რკინიგზის სადგურში, საიდანაც, შენონში ჩაფრენილი, დუბლინს უნდა გავმგზავრებულიყავი, როგორც წესიერ მგზავრს ეკადრება, გადავწყვიტე, ჩანთები შემნახველ საკანში დამებინავებინა და მატარებლის გასვლამდე პაწა ქალაქისათვის მომევლო თვალი. მე რომ ჩვენში საკნები მინახავს, იქ იმგვარი არ აღმოჩნდა. გარეგნულად კი ჰგავდა, მაგრამ ჩვენნაირებისაგან განსხვავებით აქაურ საკნებს ციფრული საკეტები არ ჰქონდა, მათ მაგივრად კარებში პატარა გასაღები იყო გაჩრილი. ერთ გასაღებს წავეპოტინე – არ გამოძვრა. ჰე,ჰე, უმალ მივხვდი. რა თქმა უნდა, სანამ ჩანთას არ ჩადებ და კარს არ გამოკეტავ, გასაღებიც არ გამოვა ბუდიდან. მერე კი ამოიღე, ჯიბეში ჩაუძახე და ატარე თან გულდამშვიდებულმა.
ასეა აქ, ევროპაში – ყოველივე იოლად და კარგად მუშაობს, ხალხის საკეთილდღეოდ.
ჩანთები კოხტად მოვათავსე, კარიც გამოვხურე, გასაღები გადავატრიალე, გამოვქაჩე... არ გამოძვრა. აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, ხომ არავინ მიყურებს- მეთქი და მაგრად დავეჭიდე – არც კი განძრეულა. მაშინ ვიფიქრე, ჯანდაბას ქალაქის ღირსშესანიშნაობანი, ჩემს ავლა-დიდებას გამოვიღებ და თავად დავუდარაჯდები-მეთქი. შენც არ მომიკვდე, გასაღები ახლა უკანაც აღარ ტრიალდებოდა. აშკარად ვიგრძენი, რომ ხალხურად როგორც ითქმის, ახლა „გავფსიხდებოდი“ და შეიძლება, ამ წყეული საკნისთვის მუშტებიც დამეშინა, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე და მეტ-ნაკლებად დინჯად ჩავუფიქრდი ჩემს „ტრაღიკულს“ მდგომარეობას. მეტად არ მსურდა, ვინმესთვის მეთხოვა შველა, რადგანაც ვხვდებოდი, რომ რაღაც უადვილესი რამ ვერ გამეგო და ამის სახალხოდ გაცხადება სულ არ მეპიტნავებოდა. უეცრად საკნის კუთხეში პატარა ჭრილს მოვკარი თვალი, რომლის ძირშიც წითლად იყო მიხატული ციფრი 50. აი, რაში ყოფილა საქმე. მე იდიოტს ფული არ ჩამიგდია და აბა, გასაღებს ვინ დამანებებდა. უმალ გავქანდი სადგურის ბუფეტისაკენ, ფუნტიანი დავახურდავე და ორ წამში უკვე მოზეიმე სახით კვლავ ჩემი მტანჯველი საკნის წინ ვიდექი. 50-პენსიანი აუჩქარებლად გადავუძახე ჭრილში, გასაღებს მოვქაჩე და... არა, არა! ეს შეუძლებელია, მას კვლავ ჯიუტად არ სურდა ბუდესთან განშორება.
– მიშველეეეთ! – ლამის გული გავუხეთქე ვიღაც უბედურ სადგურის მოხელეს, რომელიც მუხანათ იღბალს იქვე, ჩემს სიახლოვეს აეყუდებინა უსაქმოდ. რა გაგჭირვებიაო, მომვარდა დაფეთებული. რაღა რა გამჭირვებია, ღმერთი გაგახარებს, ერთი ამიხსენი, ეს ეშმაკის მანქანა როგორ მუშაობს-მეთქი, შევტირე. საკანს ახედა და გაეღიმა.