დროსტარება
ეს ბაღები თბილისელთა უსაყვარლესი თავშესაფარი გახლდათ ჩვენში გამეფებული ზაფხულის პაპანაქების დროს. ადგილი ეკუთვნოდა მოქალაქე ტერ შიმოვანოვს, რომელსაც, თავის მხრივ, იგი ეყიდნა დოსითეოს ფიცხელაურისგან. თუკი თბილისში ვინმე საპატიო სტუმარი ჩამობრძანდებოდა, სუფრას სწორედ აქ უშლიდნენ, თანაც, დროდადრო, ამ სტუმრის გასახალისებლად, გასაოცარ რამეებს იგონებდნენ. შუა ქეიფში წამოვიდოდა ნავი დასტით და მოქეიფეების პირდაპირ დადგებოდა. მოთავე დასძახებდა, წმინდა სანთლები აანთეთო. აინთებოდა ნავის გარშემო სანთლები, მერე ისევ დასძახებდა, გაშალეთ სუფრაო, ამის შემდეგ მიართმევდნენ თეფშს ზედ ოთხი ჭიქით, შესვამდა ოთხივეს დიდის მოლხენით და თავის ამხანაგს გადააწვდიდა.
ასეთი ნავის ადმირალი თითქმის ყოველთვის ბრძანდებოდა კუნძუა ყასაბი, რომელსაც ყოველდღიური სმა და დროსტარება ცხოვრების მთავარ საქმედ ჰქონდა გადაქცეული. სწორედ ამ კუნძუას შესცქეროდა შეკრებილი საზოგადოება და მის სიტყვას ელოდა. ოთხი ჭიქის დალევის შემდეგ კუნძუა ხელს შემართავდა, ეხლა მწვადები მოვიდესო. ამის გაგონებაზე ერთი მოქეიფე წყალში გადაეშვებოდა, ჯერ ჩაიკარგებოდა, მერე მძორივით ამოტივტივდებოდა ზედაპირზე, მოუსვამდა ვეება მკლავებს და ტიტველი ავიდოდა მიკიტნის დუქანთან. იქიდან ცხელ-ცხელ შამფურებს ცურვით მიიტანდა ნავამდე, ამხანაგებს გადააწოდებდა და ოთხ-ოთხი ჭიქის ჩამორიგებას თავიდან დაიწყებდა. ნაპირიდან გაგონილი მუსიკა მოქეიფეებზეც მოქმედებდა, სვამდნენ და ხშირ-ხშირად იძახდნენ: „ერთი კიდევ, გეთაყვა, ჯანუმ, გიურზუმ!“
თბილისური სუფრა თევზეულის გარეშე წარმოუდგენელი რამ გახლდათ. ამ საქმეზე თბილისში საგანგებო კაცები ჰყავდათ მიჩენილები. ბადით, კონით, ფაცრით, ნემსკავით, საფიჩხურით, ოჩხით იჭერდნენ მეთევზეები თევზებს და პატრონებთან მოჰქონდათ.
სხვაც ბევრი რამ ელაგა სუფრაზე:
ყველანაირი ფლავი, ბრინჯი ხორცთან ერთად მოხარშული, სხვადასხვა ფერისა და გემოვნების, ყვითელი ფერის შაქრით, დარიჩინითა და ზაფრანით, წითელი ბროწეულის წვენით, თეთრი სხვადასხვა საკმაზით შეზავებული.
მერე მოჰქონდათ კუპატები, ყაურმა, მომჟავოდ მოხრაკული ხორცი და სხვა ამგვარი საჭმელი. ცალკე მოჰქონდათ სამღვდელოებისთვის თევზი, კვერცხი და მწვანილი.
სუფრაზე ელაგა ას ოცამდე ღვინის სასმისი, ბადიები, თასები ყანწები, კულები, აზარფეშები. თავიდან ცოტას სვამდნენ, მხოლოდ მესამე თავი საჭმლის შემდეგ ხურდებოდნენ. ჩამოურიგებდნენ რვა კაცს ერთი ზომის თასებს, გაჰყოფდნენ შუაზე – თამადის აქეთ და თამადის იქით, მერე წამოდგებოდნენ ფეხზე და დასცლიდნენ სასმისებს. ჯერ მარჯვენა ოთხეული დასძახებდა: „ალავერდი“, შემდეგ მარცხენა უპასუხებდა: „იახშიოლ“ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდებოდნენ საკუთარ ადგილებს.
აბა, პურის გარეშე რა ქეიფია. თბილისში საქმე ასარჩევადაც კი იყო: მურასა, საგარეჯო, პირგაჭრილი, კაკალა, შოთის პური... პირველობა მაინც შოთის პურს ეჭირა, ეს კი თონეში ცხვებოდა. აქვე იყო სიფრიფანა ლავაში, რომელიც თბილისელთათვის საჭმელიც იყო, თეფშიც, საკვების გასახვევიც და ხელსახოციც.
შემოვიდნენ რუსები და გამართეს საკუთარი პურის საცხობი, იქვე, ერევნის მოედნის სიახლოვეს. ამას მოჰყვა ფრანგული ბულკები, რომელსაც თავიდან რუსი მებულკე აცხობდა და ფრანგულად ასაღებდა. ნამდვილი ფრანგები მერე გამოჩნდნენ, რომლებიც, როგორც ამბობდნენ, ცხობას ვერ აუდიოდნენ.
უცეცხლოდ, უფრო კი უნახშიროდ, კერძი ვერ დამზადდებოდა.
დუქანში, სახელოსნოში, ტრაქტირში, ყავახანაში, ოჯახში, მოკლედ ყველგან, იდგა ქურსი. მაყალზე თბილისელები სწვავდნენ უმთავრეს კერძს, სხვადასხვა მწვადსა და ნაირფერ ხორცის ნაჭრებს, ამ ყველაფერს კი ნახშირიც ბევრი უნდოდა. ზამთრობით ქალაქი ათას ტომრამდე ნახშირს მოიხმარდა. ეს ტომრები დაჰქონდათ სახედრებით, აქეთ-იქით გადაკიდებული ტომრებით, წონა ჰქონდა ერთი ფუთი, ხოლო ფასი იწყებოდა ოცდახუთი კაპიკიდან და ადიოდა ორმოც კაპიკამდე, ოღონდაც, ვერცხლის ფულით.
მენახშირეები იკრიბებოდნენ ვირის მოედანზე, შუა ბაზრის მახლობლად. ცხოვრობდნენ თბილისის გარეუბნებში და როცა არ ვაჭრობდნენ, ლოთობდნენ. ეს ხდებოდა ძირითადად საღამოთი, როდესაც გაუყიდავ ნახშირს სოლოლაკის მხარეს დააბინავებდნენ ნაცნობ-მეგობარ ხელოსანთა სათავსოებში.
ეს მუშა ხალხი იყვნენ დასავლეთ საქართველოდან გამოქცეული ყმები. შექმნილი ჰქონდათ პატარა ამხანაგობები, ხეებს სჭრიდნენ ქალაქიდან მოცილებით, იქვე სთხრიდნენ ორმოებს, სწვავდნენ ნახშირს და ფულსაც თანაბრად იყოფდნენ. არც ტყის მეპატრონეს ივიწყებდნენ, რომელსაც ერთ ორმოში კვირაში ტომარა ნახშირს აძლევდნენ.
გამოქცეულ ყმებს, იმავე მენახშირეებს, რა თქმა უნდა, ეძებდნენ. ტყე-ღრეში მოხეტიალე ხალხის ძებნა ჭირდა, დავიდარაბა მაშინ იწყებოდა, როდესაც ისინი ქალაქში გამოჩნდებოდნენ. ეს მუდამ გამურული, დაუბანელი ხალხი ნახევარი ცხოვრება ფულს აგროვებდა, რომ ოჯახს მოჰკიდებოდა. დავიდარაბაც აქედან იწყებოდა – შეიტყობდა მისი ბატონი და გამოსასყიდის მოთხოვნით თავზე დაადგებოდა. მეტი რა გზა იყო, მენახშირე წვალებით ბატონს გაისტუმრებდა, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველოდა: მალევე გამოჩნდებოდა მეორე, რომელსაც ეს მენახშირე სულაც არ ეკუთვნოდა, მაგრამ ისიც დაჟინებით ითხოვდა ფულს, თუმცა კი ვერაფერს ამტკიცებდა და ახირების გარდა, საბუთი არაფერი გააჩნდა. ატყდებოდა ჩხუბი, დავა, პოლიციაში ჩივილი, მტკიცება, გამიშვი-გამატარე და ხშირად ხელის შემორტყმაც. მთავრობა ბატონის მხარეს იჭერდა და მენახშირეს ხელმეორედ უწევდა ფულის გადახდა.
მაგრამ მოქეიფე კაცი სხვისი ვარამით როდის შეწუხებულა.