ბალეტი ტროტუარზე ჩემი სახლის აივანი პირდაპირ გადაჰყურებს ორ-სამსართულიან სახლებს თავიანთი ფანჯრებითა და ამ ფანჯრებს მიღმა დამალული საინტერესო ისტორიებით; მანქანებით დატვირთულ ტრასას, რომელიც ღამღამობით ზედმეტად ხმაურიანადაც მეჩვენება ხოლმე; ამ ტრასის პირას მდებარე პატარა გასტრონომს, სადაც ადამიანები მუდამ ბედნიერ ღიმილს ჩუქნიან ერთმანეთს და ორ ვიწრო და სასაცილოდ დაკლაკნილ ტროტუარს. არ მინდა გეგონოს, რომ ხალხის თვალიერების მეტს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ჩემი სახლის აივნიდან ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა! განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი დღის ჩახუთულობა მზესთან ერთად სადღაც შორეთისაკენ ინაცვლებს და ქალაქში საღამოსათვის დამახასიათებელი რაღაც უცნაური სიმყუდროვე ისადგურებს. ამ დროს შემიძლია, ბოლო ხმაზე ავუწიო ჩემს საყვარელ Call Me-ს, კომფორტულად მოვკალათდე სავარძელში და, რამე გამაგრილებელი სასმელით ხელში, თამამად დავტკბე მეზობლებზე ჩემ მიერვე შეთხზული ლამაზ-ლამაზი ისტორიებით.
აივნიდან დანახული სამყარო არის ყველაზე ლამაზი და რეალური წარმოდგენა, რაც შეიძლება ადამიანმა იხილოს. როგორც ერთი გენიალური ავტორი იტყოდა, ეს არის „ ბალეტი ტროტუარზე ” და მეც, ბალეტისა და სილამაზის დიდი მოყვარული, სიხარულით ვიკავებ საპატიო ადგილს ლოჟაში. ვჯდები და ველოდები, როდის აიწევა ღამის თალხი ფარდა სცენიდან, როდის ჩამოკრავენ შორეული სიონის ზარები ცხოვრებისეული მელოდიის პირველ აკორდებს და როდის გამოიშლებიან ახალგაღვიძებული ადამიანები ტროტუარებზე.
ახლაც, სანამ აივანზე ცივ ტროპიკს ვწრუპავდი და ბოლო ხმაზე აწეული არეტა ფრანკლინით ლომის წვლილი შემქონდა სოლოლაკის ქუჩებისათვის დამახასიათებელ ხმაურში, ამაღლების თავზე გადმოკიდებული მზე მცხუნვარების პიკს აღწევდა. ეს ის დროა, როცა დიასახლისები საგულდაგულოდ სწევენ დარაბებს, ფანჯრებიდან კონდიციონერები იწყებენ წვეთას და გასტრონომიდან მოშლილი მაცივრის ხმა მოისმის.
პირველი გახდა თუ არა, ფანჯრებს მიღმა საოცარი სილუეტები აწრიალდნენ. ჯერ ვიღაც ელვის პრესლი გადმოდგა აივანზე, მთქნარებითა და თვალების ფშვნეტით, შემდეგ მეორე სართულის ფანჯრის მიღმა ბობ მარლის ორეულმა იწყო ბორიალი, ორიოდე წუთში კი აინშტაინის დიადი ვარცხნილობაც ვიხილეთ.
ცოტას ისეირნებენ ოთახიდან ოთახში, სიგარეტს გააბოლებენ, ნამწვების წვიმას მოაწყობენ აივნებიდან და უბანში გამოიშლებიან.
ეზოს გავხედე. საინტერესო არაფერი ხდებოდა. მშენებარე სახლის მეხუთე სართულზე ჩაფხუტიანი მუშები დაფუსფუსებდნენ. ბოსტნეულის გამყიდველს მეცხრამეტე საუკუნის არისტოკრატი ქალბატონივით მოემარჯვებინა ლურჯი, ფარშევანგიანი მარაო და დიდ განცხრომაში იყო. მზის სითბოთი განებივრებული პეგი კი ნებივრად გაშხლართულიყო შუა ტრასაზე და არად დაგიდევდა გაფიცხებული მძღოლების უწმაწურ შეძახილებს.
უცებ დავინახე, როგორ შემოუხვია საშუალო სიმაღლის შავგვრემანმა ბიჭმა, დიდი ნაბიჯებით სასაცილოდ რომ მოაბიჯებდა ტროტუარზე, ირგვლივ მიმოიხედა, შორიდან მიესალმა ნაცნობს და, სასხვათაშორისოდ, აივანზე მჯდომ თვალებგაფართოებულ გოგოსაც ამომხედა.
Oops! როგორ ვერ ვიცანი?!
ნება მიბოძე, წარმოგიდგინო ყველაზე ხიფათიანი, ყველაზე ცელქი, ყველაზე მხიარული და ყველაზე მექალთანე ბიჭი მსოფლიოში – ლუკა კილასონია, იგივე კილა.
– „ ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ, ” – წამიღიღინა ამაყად და ბირჟისაკენ გაეშურა, სადაც უკვე მოესწრო სოლოლაკის „ გენერალურ ასამბლეას ” შეკრება და სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებულიყვნენ ხის ძირას. მათი შემყურე პეგი, რომელიც ბირჟის სრულუფლებიანი წევრი გახლდათ, მედიდურად წამოდგა ადგილიდან, ბიჭების დანახვით გადიდგულებულმა გონორით გადმოჭრა ტრასა და კუდის ქიცინით მიუცუცქდათ ფეხებთან.
ორიოდე წუთში ჩემ გასწვრივ წითელი ფარდა შეინძრა. ვიღაც სულიერი მოუსვენრად აწრიალდა ოთახში. უჯრები გადააქოთა, საწოლის ქვეშ იძრომიალა, სამჯერ მაინც გაჩხრიკა შარვლის ჯიბეები და „ მალბოროს ” კოლოფით ხელში არხეინად გადმოეყუდა აივანზე. ჯერ თავხედურად გაუბოლა სიგარეტი სოლოლაკის ქედზე აღმართულ ქართლის დედას, შემდეგ ერთი-ორი ტკბილი სიტყვა ჩასძახა ქვემოთ მოწიწებით აყუდებულ რომეოებს, რომელთა მახვილი ენა „ ჯულიეტასავით გადმომდგარ ” ბიჭსაც მისწვდა და მცირეოდენი ლაყბობის შემდეგ ეზოში გამობრწყინდა.
– კიდევ კარგი, გადმოგვაფერთხა, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კილამ და მესამე სართულს ახედა, ნინა ბებია მთელი ტანით რომ გადმოწეულიყო ფანჯრიდან და სულს აძრობდა ჭიისაგან დაჭმულ ხალიჩებს.
ამბობენ, სახლში მთელი ანტიკვარიატი აქვს, მაგრამ რაც შვილი ამერიკაში წაუვიდა, ავეჯს უფრთხილდება და ოთახებში მხოლოდ მტვრის გადასაწმენდად შედისო. წარმოგიდგენია? მეშვიდე წელია საკუჭნაოში ცხოვრობს საწყალი. თუმცა ნინა ბებია იქით იყოს და პირველი სართულის იდუმალებით მოცულ ფანჯარას გავხედოთ, გახუნებული, სიძველისგან ჩამოძენძილი ფარდა წლების განმავლობაში პირველად რომ შეინძრა და გისოსებს მიღმა პატარა, ჩია ქალის ლანდი ამოიზარდა.
– შენ!.. – მოისმა ჩახლეჩილი ხმა.
ბიჭებმა გაკვირვებით გახედეს მათ წინ გაცოცხლებულ მოჩვენებას, ოთხმოც წელს გადაცილებული, უსუსური მოხუცებულის სახე რომ მიეღო და დაჟინებით იშვერდა თითს მარჯვნივ.
– მგონი შენ გეძახის, – მუჯლუგუნი წაჰკრეს ახალჩამოსულს.
– შეგიძლია, ერთი წუთით შემოხვიდე?
ბიჭმა უხალისოდ შეათვალიერა ფანჯრიდან მომზირალი პირქუში, მოჟამული ოთახი, სიმარტოვისა და სიცარიელის