ბინასა და გასაქანს მისცემს...
ამ ჭრელ, ფულის შოვნისა და ხარჯვის ჟინით შეპყრობილ პუბლიკას თვით მურქაფაშ კარაპეტიანი გადმოსცქეროდა საკუთარი კაბინეტის სარკმლიდან, უძვირფასეს სპარსულ ხალიჩაზე მდგარი მუდამ არწივივით შემართული მურქაფაშ კარაპეტიანი. ოდესღაც სიდუხჭირის ორმოდან ამომძვრალ-ამოფოფხებული, მუხლჩაუხრელი და გაუტეხელი, ათათურქის თხუთმეტწლიანი მმართველობის დროს ხუთგზის გაკოტრებული და კვლავ ხუთგზის აცოცებული ფინანსურ ოლიმპზე. ლამის მხრებამდე გაზრდილ-გაშვებულ, უკუნი ღამესავით შავ, მაჯისსიმსხო ულვაშს იხვევდა გიშრისბეჭედწამოცმულ საჩვენებელ თითზე. კმაყოფილი იყო, რატომაც არა! ფული უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მისი ჯიბისკენ, რესტორაციის და შემდგომ რამდენიმე სამევახშეო კანტორის გავლით. თითქმის ნახევარ სტამბოლს მისი ვალი ჰქონდა, პორტის მინთანშემოხეული მუშით